- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
დროა დავფიქრდე ჩემს მოვალეობაზე.
დროა დავფიქრდე იმაზე, რატომ არ ბზინავდა ჩემი ოჯახი.
ნამდვილად იმიტომ, რომ ვმუშაობდი.
ნამდვილად იმიტომ, რომ ლამაზი ვიყავი.
ნამდვილად იმიტომ, რომ ხმამაღლა ვლაპარაკობდი.
ნამდვილად იმიტომ, რომ თავი არ გავწირე.
სიყვარული კი, რატომღაც,
არ მეგონა ძილის წინ ხუთწუთიანი სექსი და დიდი სუპერმარკეტიდან ქმართან ერთად ამაყად გამოსვლა. სამოცდაათი შეკვრით.
არც ხელგადახვეული სიარული მეგონა სიყვარული,
როცა ორსულად ვიყავი,
არც გარემონტებული ბინა.
არც ორი ნაბიჯით ქმრის უკან სიარული.
იქნებ, ამიტომ ჩამოიშალა.
დროა, დავფიქრდე ჩემს მოვალეობაზე და დავიჯერო:
დაღლილი შეიძლება იყოს მხოლოდ ის.
მე კი წინსაფრის ჯიბეში ვიტენო
გაფენილი სარეცხი, ტაფაზე მიმწვარი თითი, ეჭვიანობის დოზები, მინაზე მიჭყლეტილი ცხვირი, ბავშვების პამპერსები, სერიალის ბედნიერი ფინალები
და ასე ვიცხოვრო -
მოთმენით და მორჩილებით - ამაში ცუდი არაფერია.
გააჩნია როგორ შეხედავ.
მე კი საიდანაც არ შევხედე, ყველა მხრიდან იგივე გამოჩნდა.
დროა, მე ვიყო თვრამეტჯერ უფრო თბილი (მაგრამ არა სექსუალური),
მაშინაც, როცა სხვისი სუნი ასდის,
და ოჯახს, როგორც მოყანყალებულ მაგიდას - ოთხად დაკეცილი ფურცელი,
ისე გავერჭო - დროებით სიმყარედ.
მე ასეთი ქვეშგაგება უნდა მომეწონოს.
საერთოდ, მუდმივად ქვეშყოფნა უნდა მომწონდეს.
ოთხშაბათს და პარასკევს არ უნდა მიყვარდეს,
თუ შემთხვევით მთვრალმა ხელი არ მომიფათურა.
მაგ დღეებში უნდა მოკრძალებით მოიშორო და ღმერთისკენ აახედო.
მან კი თქვას, ჩემი ცოლი ხარ, ღმერთს ვინ ეკითხება.
მერე კი სანთლები დავანთოთ. სიყვარული მოვინანიოთ.
დროა, ბედნიერი ვიყო თავგანწირვით,
რადგან მე, ღმერთმა, თუ მაინცდამაინც ამას დავუშვებთ,
მომცა ძუძუები და საშო.
მას კი უფრო აღმატებული ორგანოები.
დროა, თაყვანი ვცე მათ, რომ გავმრავლდე.
დროა დავბანო ფეხები,
და არასოდეს გამეპაროს თვალი უფრო ზემოთ.
და ვხედავდე ტერფიდან მუხლამდე და მკერდიდან შუბლამდე.
დანარჩენი სხეული სიბნელეში უნდა დავინახო.
დროა ამ სხეულზე ამოსული ჩემი თავი გველეშაპივით მომაჭრას,
რადგან თურმე ვერ ვეტევი.
დროა ის იყო მთავარი და მოიტანოს ფული.
მე კი ყოველდღე გავუწოდო სია - დღეს გვინდა პური, მაიონეზი, ზეთი, მწვანილი.
და სიის ბოლოს მოკრძალებით მივაწერო:
ჰიგიენური საფენი.
და ამით ვიყო ბედნიერი.
ალბათ დროა.
მაგრამ მე მახსოვს:
ერთხელ, კაცმა მართლა დამბანა ფეხები და მე მას ვუყვარდი.
ერთხელ მე ჩემს კაცს მართლა დავბანე ფეხები და მე ის მიყვარდა.
მაგ დროს არცერთს არ გვახსოვდა საღვთო წერილი.
მაგ დროს არც ერთს არ გვახსოვდა რომელიღაც დეკლარაცია.
და ჩვენ გვქონდა
ორი სხეული.
ორი თავი.
შესაბამისად, ოთხი ფეხი და ოთხი ხელი.
და ვეტეოდით.