• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სტრიები

×
Käthe Kollwitz, Call of Death, from the series Death, 1934
ავტორის გვერდი ანდრო დადიანი 30 ოქტომბერი, 2018 3504

 

*   შემოიჭირე თავზე სველი პირსახოცი როცა თავი გისკდება და ნუ იგრიხები ისე, თითქოს ათავებ. ჯერ ფინალამდე კიდევ შორია. სოდომის თავლაში იები ყვავის, ბუზები უნდა შემოვრეკო მკვდარი გვამიდან და ამოვშალო ეს ჩიტები ამ ჩემ ლექსებში. როცა ღრუბლები ქუხან ცაში ჩემო პატარავ, ზარბაზნები ლულებს მალავენ, შემოიჭირე თავზე პირსახოცი და მოემზადე.

 

*   ჰექტორი და ანდრომაქე 

ჰექტორი და ანდრომაქე 

ჰექტორი და ანდრომაქე 

ჰექტორი და ანდრომაქე

ჰექტორი და ანდრომაქე 

ჰექტორი და ანდრომაქე 

ჰექტორი და ანდრომაქე 

ჰექტორი და ანდრომაქე 

ჰექტორი და ანდრომაქე

 

*  ''ვეძებ სითბოს'' - განცხადებაა ქალაქში გაკრული, ქვემოთ განმცხადებლის ნომერი მონდომებით დაჭრილ ფურცელზე წერია და ყველა მათგანი ხელუხლებლად ფრიალებს ავტობუსების გაჩერებაზე. 

 

*  როდის გადმობრუნდები ჩემსკენ?! მენატრები.
როდის ამოშრება ეს მჟავე დრო?! მენატრები.
როდის იფეთქებს შენს ფეხებში ჩემი ყვავილი?! მენატრები.
ერთი ხელის გაწვდენაზე ხარ ჩემო მონატრებავ და მენატრები.
გაცოფებული ძაღლივით დავდევ საკუთარ ბედს გამოსაჭმელად და...

 

*  ''ვანკა სტანკაში'' გადავსახლდით და ჩვენი თავბრუდახვეული მოკუჭული თვალები, ნარწყევით სავსე პირები, ადღვებილი გონება ვეღარ ხვდება რომ დავიმსახურეთ ეს ლექსები რასაც გვიწერენ, დავიმსახურეთ ის სიმღერები რასაც გვიძღვნიან, დავიმსახურეთ ეს ქალაქი მცურავი ხეებით, ეს ჰაერი, ეს მზე მინის შენობებიდან ასხლეტილი და თუ ვინმეს არ მოწონს კიდევ უფრო ძლიერ მოხუჭოს თვალები, უფრო მეტი დაიგუბოს პირში ნარწყევი და თუ ვინმე უკმაყოფილოა იმით რაც მის ირგვლივ ხდება გაიხსენოს, რომ ვანკასტანკაა, რომელიც ვერ ჩერდება და ამ რწევაში შესაძლოა სრულიად არ იყოს იქ სადაც ჰგონია თავი და ამ რწევაში შეიძლება სულაც არ იყოს სათქმელი რასაც გრძნობს.

 

* ხორცის ძეგლებივით უნდა ვიდგეთ. ერთმანეთის წყურვილით ცრემლი, შარდი, განავალი, ოფლი ერთად მოგვდიოდეს სხეულიდან და ერთმანეთს ვერ ვწვდებოდეთ, საკუთარ უნიტაზად უნდა გვექცეს თავები, ჭიაყელებივით უნდა გადავსახლდეთ საკუთარ განავალში, ვერ უნდა მივწვდეთ ერთმანეთს და ეს სიშორე გვაწამებდეს, რადგან გვეკუთვნის ასე, დავიმსახურეთ.  

 

*  მოიცა, მოიცადე! ძილს მივატოვებ ახლავე და ცოლად გამოგყვები.

 

*  მამულიშვილური დუჟი სდის პირიდან გვამებს და პანთეონში მიერეკებიან დასაფლავად წმინდა სხეულებს. გაზაფხულობით ამ ქალაქში ბრძენებს მარხავენ და აღაფერი აღარ ამოდის მერე იმ სამარხებიდან.

 

*     უნდა აბრიყვებდეს ხელოვანი ადამიანებს.  აი პოეტი, ენის წვერზე უნდა იჩერებდეს სიტყვებს ბურთივით, ჰაერში ტყნავდეს რითმებს, რიტმებს და მეტაფორებს.  საკუთარი აზრის ტყვეობაში უნდა ხვევდეს დიდს და პატარას. სექსუალური და მოქნილი უნდა იყოს გამომცემლებთან,  აი რა არის ხელოვნება ჩემო პატარავ. 

 

*  ჰე, ან ჯვარს აცვი, ან ჯვარს ეცვი ახლა, ან რამე ქენი. მე ჩამოვიცვამ თავზე საზამთროს და გამოვჭამ, თუ ვერ გამოვჭამ დავწვები და დაველოდები, როდის შემოვა მისი მარცვლები ფესვებით და აყვავდება ჩრდილი ჩემს თავზე.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული