• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ქალი, რომელიც სხვას ჰგავდა

×
ავტორის გვერდი თაზო ნარიმანიძე 07 იანვარი, 2016 2587


1

გუშინ მთვრალმა ვიღაც გოგო ავიკიდე. არ ვიცი რაზე ვფიქრობდი, კი არადა, ვიცი რაზეც ვფიქრობდი და რასაც ვფიქრობდი ეგეც ვიცი და ეგ არის ყველაზე ცუდი, არა ყველაზე ცუდი ისაა, რომ რასაც ვფიქრობდი იმას ვშვებოდი ყველაზე ცუდ გოგოსთან.
დღეს როგორც ჩვეულებრივი, ისე მორალური პახმელია მქონდა. რაღაცეები არ მახსოვდა და როცა ტელეფონში მესიჯები ვნახე, მივხვდი რომ სექსი არ მქონია. გამიხარდა. შეიძლებოდა რამე დაავადება ამეკიდა-მეთქი. დავწყნარდი. ეგრე ვიცი ხოლმე, დავლევ და ვიღაც ყლექალებს ვიკიდებ. ამას წინათ მაგრად გადავრჩი, ჩვეულებრივად დავთვერი და ჩვეულებრივად ვიღაც ავადმყოფი მოვტყანი. მე შენ გეტყვი თავს ვიცავ თუ რა?! გამიმართლა რომ სუფთა აღმოჩნდა. გადარჩენით კი გადავრჩი, მაგრამ სანამ ანალიზებს ავიღებდი ჩემი დამემართა.  რაც ჩემმა ძმაკაცმა ეგრე ც-ე აიკიდა იმის მერე მაგრად მეშინია. უბრალოდ სიმთვრალეში შიში აღარ მახსოვს და ეგ არის უბედურება.
ამ მხრივ ეს გოგო არ მგონია საშიში ყოფილიყო, მაგრამ მისი ცოლად მოყვანა მინდა ეხლა?! გარყვნილ  და შეუხედავ ქალიშვილზე საშინელი ამ მქვეყნად მხოლოდ სოდიანი თბილი წყალია, გულის ასარევად რომ უნდა დალიო.
ლამაზი მაინც ყოფილიყო.
ვიფიქრე ისიც მთვრალი იყო და არ მგონია დათქმული შეხვედრა ახსოვდეს-მეთქი.
საწოლიდან თავი ძლივს ავწიე. ფხიზლად კი ვიყავი, მაგრამ სხეული არ მემორჩილებოდა. ცალკე პახმელია, ცალკე ძილის ნაკლებობა. პახმელიას კიდე მოუვლი კაცი, მაგრამ უძილობას მხოლოდ ძილი თუ უშველის. მერე სახსრების ტკივილი ხო შარად მაქვს აკიდებული. წადი ბიჭო ექიმთანო მეუბნებიან, მაშინ ანალიზებზე ძლივს წავედი და ეხლა ამ სახსრების გამო მივიდე ექიმთან?! მაგრად არ მიყვარს ეს ექიმები. მიხვალ ჯანმრთელი ადამიანი და ათას სისულელეს გეტყვიან, ეს გჭირს არ დალიო, ის გჭირს არ მოწიო, რომ გჭირს დაიძინე. თვითონ  სამედიცინო სპირტით აქვთ ორგანიზმი გაჟღენთილი და შენ ჭკუას გარიგებენ.

შაბათი იყო და სამსახური არ მანაღვლებდა. თან ყელში მაქვს ამოსული. ეს დედა აფეთქებული კინო სარეჟისორო დავამთავრე და იმის მაგივრად ფილმებს ვიღებდე, ვზივარ და სხვის ფილმებზე ვაკეთებ პოსტერებს. ჩემი საქმე მომწონს, ოღონდ ჩემთვის. არავის უსწავლებია გრაფიკული დიზაინი. უბრალოდ სტუდენტობის დროს დავამუღამე და ჩემთვის დავიწყე ალტერნატიული პოსტერების შექმნა. ჩემი საყვარელი თუ არა საყვარელი ფილების უამრავი პოსტერი მაქვს გაკეთებული, რომელსაც ერთ-ერთი ინტერნეტ კინო პორტალი, ჩვენს სტუდიას უკვეთავს. ხომ შეიძლება ჩემს ფილმზეც გამეკეთებინა? მაგრამ ჰა, სად არის?! დავამთავრე უნივერსტეტი და იმის მაგივრად წინ პერსპექტივა გადამშლოდა, უმუშევარი ხურდას ხურდაზე ვაწებებდი. მერე ჩემი მეგობრის დედამ ნახა ჩემი პოსტერები და ერთ-ერთ გამომცემლობასთან დამაკავშირა, მიდი შენი ნამუშევრებით, იქნებ წიგნის ყდის დიზაინერად აგიყვანონო. გამიხარდა. ხახვზე და პურზე მაინც აღარ ვიქნები-მეთქი და მივედი. იცით თქვენი ნამუშევრებიდან გამომდინარე ალბათ ჩვენი მიზერული ხელფასი არ დაგაკმაყოფილებთ, თან სიმართლე გითხრათ პოლიგრაფიულ ხარისხსაც აღარავინ აქცევს ყურადღებას, ისედაც რიკინ-რიკინით იყიდება წიგნებიო. კი დავეჭვდი, რიკინ-რიკინით თუ იყიდება ხალხს რატო არ ეტყობა-მეთქი, მაგრამ გავჩუმდი. მერე დაამატა, მთავარია რამით დაემუქრო მკითხველს და ეგ არისო, ამაზე კი აღარ გავჩუმდი და ჩავეძიე, მაგალითად სანამ ჩაძაღლდები ესენი წაიკითხე თუ გინდა მერე თქვან გარდაიცვალაო. ჩაძაღლდები ისეთი ზიზღით და სიმკაცრით თქვა, რომ ჟრუანტელმა დამიარა, ხოლო გარდაიცვლებიო-ს რომ ამბობდა რაღა აკაკის ბულბულისთვის და რაღა შობის გალობისთვის მოგესმინა. ბოლოს მადლობა გადამიხადა და დამშვიდობების დროს ორმოცდა ათ ტომეული ნახევარ ფასში შემომთავაზა - ჩაძაღლდი ან გარდაიცვალეო.
 
გამომცემლობიდან გამოსული, კარგა ხანს დაბნეული ვიყავი. ვერ გამერკვია ტიმ ბარტონის პერსონაჟს ვესაუბრე თუ ჰიჩკოკმა დატოვა ანდერძად.

იმედ გაცრუებული სახლში დავბრუნდი და რამდენიმე თვიანი ლოთობის შემდეგ, Facebook-ზე მომწერეს, თქვენი, თქვენი არა, შენი პოსტერები ვნახეთ, მოგვეწონა, დავინტერესდით და იქნებ შევხვდეთო. კი ვიფიქრე გამომცემლობაზე მეტი რა უნდა შემომთავაზონ, მაინც დიზაინ სტუდიოა და რაღაც ფალაერების კეთებაში თუ აიღებენ კაპიკებს-მეთქი. მაგრამ მაინც შევხვდი და არც თუ ისე ცუდი პირობები შემომთავაზეს. თვეში მინიმუმ 5-7 პოსტერი უნდა გამეკეთებინა იმ ფილმებზე, რომლებსაც გადმომიგზავნიდნენ, ძირითადად პოპულარული და თან საავტორო ფილმები იქნებოდა. მაგალითად ნოლანი და კიდე ვინმე ჩობანი, რომელსაც გენიოსად ჩათვლიდნენ. ჩემი რა მიდიოდა?  დაახლოებით 3-4 დღე მქონდა ერთი პოსტერისთვის, შემეძლო სახლში მემუშავა და პარასკევს ბარშიც დამელია მეგობრებთან ერთად. კომუნალურებსაც გადავიხდიდი და ამ "სტუდენტური ცხოვრების" ჩარჩოსაც მოვიცილებდი.
   
2

სახლის კარი რო გავაღე, რაღაც ფურცელი აფრიალდა და ძირს დაეცა. თავიდან ქვითარი მეგონა და შიშნარევი ინტერესით ავიღე, ნეტა რამდენი უნდა გადავიხადო-მეთქი. მაგრამ ჰოი საოცრება! წერილი დამხვდა. რა დასამალია და გამიხარდა, ოცდამეერთე საუკუნეში წერილი მომწერეს-მეთქი. გავხსენი ორად მოკეცილი, ბანძი თაბახი და წავიკითხე:
ღამის სამზე რომ მოდიხართ ახალგაზრდავ, ნუ ბრაგუნობთ მაინც!
აშკარდ სიმთვრალე მქონდა გამოყოლილი, თან პატივისცემის ნიშნადაც ჩავთვალე რომ პასუხი უნდა მიმეწერა. ამოვბრუნდი და დავწერე, ჯერ შავი ვარიანტი, მერე გადავათეთრე:
გამარჯობა! იქნებ დამიკონკრეტოთ ბრაგუნში რას გულისხმობთ, რადგან სხვენში ვცხოვრობ და რომელი მეზობელიც არ უნდა იყოთ, ვერ შეგაწუხებთ. ბოდიში განვლილისთვის.
დავკეცე წერილი და სადარბაზოში გამოსაჩენ ადგილას მივაწებე ქაღალდის წებოთი, მართლა მქონდა სიმთვრალე გამოყოლილი თორე ქაღალდის წებოს ნამდვილად არ გამოვიყენებდი.
იქვე კაფეში ჩიხირთმისთვის გადავედი. უცნაურია კაფეში ჩიხირთმა, მაგრამ კაფესაც ხო გააჩნია?
ჩემი მეგობარი, გარეწარი იოანე მოვიდა. ბოდიში რა დამაგვიანდა, ვიღაც სირი ტაქსისტი შემხვდაო.
მე ჩემს პაემანზე ვუთხარი და დახმარება ვთხოვე, რამე მითხარი რომ ეს გოგო მოვიშორო-მეთქი. საღამოს ჩვენი სერიალის დახურული ჩვენებაა და იქ უნდა წავიდე, წამოდი შენც იქნებ ვინმეს მაინც გაუსწორდეს ჩემი ნამუშევარი, თორე ზოგად შეცდომებზე ხალხი იმდენს იჯმევინება თავი მეც სირი მგონიაო.
კარგი მაგას მოვიმიზეზებ და იქნებ დახურულმა ჩვენებამ გაჭრას და  მარტო გამოვიპარო-მეთქი.
ჩემი მეგობარი იოანე ტელევიზიაში სცენარისტად მუშაობს. ეგეც ჩემი არ იყოს დროს კარგავს და თავისი ოცნებები აქვს - ფილმის გადაღება უნდა. უბრალოდ ცოტას უბერავს.
ამას დავლევ და მერე მაგარი რამე უნდა გითხრა. - იაგერზე მითხრა და დასალევად მოემზადა.
აბა, რა ხდება?
ბიჭო, აი ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ, სად მიდიან ისინი?
რელიგიურ ამბავში მეკითხები?
რელიგია ვიცი რასაც ამბობს, მაგრამ სხვა კუთხით რო შეხედო ამ საკითხს - თვალები აენთო - ის ადამიანები რომლებმაც დატოვეს დედამიწა, ხო მიდიან სადმე?
მე რა ვიცი. ან სამოთხეში ან ჯოჯოხეთში. ან საერთოდ არსად.
ეხლა ნახე, დიდი აფეთქება და ბიბლია წარმოიდგინე, იყო აფეთქება, იქმნას ნათელი.
მერე?
ხო და წარმოიდგინე, სამოთხის ან ჯოჯოხეთის იგივე ალტერნატივა, როგორიც დაბადებას აქვს?
ვერ წარმოვიდგენ.
რატო?
მეზარება და იმიტომ.
ნახე, თუ არ არის სამოთხე და თუ არ არის ჯოჯოხეთი და მეცნიერულად ენერგიის გვჯერა, რომელსაც ადამიანი ატარებს და არა მხოლოდ ადამიანი, ეს ენერგია, ანუ სული სადღაც უნდა დამკვიდრდეს, ხო?
მერე?
უცხო პლანეტელების გჯერა?
ბიჭო პახმელიაზე ვარ, ვცდილობ გამოვიდე, შენ კიდე რაზე მელაპარაკები?
მაგარ რამეს გეუბნები, წარმოიდგინე ის უცხო პლანეტელები ეს გარდაცვლილი ადამიანები არიან, ოღონდ ტრანსფორმირებულები. ანუ ის ენერგია რომელიც მათ ჰქონდათ არ დაკარგულა და სხვა ფორმა მიიღო, ან იგივე ფორმა დარჩა, რას გაიგებ მაინც არავის უნახავს.
როგორც თეორია შეიძლება რაღაც ლოგიკა იყოს, ისიც ჩემი ეხლანდელი მდგომარეობიდან.
ორი დღეა ამაზე ვფიქრობ, აუ წარმოიდგინე, რო მოფრინდნენ ფრინავი თეფშით და გვითხრან, უნდა დაგიპყროთო და მერე ვიღაც სუპერ-ბუპერ სირი რო გაიჩითება ადამიანების გმირი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს კაცობრიობა და მათთან შეხვედრისას რო აღმოაჩენს ბრძოლაში თავის სიმამრს, რომელიც ჰე ჰეე ათი წლის მკვდარია. - დამთავრებული არ ჰქონდა წინადადება სიცილით რომ მოკვდა.
მემგონი შენ კომიქსებმა და სამეცნიერო ფანტასტიკის ყურებამ დაგაქლიავა. - გულწრფელად ვუთხარი.
აი ეს ვიხუმრე, მაგრამ მართლა ვამბობ.
არ მაქვს არანაირი წარმოდგენა, არც  ასტროფიზიკის გამეგება რამე  და ჰაერზე როგორ გითხრა რამე? თან ისეთ პახმელიაზე ვარ, სახე მაქვს ახეული.
მე ხო ვასკვლავებს ვწყვეტ რა...
აუფ, სხვანაირად მაინც გეთქვა, ხო ცდილობ მაინც?
კაი, ცუდად ხარ ეხლა, მერე ვილაპარაკოთ ამაზე, ჩაჩურთე ის გოგო?
არა რა ჩავჩურთე, კიდევ კარგი. ბოლოს მეკიდებოდა სადაც წახვალ მეც წამიყვანეო და როგორ გამოვძვერი არ მახსოვს.
სად იპოვე?
შენს ძმობას ვფიცავარ თუ მახსოვდეს, ერთი ის მახსოვს ჯერ ადრეა და ესეთი მთვრალი რატო ვარ-მეთქი ვიფიქრე და მერე მაგასთან ერთად სხვადასხვა ბარის ინტერიერი კადრებად მახსოვს. ოღონდ ეგრე როგორ დავთვერი მართლა ვერ ვხვდები.
დაგადუყლუყეს?
გააჯვი რა, შენღა მაკლიხარ.
კაი ხო, ვხუმრობ. მართლა მოდი რა დღეს პრემიერაზე, ჩვენებიც იქნებიან.
აბა ჩვენები?
რავი რა, კინოშნიკები.
როდიდან არიან ეგენი ჩვენები, მითუმეტეს ჩემები და ტელევიზიონშიკი კინოშნიკების კიდე არ მწამს.
ეე კაი რა ატრაკებ ეხლა, ეგრე კინოშნიკებიც მიდიან ტელევიზიაში.
რა მოიგონე?
ხო რა, აი კოენები აიღე ძმაო, სერიალს აკეთებენ.
მერე ქართული ტელევიზია ეგეთია? - ქართული ესტრადა არ იცი გოგო?
ხო მარა, მე ხო ვარ კინოშნიკი, ჩემნაირი ბევრი მოვა, კაი კაცი ჩარტყმა კაცი.
რომელზეა ჩვენება, დახურული როა შემოვალ?
ოქრო! მე რისთვის ვარ იქ? 9-ზეა. სალაროში იქნება მოსაწვევი ჩემს სახელზე. სამ საათში რა.
ოღონდ იქ მარტო არ დამტოვო რა, არავის არ ვიცნობ.
კაი რა, რა მარტო. თან გაგაცნობ ხალხს, ხო იცი კონტაქტები ყველაფერია.
ეგ ფრაზა თვალებ მოჭუტულს და ოდნავ ბოხი ხმით რომ გეთქვა კიდე დავიჯერებდი, ან ხელს გაგარტყამდი.
ჰე ჰე - ჩაიცინა.

მაიტა ერთი-ორიც დავლიოთ და წავედი, ახალი სერიის სინოფსისი მაქვს დასაწერი და ფხიზელმა ჩემმა მტერმა უსმინა რეჟისორის იდეებსო.
გარეწარი იოანე ჩემი არა ერთადერთი, მაგრამ კარგი მეგობარია. ცოტას რომ არ უბერავდეს საუკეთესოც იქნებოდა, მაგრამ იდეალური ჰა სად არის და ვინ არის?   ერთი მეზობელი მყავდა იდეალური და იმასაც განგრენა წაუვიდა და ფეხი მოაჭრეს.

3

მთვრალზე რო ულამაზო გეჩვენება კაცს, ფხიზელზე რა იქნება?
გარეწარი იოანეს წასვლის შემდეგ ისევ ბართან გადავჯექი.
ყავამ და სამმა იაგერმა გონზე მომიყვანა, ვიფიქრე მთავარია ეხლა ეს მდგომარეობა შევინარჩუნო. არ დავთვრე თორე ამ გოგოს ან მე ვერ გადავურჩები ან  ის ვერ გადამირჩება-მეთქი.
როგორც იქნა მოვიდა და ჩემი მოლოდინი ორმაგად გამართლდა.
პალტო გაიხადა თუ არა, მისმა სვიტრმა თვალებში მომანათა, წარწერით: “სიყვარული”. ბლიად ბედი ხო გინდა არა? თან რამხელა და რა ცუდი შრიფტით იყო დაწერილი... პირდაპირ მკერდზე. რას დალევ-მეთქი უნდა მეთქვა, რომ ეგრევე მაჯახა, ჩემთან სექსი თუ გინდა ჩათვალე ტყუილად ირჯებიო. მერე დაამატა ეს "ირჯები" რა უხერხული სიტყვააო. არა, რას ამბობ, ეგ როგორ იფიქრე... მაგას როგორ გაკადრებ-მეთქი. ძალიან გამიხარდა, მივხვდი რასაც ვეტყოდი ყველაფერზე თავს დამიქნევდა. შენ ისეთი გოგო ხარ ჩაის დალევ და ცოტას ვისაუბრებთ-მეთქი. მართალია, გამოიცანიო და სახე გაუბრწყინდა. პიტერ პენზე რა აზრის ხარო და ტელეფონზე დაყენებული ვოლფეიფერი მაჩვენა. ვახ! ცოტა დავიბენი. რა ვიცი არ მომწონს ან რატო უნდა მომწონდეს-მეთქი. მე ძალიან მიყვარსო, შენ თუ გიყვარს მულტფილმებიო? კი მიყვარს მაგრამ არ ვარ დარწმუნებული შენ ეგ ფილმები იცოდე-მეთქი. მოკლედ მერე მამამისზე მელაპარაკა, მერე თვითონ ელაპარაკა, მოვედიო კარგად ვარო და კარგი ბიჭიაო. მერე პერსონალზე თქვა არ მომწონს ეს ხალხი უნცაურად მიყურებენო. მერე მე ვუთხარი 5 წლის ბავშვის ტვინი გაქვს-მეთქი და გაუხარდა. ვახ! ეგრევე საათს დავხედე და ჩემს მეგობარს, გარეწარ იოანეს დავურეკე. იოანემ შენ მიდი კინოში და მეც მოვალო, ამას ვუთხარი, ბოდიში უნდა გავიდე საქმე მაქვს-მეთქი. გადავიხადე.
გაცილების დროს მითხრა, მეც წამოვალო.
ტაქსი გავაჩერე და გავუშვი, მოვატყუე ჯერ სახლში უნდა წავიდე, სახატავი ნივთები ავიღო, თან იქ საქმიანი შეხვედრაა და უცხო ადამიანიბის დასწრება არ შეიძლება-მეთქი.
თვალს როგორც კი მოეფარა, უკან კაფეში შევბრუნდი. გეხვეწებით მიშველეთ, ტეკილა დამისხით აზრზე მოვალ-მეთქი.
პრემიერამდე კიდევ ორო ტეკილა დავლიე და სიმთვრალის ზღვარზე მყოფი კინოში წავედი.
როგორც ველოდი, იოანემ დააგვიანა, გარეწარია და მაგიტომ.
შესასვლელთან ბევრი ხალხი აღმოჩნდა. აქეთ-იქით ვიარე, რომ ვინმე ნაცნობი მეპოვნა. ეს გარეწარი კიდე ამბობდა "ჩვენები კინოშნიკები" იქნებიანო. ვერავინ ვერ ვნახე და მერე მოსაწევთან დავდექი. უცბად ვიღაც მომვარდა და ჩამეხუტა. როგორ ხარ როგორ მომენატრეო. ავიხედე და ჩემი მეგობარი ნინა აღმოჩნდა, რომელთანაც სტუდენტობიდან დღემდე ვმეგობრობ.
ისეთი ბედნიერი ვიყავი, რო იოანეზე მოფიქრებული გინებებიც კი დამავიწყდა.
მთავარი და უფრო მნიშვნელოვანი ის იყო რო მეგობარი ვიპოვე. გამოვკითხეთ ერთმანეთს ამბები და გავარკვიე რომ მეგობარს მოყვა, რომელიც ეპიზოდურ როლში გადაიღეს ამ სერიალში.
ეს ჩემი მეგობარია ალმადოვარის ქალს რომ გავს, ესეც ჩემი მეგობარია. - ორივეს მოგვმართა. რომ შევხედე, მის მეგობარს, ალმოდოვარს რახანც ვერ ვიტან, უფრო მელამაზა.
გამარჯობა. - ვუთხარი და ხელი გავუწოდე.
გამარჯობა, მარიამი.
მშვენიერი. - თავზე დიდი შლაპა ეხურა და სულ შავებში იყო. ოდნავ მოვკარი მის სახეს თვალი და რაღაც უჩვეულოდ კარგად ვიგრძენი თავი. თან ერთ მხარეს ჰქონდა გრძელი, ტალღოვანი თმა გადაწეული და ყელის მეორე მხარეს მყესები ეტყობოდა.
როგორც თეატრში ზარი რეკს, ისე გაიძახოდა რეჟისორი, დროა შევიდეთო. ამაზე მხოლოდ მე მეღიმებოდა. იოანე კი ისევ არ ჩანდა.
რათქმაუნდა თავი გამოვიდე და ერთად დავსხედით.
პალტო რომ გაიხადა და ქუდიც მოიძრო, თვალები მასზზე დამრჩა.
ლამაზი იყო.
ჩვენს შორის ჩემი მეგობარი იჯდა და მასთან ურთიერთობას ვერ ვახერხებდი.
სერიალი დამთავრდა თუ არა, ყველა მოსაწევად გარეთ გამოვიდა. ერთმანეთს ულოცავდნენ. რა კარგი იყავი, არა შენ უფრო კარგი იყავი; აუ ის რა მაგარი კადრი იყო რო ტრიალებდაო. რა ტრიალებდაო? აი ისო, დასაწყისშიო. აუ ეგ გავმაზე, მაგ დროს პოპკორნი დამეყარა და სკამებში ჩავძვერიო. ჰაჰაო.
მოკლედ ბევრი არა გულწრფელი შეფასება.
იოანე ვიღაც ტიპს ელაპარაკებოდა. მივუახლოვდი. უკან მარიამიც მომყვა. იოანემ შეგვამჩნია და იმ ტიპს რომ დაემშვიდობა, მომიტრიალდა, ბოდიში რა დამაგვიანდა, ვიღაც სირი ტაქსისტი შემხვდაო.
სულ ამას რატო ხვდება სირი ტაქსისტები?
გაიცანი ეს მარიამია, ჩემი მეგობრის მეგობარი, რომელიც შენი მეგობრის მეგობარიც არის-მეთქი. დაიბნა, რა რთულად მელაპარაკებიო. მერე ნინაც გამოჩნდა და იოანესთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ერთმანეთს ჩაეხუტნენ და როგორც ჩვეულებრივ ხდება, ერთი-ორი მოკითხვაც გადაუგდეს ერთმანეთს.
მარიამს თვალს არ ვაშორებდი. ყოველშემთხვევაში შესაძლებლობა როგორც კი მქონდა მაშინვე დაკვირვებას ვიწყებდი. ჩემთვის ვფიქრობდი, დიდი ხანია ესე არც ერთ გოგოს არ დავუინტერესებივარ-მეთქი. ინტერესი ვიზუალური იყო, რაც ჩემთვის უკვე რაღაცას ნიშნავს, რადგან სტუდენტობის მერე, არ ვიცი რა დამემართა, თითქმის არავინ მომწონებია.
რამის გაფუჭება შეიძლებაო მე და ნინა ავტყდით. იოანეც შემოვიწოვეთ და კიდე რამდენიმე ნაცნობიც. ჩემთან ავიდეთ, ვიყიდოთ სასმელი და წყნარად მოვსხდეთ-მეთქი.  ავიდეთო.
ვსვამდით.
მარიამი თავიდან თითქმის არ ლაპარაკობდა. პუფში იჯდა და თავი ტელეფონში ჰქონდა ჩარგული. როგორ გინდა გაიცნო გოგო, რომელიც არ ლაპარაკობს?
ვიფიქრე, ცოტას დალევს, მოეშვება და კონტაქტშიც შემოვა-მეთქი.
რამდენჯერაც სასმელი შევთავაზე, იმდენჯერ თავის ჭიქაზე მიმანიშნა, ჯერ კიდევ მისხიაო. რამ მაყიდინა მოსაწრუპი ვისკი? მაგრამ არაყიც რომ მქონოდა, დარწმუნებული ვარ წვენში გააზავებდა და მასაც ნელ-ნელა დალევდა.
ცოტა რო შევხურდით, იოანეს შევატყე, საუბარს ისევ კოსმოსზზე და უცხო პლანეტელებზე იწყებდა. მეო, უცხო პლანეტელების და გენდერული თანასწორობის მჯერაო, გაკვირვებული სახეები რო დაინახა დაამატა, არა, უცხო პლანეტელების უფრო მჯერაო. ჰე ჰეო. მარიამს უნდოდა საუბრის დაწყება, მაგრამ, როგორც მივხვდი, არც მისთვის იყო ციური სხეულები საინტერესო.  მერე ვიღაც ტიპმა სცადა იოანეს გაჩუმება, ბათუმელი ვარ და ბარაბულკა თუ გაგისინჯავთო. არც ბარაბულკათი დაინტერესებულა ჩემი ინტერესის ობიექტი და ისევ მე გავაგრძელე საუბარი. ვუთხარი ეკრანზე უფრო მსხვილი ჩანდი-მეთქი. მინდოდა კომპლიმენტი მეთქვა, რომ ცხოვრებაში გამხდარი და მშვენიერი იყო. მაგრამ ამის ახსნა უკვე გვიანი იყო. ვაიმე მართლაო? ძალიან შეწუხდა. ვამბობ, რომ პუტკუნა ვარ და არავინ მიჯერებს, აქეთ მეჩხუბებიან ჭამე რამე, თავს ნუ იავადებო. ჩემთვის ვფიქრობდი, რა მინდოდა, რას ვბოდიალობდი შემოვლითი გზებით, მეთქვა რა პირდაპირ რისი თქმაც მინდოდა.
რა უნდა მექნა?
მაგის თქმა არ მინდოდა, უბრალოდ ცუდად გაგანათეს და შესაბამისად გადაღებულიც არ ვარგოდა და ამის ბრალია-მეთქი. ვითომო? კი, მათლა არ ხარ პუტკუნა, ძალიან კარგ ფორმაში ხარ-მეთქი.
სიტუაცია გამოვასწორე.
სანამ რამეს ვიტყოდი, ჯერ იმდენს ვფიქრობდი და ვაანალიზებდი, რომ რამდეჯერმე კომენტარის გაკეთება მის საუბარზე, მოშნად დავაგვიანე.
მერე პიცა გამოვიძახეთ და კურიერის დასახვედრად სადარბაზოში გავედი. ფეხი ამისრიალდა. კიბის თავში რომ დავეცი, თავი ვეღარ შევიმაგრე და სრიალით ბოლოში ჩავედი. ხმაურზე, მეზობელი გამოვიდა და ძირს დაგდებული რომ დამინახა, შეშფოთდა, ხო კარგად ხარო. მერე კი მივხვდი, ალბათ ბრაგუნში ეს იგულისხმა წერილის ავტორმა და ის მეზობელიც ეს კაცი იქნება-მეთქი. ბოდიშიო წერილისთვისო. ძალიან მოხუცი მამა მყავს და ცოტა კარგად ვერ არის, ხო იცი მოხუცების ამბავი, თან ყურადღებასაც ვერ ვაქცევ, რამე ცუდი ხო არ მოგწერა, შენი დატოვებული წერილი ვნახეო. არა, რა ბოდიში. უბრალოდ ნუ ბრაგუნობო ეგ ეწერა-მეთქი. მაპატიე კიდევ ერთხელ, მართლა არ გვაწუხებს შენი ბრაგუნი და არც გაგვიგია, ამას თუ არ ჩავთვლიო და გამიღიმა. კარგით-მეთქი დავემშვიდობე და კურიერს ფული გადავუხადე.
უგემური პიცა იყო.

4

დილით რო გავიღვიძე ხელი მტკიოდა. თავიდან გამოუძინებლობას დავაბრალე, მაგრამ სამზარეულოში პიცის ყუთები რომ დავინახე ყველაფერი გამახსენდა.
მიუხედავად პახმელიისა თავს კარგად და ბედნიერად ვგრძნობდი. ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეცვლილიყო, რომელსაც ჯერ სახელს ვერ ვარქმევდი. იოანეს რომ ეკითხა, რა გიხარია შე უბედუროო ვერაფერს ვუპასუხებდი.
სამსახურში წასვლაც კი მომინდა და როდესაც დილის პროცედურებს მოვრჩი, მერეღა გამახსენდა, რომ კვირა იყო.
ვიფიქრე, ეხლა არავინ იქნება ოფისში და თავისუფლად წავიმუშავებ, თან ფეხითაც ცოტას გავისეირნებ-მეთქი.
საჩიხირთმო კაფეს გვერდით რომ ჩავუარე, პახმელიის მკურნალობა აზრადაც არ მომსვლია. თან ამინდიც გემრიელი იყო და დალევის სურვილიც ნაკლები.
ფეხით ალბათ ოც წუთს ვიარე. გზად საინტერესო დეტალებს, ადამიანებს, სცენებს ვეძებდი, რომელიც მომავალში რამეში გამომადგებოდა და თუ არ გამომადგებოდა, სეირნობას მაინც გახდიდა საინტერესოს. რომ ვთქვა, რომ რამე საინტერესოს წავაწყდი-მეთქი არ იქნება სიმართლე. ხანდახან ეს ქალაქი მართლა იმდენად უინტერესო და მოსაწყენია, რომ ადამიანის ენთუზიაზმს წამში ანადგურებს.
ჩემი ენთუზიაზმი ახალგაზრდა იყო, რისი მოსპობაც ამ ქალაქს არ შეეძლო. მხოლოდ იმ ქალს თუ შეეძლო, განწყობის გაფუჭება რომელიც თვითონვე მომიტანა. ქალის მოტანილს ქალივე წაიღებსო?
კომპიუტერთან ვიჯექი და ფილმების სიას ვკითხულობდი. თვის დასაწყისი და პრემიერები იყო.
ერთ-ერთი ანიმაცია ავარჩიე. ჩანახატების გაკეთება დავიწყე. მაინც ნანახი მაქვს ეს მულტფილმი და ფორმებიდან მოვა იდეა-მეთქი. ჩეულებრივი დისნეის მორიგი მულტფილმი იყო, რაღა მორიგი, რამდენი ხანია ანიმაციური ფილმი არ გაუკეთებიათ. შესცეს ამ ტიმ ბარტონის და ვერბინსკის ზღაპრულ ფილმებს.
რამდენიმე ჩანახატის გაკეთების მერე, ჩემმა მეგობარმა ამერიკიდან მომწერა, რას შვები, რა ხდება შენსკენო. ყველაფერი ვუთხარი რაც იმ ბოლო თვეს ხდებოდა ჩემს თავს და მერე საქმეზე გადავიდა. რამე სცენარი არ გაქვს, ვაპირებ მალე ჩამოსვლას და იქნებ კინო ცენტრში შევაგდოთ, უბრალოდ მანამდე რაღაც რეკლამების პონტი გავაძრე და დავცხოთო. ჩემთვის დღე კარგად დაიწყო, აი ეს ამბავიც უფრო ხაზსს უსვამს ამ პოზიტივს-მეთქი.  ჩემი ენთუზიაზმი გაორმაგდა და იმდენად ავჟიტირდი, რომ სამსახურეობრივი მოვალეობები გადამავიწყდა. ჩანახატების გაკეთებას შევეშვი და ჩემს მეგობართან საუბარში ჩავეშვი. ეს ის მეგობარია, ვანიერი, რომლის დედამაც გამომცემლობაში გამაგზავნა, თვითონ ნიუ იორკში გააგრძელა სწავლა კინოს ამბავში.
ვუთხარი, რომ სცენარი არა მაგრამ იდეები მქონდა და თუ ამ საქმეში დამეხმარებოდა, ერთს კი არა ათს დავწერდი. ამ კვირაში არა და იქით კვირას მანდ ვიქნებიო.
არ ვიცი, გაკვირვება, სიხარული, გამოსირება თუ რა ვუწოდო ჩემს მდგომარეობას, ერთი ის გავაანალიზე რომ ამ ყველაფერს იმ მომენტში საზღვარი არ ჰქონდა.
ვიფიქრე, ასე იდეალურად როგორ შეიძლება ყველაფერი შემოტრიალდეს, ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა-მეთქი. მერე ისევ მარიამის გაცნობას დავუკავშირე ყველაფერი. მოვიდა, თავი მომაწონა. მეორე დღე ბედნიერებით დამიმუხტა და წარმატების შანსიც მაჩუქა-მეთქი. ეს ყველაფერი დაუჯერებლად მეჩვენებოდა. მინდოდა სხვისთვის გამეზიარებინა შეგრძნებები, რომ ამ ყველაფრის რეალურობაში დავრწმუნებულიყავი. Facebook-ზე მარიამს მივწერე. მარიამმა მიპასუხა, რომ არ მგონია შენი დღევანდელი სიახლეების და ბედნიერების მიზეზი მე ვიყოო. დავარწმუნე, რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა და თუნდაც მადლიერების ნიშნად კინოში ჩემთან ერთად წამოსულიყო. მითხრა რომ ეს დღეები არ ეცლა და პარასკევისთვის დიდი სიამოვნებით ნახავდა რამე კარგ ფილმს. ამის წაკითხვა და ჩემი მეცხრე არ ვიცი, მაგრამ ცისკენ ახტომა ერთი იყო, სიხარულისგან ტაში ისე ძლიერად შემოვკარი, რომ სიმწრისგან თვალები ამიწყლიანდა. ამ დროს ჩვენი ოფისის დაცვა შემოვიდა ოთახში და აცრემლებული რომ დამინახა, დაიბნა. მერეღა გამახსენდა რომ ხელი მქონდა ნატკენი, მაგრამ ახსნის თავი არ მქონდა. ალერგია მაქვს მტვერზე-მეთქი მოვატყუე.
სახლისკენ ისევ ფეხით წამოვედი. გზაში პატარა გოგომ გამაჩერა, ეხლა ლიმონკა უნდა ავაფეთქო და არ შეგეშინდესო.

5

დილით პახმელიაზე არ ვყოფილვარ. მარიამთან მქონდა საღამოს პაემანი და თავს მივხედე.
მეექვსე დღე იყო რაც ფხიზლად ვიყავი და თავს მშვენივრად ვგრძნობდი. ადამიანს რომ მოტივაცია გაქვს და დასახული მიზნისკენ მიდიხარ, საერთოდ სხვანაირად იწყებ შენი ცხოვრების აღქმას. ხანდახან ჩემი თავის მიკვირდა, ესე რამ დამაქლიავა-მეთქი. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლებით შვიდი-რვა წელია ესეთ ეიფორიაში არ ვყოფილვარ. ცუდი ის არის, რომ იმ აზრს ვუშვებ რომ მას საერთოდ არ ვაინტერესებ. ამ დროს საშინელი გრძნობა, უიმედობა და სევდა მეუფლება.
ცოტა კი არა და კარგად მებანალურება რეჟისორი-მსახიობის წყვილი, მაგრამ ბანალურობას ვინ კითხულობს? ან რომც იყოს საკუთარ ცხოვრებას სხვის შეხედულებაზე ხო არ ავაწყობ? ეგრე რო იყოს, ჩემები იმდენი ხანია მეუბნებიან მეიყვანე ბიჭო ცოლიო რომ აქამდე მართლა მოვიყვანდი.

საუზმის შემდეგ, ჩემს ერთადერთ სავარძელში ჩავჯექი. ვფიქრობდი რა შეიძლება სიმბოლურ საჩუქრად მივუტანო-მეთქი, მაგრამ გავიჭედე. ბლიად! ბედი ხო გინდა?
რა არ ვიფიქრე, რა არ მოვინდომე, მაგრამ საიმისო ვერაფერი აღმოვაჩინე.
ისიც ვიფიქრე, მის მინიმალისტურ პორტრეტს დავხატავ-მეთქი, მაგრამ როდესაც ხატვა დავიწყე, მივხვდი რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო.
მერე ჩემი ბიბლიოთეკიდან წიგნებს დავუწყე თვალიერება, რომელიმე მაინც მომცემს ისეთ ლინკს, რაც მოფიქრებაში დამეხმარება-მეთქი.
ამ თანამედროვე მწერლებს ხო რომანტიკის ნატამალი არ გააჩნიათ. მერე კლასიკოსებს ჩავუჯექი და ტრაგეედიის და დრამის გარდა ვერაფერი ვნახე. სპარკსის რომანები კი ჩემმა მტერმა წაიკითხოს.
მერე ჩემი არსებული ნივთების თვალიერება დავიწყე, ათასი რამე მაქვს გაკეთებული და რომელიმე როგორ არ ამოირჩევა-მეთქი. ამ დროს Facebook-ზე ვიღაცამ მომწერა, ტელეფონს დავხედე და ჩემი მეგობარი ვანიერის მოწერილი დამხვდა, ორშაბათ ღამეს, ანუ სამშაბათ დილით მანდ ვიქნები, უბრალოდ მანამდე იქნებ ქასთინგი გააძრო, შენ მანდ მაინც ხარ და კონტაქტები მეტი გაქვს, საშუალო ასაკის, ორმოცს ზევით სიმპატიური, არა მელოტი, გაპარსული კაცი გვჭირდება და ოცდაათ წლამდე ლამაზი გოგოო.
ეუფ! სად ვიპოვო ორმოცს ზევით არა მელოტი-მეთქი გავიფიქრე, თან სიმპატიური. ამას მირჩევნია სცენარი დავწერო, უფრო ადვილია-მეთქი, ჩემთვის ჩავიბურტყუნე და თანხმობის ნიშნად სმაილი მივწერე.
ისევ სავარძელში ჩავჯექი. უკვე ორი რამ მქონდა მოსაფიქრებელი. მუსიკა ჩავრთე, იქნებ ამან მაინც მიშველოს-მეთქი და თვალები დავხუჭე. მეხსიერების არქივს შევუტიე. მაგრამ მარიამის გარდა წარმოსახვაში არავინ მომდიოდა. ეტყობა მუსიკამაც თავისი ქნა და პროექცია გაამძაფრა. რამდენჯერმე ვცადე თავი დამეღწია წარმოსახვისგან და მხოლოდ მასზე კი არა, არამედ საქმეზეც მეფიქრა, მაგრამ საბოლოოდ მაინც უშედეგო აღმოჩნდა ჩემი მცდელობები რადგან ჩამეძინა.
ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.
ალო, ინგა! შენა ხარო? ვუთხარი რო, ინგა არ ვიყავი. მა, ვინა ხარო? ქალი იყო. რა მნიშვნელობა აქვს, ინგა არ ვარ და არც ჩემი ახლობელია ვინმე ეგეთი-მეთქი. კაი მაშინ, ბოდიშიო. კარგად-მეთქი ვუთხარი და გავთიშე. ფანჯარაში სიბნელე, რომ დავინახე გული ამიჩქარდა, დავაგვიანე-მეთქი, მაგრამ საათს რომ დავხედე დავმშვიდდი, წინ კიდევ ერთი საათი მქონდა.
წამოვდექი, ცოტა აზრზე მოვიდე, წყალი მაინც შევისხა-მეთქი.
მაგიდაზე ჩემი მოხატული მუნდშტუკი დავინახე და ჩემი მეგობრის სიტყვები გამახსენდა: ალმადოვარის ქალს რომ გავსო და რატომღაც, ახალგაღვიძებულზე გადავწყვიტე მისთვის საჩუქრად ეს წამეღო. თან ეწევა და იმ შლაპას თუ ცილინდრს რომ დაიხურავს ეს ჭრელი მუნდშტუკი ზედ დააკვდება-მეთქი.
კიდევ კარგი, რომ ახალი მოხატული მქონდა და გასაშრობად მედო. აბა ნიკოტინით გაჟღენთილს ხო არ მივუტანდი?!
კინოთეატრთან შევხვდი.
სანამ მოვიდოდა, ჩემი დამემართა.
რამდენი ვარიანტი მოვიფიქრე მასთან მისალმების: გამარჯობა, გამარჯობა ხელის ჩამორთმევით, გამარჯობა გადაკოცნით, გამარჯობა გადაკოცნით და ჩახუტებით, გამარჯობა უბრალოდ ჩახუტებით, გამარჯობის გარეშე ჩახუტებით, გამარჯობის გარეშე ჩახუტებით და მერე კოცნით, კოცნით, უკოცნელად ჩახუტებით, ხელზე ამბორით. ხელზე ამბორის იმიტაციით და გამარჯობით. ვაიმე დედაც, ვაიმე ღმერთოც და ვაიმე მე უბედურო…
მოვიდა!
მარიამის ბრალია ყველაფერი. ჩემთან სახლში, სიპუტკუნეზე  კომპლიმენტი რომ გაეტარებინა, ამდენ ფიქრს, როგორც მაშინ, ეხლა არ დავიწებდი-მეთქი.
დავიწყე და იქვე მოვკვდი.
დავინახე. სირივით გაღიმებული თვალს ვერ ვაშორებდი. მიახლოვება მინდოდა, მაგრამ ნაბიჯს ვერ ვდგამდი. რა მჭირდა ბლიად?! მოდის, მე კვლავ ვიღიმი. არა გაღიმება როგორ არ მინდა, უბრალოდ ასე სირულად არა. ვცდილობ გამომეტყველებას აზრი მივცე და თავის წინ გადახრასთან ერთად ტუჩებს უფრო განზე ვწელავ, რაღაც თავის დაკვრის ვარიანტში.  
ვინმემ რატომ არ დამიხსნა ამ უხერხულობისგან?
თვითონ როგორც კი დამინახა, ძალიან უშუალოდ და უბრალოდ გაიხარა, ეე, აქ ყოფილხარ უკვეო და ჩახუტებით გადამკოცნა. მემგონი ჩახუტება მე დავაძალე, ჩემსკენ მოვიზიდე და მოუხერხებლად გადავეხვიე. ალბათ დებილ ბავშვს ვგავდი…
საოცარი სურნელი ჰქონდა. თან იმ მხარეს ჩავეხუტე სადაც ყელზე მყესები ეტყობოდა და სხეულის სიახლოვისგან წამოსულმა სითბომ, სექსუალურმა ყელმა და მასიურმა რბილმა თმამ გული ამიჩქარა. მას რომ არ გავეზიდე ალბათ კაი ხანი ხელს არ გავუშვებდი.
რა ფილმზე მივდივართო მკითხა. როგორ გითხრა, მეც არ მაქვს ნანახი, მაგრამ მსოფლიო შოკში ჩააგდო-მეთქი. ვააო, გაიკვირვა. ხო, მეც მაინტერესებს-მეთქი.
პოპკორნის რიგში თხუთმეტი წუთი ვიდექი, ქალის გამო რას არ იზამ? აბა მე რო მკითხო, პოპკორნის გაყიდვა სეანსებზე ვინც მოიგონა უნდა ჩაჩურთო, მოსპო, გააქრო. ზიხარ, უყურებ, გაინტერესებს ფილმი და ვიღაც ხრაშუნს იწყებს. ბლიად!
მადლობა ნოლანს და მისნაირ ჩოილარებს, სამი საათის ერთად გატარების საშუალებას რომ აძლევენ ადამიანებს.

საჩიხირთმო კაფეში ვივახშმეთ.
ჭამას როგორც კი მორჩა, სიგარეტს მოუკიდა. სიგარეტზე საჩუქარი გამახსენდა, რომელიც მისთვის მქონდა წაღებული და ჩემს მიერ მოხატული მუნდშტუკი გავუწოდე. ეს შენთვის გავაკეთე-მეთქი. რა ლამაზია დიდი მადლობაო. ცოტა ეჭვის თვალით კი შემომხედა, ჩემთვის რატო გააკეთეო მაგრამ მერე ალბათ გადაიფიქრა ამის თქმა და სიგარეტი წამოაცვა.
რეკლამის კასტინგზე ვუთხარი. ოცდაათ წლამდე ლამაზი გოგო გვჭირდება გადაღებისთვის და იქნებ შენი პორტფოლიო გამომიგზავნო-მეთქი. გამომკითხა რას ვიღებდით და ჰონორარი რამდენი იყო. მეც ყველაფერი ვუთხარი რაც ჩემმა მეგობარმა ვანიერმა მომწერა. ერთადერთი ჰონორარი არ მოეწონა, რა ცოტას იხდიან ეგ დამპლებიო. მეც დავეთანხმე. სხვა რა გზა მქონდა. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ შემკვეთმა უნდა დაამტკიცოს რამდენიმე ვარიანტიდან ერთი, და შენი გადაღების ამბავში, იქნებ გრაფიკიც მომწერო, რომ გადაღების დღე მაგის მიხედვით დავგეგმოთ-მეთქი. ვფიქრობდი, რომ მისი გრაფიკის ცოდნით მეტი შანსი მექნებოდა მასთან შეხვედრის და ზოგადად მასთან ურთიერთობაც გამიადვილდებოდა.
ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი რამ გამეგო მასზე, ამიტომ თითქმის არ გავჩუმებულვარ, კითხვას კითხვაზე ვუსვამდი. ისიც არ იყო წინააღმდეგი და მონდომებით მპასუხობდა.
ალკოჰოლი არ დაგვილევია. მითხრა რომ არ უყვარდა და ვერც იმ ტიპებს იტანდა ვინც ხშირად სვამდა. ამაზე გავიფიქრე, რომ კარგი გადაწყვეტილება მიმიღია ეს ერთი კვირა სასმელს რომ არ გავკარებივარ-მეთქი. თვითონაც ინტერესით მაკვირდებოდა და ცდილობდა ჩემში საინტერესო პიროვნება ამოეცნო. მეც შესაბამისად ვიქცეოდი და საერთოდ არ მანაღვლებდა ის, რომ მისი იდეალური კაცისგან მკვეთრად განვსხვავდებოდი. იმასაც ვფიქრობდი, რომ როდესაც ადამიანის ცხოვრებაში სხვა ადამიანი შემოდის, გარკვეულწილად მისი ხასიათები და ჩვევები იცვლება და ეგეც რომ არ იყოს, ორი ადამიანის იდეალური ურთიერთობა ურთიერთგაგებაზეა დამოკიდებული და თუ რაღაცეებზე უარი არ თქვი კაცმა, სხვანაირად არაფერი გამოვა-მეთქი.
   

6

მე და იოანე მეორე დღეს კაფეში ვისხედით.
რაღაც ფურცელი ამოიღო, გაშალა და დაიწყო.
მზე, ვარსკვლავური სისტემის, ანუ გალაქტიკის რიგითი ვარსკვლავია, ჩვენი გალაქტიკის 200-400 მილიარდი ვარსკვლავიდან ერთ-ერთი. ხო და ვარსკვლათშორის გაზებთან, მტვერთან და ბნელ ნივთიერებებთან ერთად ამ სისტემის განაპირა ნაწილში იმყოფება. ვარსკვლავებს შორის მანძილი ჩვეულებრივ რამდენიმე სინათლის წელს შეადგენს. მზის სისტემა პლუტონს იქითაც ვრცელდება და მთავრდევა იქ, სადაც მზის გრავიტაციული ზემოქმედება სხვა ვარსკვლავების ზემოქმედებას უტოლდება.
ჩვენი გალაქტიკის ზომა 100 000 სინათლის წელია და უახლოეს დიდ გალაქტიკამდე მანძილი 2,5 მილიონი სინათლის წელი. საერთოდ პლანეტები არა მარტო მზის, არამედ სხვა ვარსკვლავების გარშემოც არსებობენ, მათ ეკზოპლანეტებს უწოდებენ. პლანეტარული სისტემები ერთმანეთს არ გვანან და დღეისთვის 1000-მდე ეკზოპლანეტაც ცნობილია. როგორც ჩანს, ბევრ ვარსკვლავს აქვს პლანეტრარული სისტემა, თუმცა მათგან ძალიან მცირეა სიცოცხლისთვის ვარგისი. ხო და რახანც სიცოცხლისთვის მცირე ნაწილია ვარგისი, ის ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ იმ ვარგის პლანეტებზე სახლდებიან. ეს პლანეტები იმდენად შორს არის ჩვენგან, რომ ვერ ხერხდება მასთან რამენაირი სახის კონტაქტი. ამიტომაც ვერავინ დამაჯერებს რომ უცხოპლანეტელები იმ პლანეტებზე არ ცხოვრობენ. რადგან არავინ იცის იქ რა ხდება და როგორ ხდება. - არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა.
ეს ბოლო მე დავამატე. ჰე ჰე. - ჩაიცინა და ლუდი მოსვა.
მართლა არ ვიცი რა გითხრა, ერთადერთი რჩევა რაც შეიძლება მოგცე  ის არის, რომ დაანებო ამ იდიოტობებზე ფიქრს და მითუმეტეს მაგ იდიოტობების კითხვაში დროის ხარჯვას თავი. ისედაც არაფრისთვის არ რჩება ადამიანს დრო და მითუმეტეს შენ, გდიხარ იმ ტელევიზიაში და საკუთარი შემოქმედება გავიწყდება. ის დრო როდესაც თავისუფალი ხარ და რეალურად შენს საქმეს უნდა მოახმარო, ინტერნეტში იქექები და სრულიად გამოუსადეგარ ინფორმაციას კითხულობ.
მემგონი მართალი ხარ, როდესაც ერთიდაიგივე ტექსტი ოთხჯერ წავიკითხე, რომ უბრალოდ ლოგიკურ ბმას მივმხვდარიყავი, ზუსტად მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ დამენებებინა თავი, მაგრამ მერე არ ვიცი, რაღაც გაურკვეველმა ძალამ და ენერგიამ მიმიზიდა და ვეღარ მოვწყდი.
ხო ხედავ გვნებს, დაანებე თავი.
მართალი ხარ, ამის მერე ცუდ ხასიათზე ვიყავი ერთი-ორი საათი. შევეშვები. კაი მოყევი ეხლა შენსკენ რა ხდება.
არაფერი ისეთი, გუშინ მარიამი ვნახე.
ვააა, მართლა? მერე როგორ ჩაიარა?
კარგად. მემგონი კარგად. რაღაცნაირად მიზიდავს, ცოტა განსხვავებული ტიპია ჩემგან, მაგრამ ზუსტად ეგ მომწონს.
მშვენიერი.
შენ რას შვები იოანასთან? - იოანა იოანეს შეყვარებულია, უფრო ზუსტად საცოლე. ერთმანეთს აგერ უკვე სამი წელია ხვდებიან და სადაცაა საცხოვრებლად ერთად გადავლენ.
რავი, არაფერს ისეთს. კარგად ვართ. ერთი ის არის სახლისთვის ფული ვერ შევაგროვეთ.
ბევრი გაკლიათ?
საკაიფოდ. ქირით გადასვლაზეც ვიფიქრეთ, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი მივხვდი რომ ეგრე ვერასდროს ვიყიდი სახლს. ის დანაზოგი, რომელსაც სახლისთვის ვაგროვებ, ჰაერში უნდა გავისროლო…
მართალი ხარ.
ხო, ჯობია ცოტახანს კიდევ მოვითმინო. იქნებ მეორე სამსახურიც გამოჩნდეს, ცოტას მომეხმარებოდა თორე ამ ბანკის ვალებში მიდის მთელი ჩემი ხელფასი.
ეგ არაფერია, მთელი საქართველო ეგრე ცხოვრობს, მთელი რა, უმეტესი ნაწილი.
ხო, ტრაკში ვართ…
მე ვიცი რა უნდა ქნა.
აბა?
სასულიერო აკადემიაში ჩააბარე და მღვდელი გამოდი. მრევლის წყალობით სახლსაც იყიდი და მანქანასაც.
ღმერთი დამსჯის - თქვა და ჩაიცინა.
რაღა მაინცდამაინც შენ დაგსჯის. ირგვლივ მიმოიხედე რამდენია დასასჯელი…
კი, მაგრამ ისეთი ბედი მაქვს, მე დამატყდება ღვთის რისხვა, მეხი დამეცემა ან ხრამში გადავვარდები.
ღმერთზე და კოსმოსზზე აღარ გვილაპარაკია. თითო-თითო ლუდიც დავლიეთ და დავიშალეთ. ის იოანასთან წავიდა, მე - სახლში


7

ვანიერს აეროპორტში არ დავხვედრივარ. თვითონ დამადგა სახლში.  იმ მსახიობი გოგოს პორტფოლიო გადავუგზავნე დამკვეთს, მაგრამ დაბლოკეს, სხვა ვარიანტები უნდა შევთავაზოთო. მაგრად არ მესიამოვნა ეს ამბავი, მაგრამ რას ვიზამდი? უფრო იმაზე ვნერვიულობდი მარიამისთვის როგორ მეთქვა, რომ ცუდ ტიპად არ გამოვჩენილიყავი. როგორც წესი პროფესიონალი მსახიობი ესეთ გადაწყვეტილებას პროფესიულად უდგება და ერთი თუ ორი უარით ტრაგედიას არ ქმნის. უბრალოდ არ მინდოდა მარიამისთვის მე მეთქვა, იცი შემკვეთმა დაგიწუნა და სხვა მსახიობს ვეძებ-თქო. დიდი გეგმები მქონდა ამ რეკლამასთან დაკავშირებით-მეთქი რომ ვთქვა არ ვიქნები მართალი, უბრალოდ სასიამოვნო იქნებოდა ის ფაქტი, რომ სეტზე დამინახავდა და ვიღაც პოსტერმეიქერად კი არა, არამედ რეალიზებულ რეჟისორად აღმიქვამდა. ვიფიქრე, სცენარს დავწერ მარიამისთვის, მას ვათამაშებ, ფილს ფილმად გადავიღებ და ამ სამუშაო პროცესში მასთანაც გავარკვევ ურთიერთობას-მეთქი. ორი კურდღლის დაჭერას ეხუმრები?
რეკლამის გადაღება მოვრჩით თუ არა ვანიერს ვუთხარი, სცენარის წერა დავიწყე და რო მოვრჩები პროდიუსერად წამოდი, კინოცენტრში შევიტანოთ და იქნებ დაფინანსება მოგვცენ-მეთქი. კაიო. ცოტა გავინძრეთ, თორე შენც ხო ხედავ რა დღეში ვართო. მერე მკითხა რაზე წერო. ვუთხარი ჯერ სინოფსის არ გეტყვი, თემის თქმა შემიძლია-მეთქი. მიდი მითხარიო. ომზე და სიყვარულზეა-მეთქი. გაეცინა. სერიოზულადო. სერიოზულად-მეთქი. კაი მალე დაამთავრე პირველი დრაფტი, რომ ერთად დამუშავებისთვის დრო გვქონდესო.

მერე იოანეს ვუთხარი, სცენარის წერა დავიწყე და თუ გავიჭედე მომეხმარე, მაინც ჩემზე მეტი გამოცდილება გაქვს-მეთქი. გარეწარმაც რა პრობლემაა, ოღონდ შენ რამე დაწერე და  ჩემი თავი შემოგევლოსო. მერე მარიამს დავურეკე, ვუთხარი, შენთვის სცენარს ვწერ და რო მოვრჩები გადმოგიგზავნი, მანამდე იქნებ ჩემს სანახავად გამოხვიდე, მე იოანე იოანა და შენ სადმე დავსხდეთ, ცოტა მოვწრუპოთ და ვისაუბროდ-მეთქი. გაუხარდა, რა მაგარია, ფილმში არასდროს მითამაშია, ნუ სერიოზულ როლს ვგულისხმობო. ვუთხარი, მე ამას შენთვის ვაკეთებ-მეთქი. არ მომიტყუებია, მართლა მისი გულის მოსაგებად ვაკეთებდი, უფრო სწორად მისთვის ვაკეთებდი. ვიცოდი, რომ გაუხარდებოდა. თან ჩემს ოცნებასაც ავიხდენდი.

მარიამს იოანა გავაცანით, ქალებს ქალური დრო მივეცით და ვაჭორავეთ. მანამდე კი მე და იოანე გავხურდით. მითხრა მეორე სამსახური გავაძრე, მართალია ორ თვიანი პროექტია მაგრამ სულ არაფერს მირჩევნიაო. ვუთხარი, ამ სამსახურში პრობლემა არ შეგექმნას, ხო იცი ტელევიზიები რა პროჭები არიან-მეთქი. ხო ვიცი, ვიფიქრე მაგაზე, მაგრამ არ მგონია ორი თვის გამო გამიტრაკონო. მერე მითხრა იოანას ხელი ვთხოვეო და ბეჭედიც მაჩვენა. ძალიან ბედნიერები იყვნენ და ეს ბედნიერება ჩვენზეც გადმოდიოდა.

8

სცენარი დამიფინანსეს და გადაღებაც დავიწყე. სამსახურში ვუთხარი ფილმს ვიღებ და ეს დრო არ მეცლება-მეთქი. კაი, შვებულებაში გაგიქვითავთ მაგ დროს და თუ ესეც არ გეყოფა უხელფასოში გაგიშვებთო. ტრაკები ესენი, მერე იტყვიან კინო გვიყვარსო.
იოანეს დახმარება არ დამჭირვებია, აქეთ დაჭირდა მემგონი ჩემი დახმარება, რადგან ტელევიზიაში მის მეორე სამსახურზე გაიგეს და გაათავისუფლეს, უთხრეს კონტრაქტის მიხედვით არ გქონდა უფლება კონკურენტ სტუდიაში დაგეწყო მუშაობაო. კონკურენტმა სტუდიამაც იგივე უთხრა, ჩვენ არ ვიცოდით ჩვენს კონკურენტ ტელევიზიაში თუ მუშაობდი, ეს რომ გვცოდნოდა არ აგიყვანდით, მაგრამ რახანც აგიყვანეთ და კონტრაქტი ფეხებზე დაიკიდე, ეხლა ვერაფერს ვიზამთ, კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდესო. კანონის ზეიმი კი იმით დამთავრდა, რომ იოანე უსამსახუროდ დარჩა. იმიტომ რომ გარეწარია და მეგობარს არ მოუსმინა როდესაც გააფრთხილა, გაგიტრაკებენო. ჩაჯდა სახლში და დეპრესიულ თვით გვემას მიეცა. ჩემს ადგილს დაგითმობ, პოსტერების კეთება მოგწივეს რთული არაფერია-მეთქი.  ჩემს ფილმზე ასისტენტობაც შევთავაზე, მაგრამ იუარა, ჯერ ერთი გრაფიკული დიზაინის აზრზე არ ვარ და მეორე ესეთ მდგომარეობაში გადასაღებ მოედანზე არ მგონია გამოგადგე. წერის გარდა არაფერი ვიცი და იქნებ ეს დრო ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენო. დავჯდები მოთხრობის წერას დავიწყებ, ამ ასტროფიზიკაზე ტყუილად ხო არ ვიფიქრე ამდენი. ფურცელზე გადავიტან და ამ ჯადოსაც თავიდან ამოვიგდებო. სიმართლე ვთქვა და არ მომეწონა ის გადაწყვეტილება, რომ მოთხრობა ასტროფიზიკას უნდა შეხებოდა. ამ მდგომარეობაშია და მაგ ჯადო მეცნიერებამ სულ არ გაარეკინოს-მეთქი. მაგრამ ვერაფრით გადავათქმევინე. იოანამაც მითხრა დაანებე თავი, მეც ველაპარაკე და აზრი არ აქვსო.

9

ფილმის გადაღება მალე დავამთავრე. გული დამწყდა. ეგრეა, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი იწყება და მერე უცბად მთავრდება. პროცესით იმდენად ბედნიერი ვიყვი, რომ ხანდახან მნიშვნელოვანი დეტალები მეპარებოდა. ამის გამო ჩემი მეგობარი და პროდიუსერი ვანიერი სულ ნერვებ მოშლილი დადიოდა. რამდენჯერმე გვერდით გამიყვანა და შენიშვნაც მომცა. გეხვეწები მსახიობების თამაშს უფრო მეტი ყურადღება მიაქციე, მერე რა რომ შენი გოგოა მარიოამიო. ვერ მივხვდი ვერც ერთხელ რას გულისხმობდა და საერთოდ არც კი მიმაჩნდა მისი შენიშვნები სწორად. მეგონა რომ პროდიუსერულ ამბავში რეჟისორს მიბურღავდა ტვინს. ამიტომ მეც რამდენჯერმე გავჯიუტდი და რამდენიმე სცენა ისეთი დავტოვე, როგორიც იყო. ეს კიდე მეუბნებოდა სანამ დრო გვაქვს ახლიდან გადავიღოთო. გამოუცდელობდა და ქალი ღუპავს ადამიანს. ამას მაშინ მივხვდი როდესაც ფილმი დავამონტაჟე. ზუსტად იმ სცენებში, რომელიც ცოცხალი თავით არ გადავიღე თავიდან, მარიამი საშინლად პათეტიკურად და მანერულად თამაშობდა. არა და ფილმის გადამწყვეტი სცენები იყო, მთავარი სცენები იყო და მისი ჩავარდნა, ფილმის ჩავარდნის ტოლფასი იქნებოდა. ათასი ვარიანტი ვცადე მონტაჟის, ხან გადავანაცვლე, ხან მარტო ხმა დავტოვე და სხვა კადრებით გადავფარე მისი ნაიგრიში. ხან მარტო კადრი დავტოვე მუსიკის ფონზე, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე. მონტაჟი დიდი ვერაფერი ხელოვნებაა როდესაც მსახიობი ყველა სცენაში ცუდად თამაშობს. რა უნდა მექნეა? მარიამთან მივსულიყავი და მეთქვა, იცი შენ ყველაზე ცუდი მსახიობი ხარ მსოფლიოში, რომელმაც ფილმი გამიფუჭე, ალმოდოვარის ქალს კი არა ვიღაც სხვას გავხარ და მიუხედავად ამისა მაინც მიყვარხარ-მეთქი? ეს გამორიცხული იყო. იმდენად ცუდად ვიყავი და იმდენად იმედ გაცრუებული, რომე ტელეკომპანია იმედის ყურებისას თუ დაგეუფლება ადამიანს იგივე განცდა. ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო ზუსტი გამოთქმაა და მე ეს დამემართა. მარიამს როგორც გოგოს ვეღარ შევირგებ გოგოდ და ფილმი კიდე გამოსაჩენი არაა. მსახიობის ცუდ თამაშს დავანებოთ თავი, ხალხი ნახავს და იტყვის ყლე რეჟისორია ეს მსახიობი რომ აიყვანაო. ყველა ჩვენებაზე კი ვერ გამოხვალ და მაყურებელს ვერ აუხსნი, რომ შენ ეგ მსახიობი შეგიყვარდა და მაგიტომაც აიყვანე როლზე, რომ არ იცოდი მისი შესაძლებლობები და გადაღებაზეც ისეთი ბედნიერი იყავი თქვენი ერთად ყოფნით, რომ ფლეიბექზე საერთოდ არ შეგიმჩნევია მისი ნაიგრიშები. კინო ცენტრი კიდე არასდროს აღარ მომცემს დაფინანსებას ამ სირობას რომ ჩავაბარებ. მოკლედ თითქოსდა აწყობილი ცხოვრება უცბად თავზე დამენგრა. როგორც ადამს ედემის ბაღი მორჩა უკან, მე  კინო მომრჩა უკან. იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, რომ ისევ მთელი ცხოვრება ეს დედამოტყნული პოსტერები უნდა ვაკეთო.
სამონტჟოში ბოლთას ვცემდი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როდესაც იოანამ დამირეკა. ტიროდა. სიტყვების გამოთქმა უჭირდა და ძლივს გავარკვიე მისი ნათქვამი. იოანეს მოთხრობის რისერჩისთვის, რაღაც რადიო დანადგარი აუწყვია, გინდა თუ არა ამით კოსმოსურ ტალღებს დავიჭ და იქაურ ხმებს ჩემი ყურით მოვისმენო. ეს დანადგარი სახლის სახურავზე აუტანია წვიმის დროს. იქ რა გაუკეთებია არ ვიცი მაგრამ მეხი ჩამოვარდნილა და მისთვის დაურტყამს. ადგილზე გარდაცვლილა.

10

ერთადერთი რაც იმ მომენტში მოვახერხე ჰაერზე გამოსვლა იყო. ყველაფერი გადამავიწყდა და შოკდარტყმული ზომბივით ვიდექი სტუდიის აივანზე. მიჭირდა იმის დაჯერება რომ ჩემი მეგობარი გარეწარი იოანე აღარ იყო ამ ქვეყნად. მერე უცბად გადამეკეტა და ღრიალით გინება დავუწყე ტელევიზიებს. თქვენი ბრალია თქვე დედამოტყნულებო-თქო. ალბათ 5 წუთი ვღრიალებდი სანამ დაცვამ არ გაიგო და გარეთ არ გამომაგდო ტრაკში პანჩურის რტყმით.

ვარაუდით საჩიხირთმო კაფეში მივედი და უზომოდ დავლიე. ვფიქრობდი, რომ ალკოჰოლი გამინეიტრალებდა შინაგან ტკივილს და სიმძიმეს. მერე აღარ მახსოვს რა მოხდა. სახლში მოვედი გონს როდესაც იმ დედამოტყნულ ქალიშვილს ვტყნავდი ვისთანაც პაემანი ავიკიდე. მახსოვს  ვტიროდი, ის - იცინოდა. გათავებისას საწოლი ჩაინგრა და ჩვენც მის დაშლილ ნაწილებსა და ჩემს სპერმაში ავიზილეთ.

11

დილით კართან წერილი დამხვდა:
ახალგაზრდავ მეორედ გეუბნებით, ღამის სამზე რომ მოდიხართ, ნუ ბრაგუნობთ მაინც!
 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული