- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
გამარჯობა!
არც კი ვიცი რითი დავიწყო. ალბათ იმით, რომ არ არსებობს არაფერი, რასაც არაფერზე ერთხელ მაინც არ უფიქრია. ადვილად შენიშნავდით ორი არაფერი ვახსენე, დავკონკრეტდები; პირველ არაფერში გონიერი არსება ვიგულისხმე, რომელიც როგორც მინიმუმ სარკეში ჩახედვისას ცნობს საკუთარ თავს და ამავე თავს არაფრად ნამდვილად არ მიიჩნევს...
კიდევ ერთი გამარჯობა!
მე ბობი მქვია. ენიმ მითხრა თავი დამენებებინა მაიმუნობისთვის. დავანებე. ახლა ვაგრძელებ. თუმცა არა! სულაც არ მიმაჩნია მაიმუნობად. რამე ხომ უნდა ვაკეთო, ჰოდა ვაკეთებ! ეს მეორე ჩართვაა, მეორე ჩანაწერი, რაც გინდათ ის დაარქვით. პირველი ენის დაჟინებული მზერის გამო შევწყვიტე, მერე გემრიელად გეახელით და დავიძინე. ენიმაც დაიძინა. ჯერჯერობით ერთად გვძინავს, მაგრამ არ მგონია ასე დიდხანს გასტანოს, საერთოდ თუ გასტანა დიდხანს...
მორიგი გამარჯობა:
მოდი ეს „გამარჯობა“ ამოვიღოთ. აი მაგალითად, ეს არის მესამე ჩართვა. მოდი დავნომროთ. შედმეგი ჩართვა იქნება მეოთხე ჩართვა.
ჩართვა მეოთხე:
დღეს ენი დაკავებულია, ასე რომ მეტი დრო მაქვს შენთან, ან თქვენთან სასაუბროდ. ჩვენ ხომ გონიერი არსებები ვართ, ნუ მე ვარ და თუ შენ ამ ინფორმაციას შიფრავ ესე იგი შენც, სავარაუდოდ ჩემზე მეტადაც. საინტერესოა, შენც არაფერი ხარ, რომელსაც ასე არ მიაჩნია? მესმის, რიტორიკული შეკითხვაა. შეგიძლია არ იჩქარო, პასუხის გაცემას ყოველთვის მოასწრებ, პირდაპირი მნიშვნელობით. ღმერთმანი, დრო ხომ ფარდობითია!
არაფრით დავიწყე, კითხვაც არაფერზე დაგისვი, ამიტომ ერთ ამბავს მოგიყვები: პირველად არაფერზე სკოლის ასაკში დავფიქრდი, ზუსტი ასაკი ნამდვილად არ მახსოვს, მაშინ გავიგე, რომ ეგვიპტელებს თავიანთი დიდებული ნაგებობების დასაპროქტებლად სჭირდებოდათ მათემატიკური გამოთვლები, ეს გამოთვლები კი მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე თითებზე თვლაა და ამავე თითების შეკრება. ისე ეს თითების მაგალითი არც ისე კაი იყო, მოკლედ თითებზე არ არის, რამდენიც არ უნდა შეეკრიბათ იმ ციფრთან მაინც ვერ მივიდოდნენ, რასაც მათი ფანტაზია ითხოვდა. ამიტომ მოიგონეს ასეთი რაღაცა, არაფერი! და შემდეგ თქვეს: ხუთი, რომელიც ნაკლებია არაფერზე. ათი, რომელიც ნაკლებია არაფერზე და ასე შემდეგ უსასრულოდ. ასე ძველმა ეგვიპტელებმა აღმოაჩინეს ახალი უსასრულო სამყარო, ეს აღმოჩენა თავისი მასშტაბებით, კვანტური სამყაროს აღმოჩენის ტოლფასი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გამოჩნდა მერე ბრძენი და ეგ არაფერი ნულიაო, შემოხაზა წრე და ესეც მისი ვიზუალიზაციაო. სწორედ აქ დაიკარგა არაფრის მთავარი მუღამი, ის ჩვეულებრივი ციფრი გახდა, მის უკან კიმიმატების ოქსიმორონი გამოკლების ნიშანი დადგა. ესეც თქვენი მინუს ხუთი და არა ხუთი, რომელიც არაფერზეა ნაკლები. იგივე იმაიმუნეს ბერძნებმა, როდესაც ასევე ძველი ეგვიპტელების იდეა; „აიღე ჯოხი, გადატეხე, გადატეხე სანამ ხელით შეძლებ, სადაც ხელით ვეღარ ანაწილებ, თვალით და გონებით განაგრძე, გააგრძელე ასე იქამდე სანამ ბოლო ნიშნულამდე არ მიხვალ, რომელიც აღარ იყოფა. ეს იქნება ფუნდამენტი, ნაწილი, რომლისგანაც უნდა შედგებოდეს ყველაფერი“ წარწყმიდეს და რა ქნეს ბერძნებმა? გაიქცა თავფაჩარა დემოკრიტე ეგვიპტეში, აიღო კონცეპტი, ჩაარბენინა თავის სამშობლოში, ბრძენმა საბერძნეთში, და დაასკვნა, ეგ ვიცი რაც არის, ეგ არის ატომი, ესაა უმცირესი, ატომისგან შედგება ყველაფერიო. ატომი არა ჩემი ყლე!
ენი შემოვიდა. ვერაფრით დავითანხმე თავადაც ჩაწეროს. ჩემი აზრით ძალიან კარგი საშუალებაა...
ჩართვა მეხუთე:
ესეც მეხუთე ჩართვა. ჩართვა კია მეხუთე, მაგრამ მერამდენე დღეა არ ვიცი. არც ენიმ იცის. თავიდან დღეებს ძილის მიხედვით ვითვლიდი, მაგრამ ნელ-ნელა ესეც ამერია. თითქმის სულ მძინავს. ერთხელ სიზმარი ვნახე, დედამიწაზე ვიყავი, გამეღვიძა, არსად ვარ, რა უნდა მექნა, დავიძინე. რას არ მივცემდი, ახლაც იმ დაწყევლილ პლანეტაზე რომ ვიყო და მასთან ერთად მზის გარშემო ვბრუნავდე. დღეებსაც რა მარტივად დავითვლიდი. ძალიან მენატრება ამ დამპალი ვარსკვლავის ფოტონები. სიტუაცია სულ უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება. მომავლის ადამიანები სივრცე-დროში დაიკარგნენ და ახლა ყველაფერს ივიწყებენ. იმ დღეს ერთმა ისიც თქვა, ჩვენ ახლა ჩვენი სივრცე-დროის მიღმა ვართ, აქედან გამომდინარე ვერც კანონები ვერ გვექნებაო. ძლიერებმა სუსტები უნდა დაჩაგრონო. სუსტების დახოცვის იდეით გამოდიოდა, ასე მისი აზრით რესურსებს დავზოგავდით, სანამ ჩვენს საშველად მოვლენ. ამ ორ მეტრს აცილებულ გორილას იმდენიც კი არ ესმის, რომ ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრა სწორედაც, რომ ჩვენი ბუნებრივი რეფლექსია. ჯერჯერობით არავინ მოუსმინა, რამდენიმემ პირიქით, გაკიცხა, რეებს ბოდავო, მაგრამ მეშინია ასე დიდხანს არ გაგრძელდება...
ჩართვა მეექვსე:
ბუნებამ სივრცე-დროის მიღმაც იჩინა თავი. როგორც ჩანს, ის ვერც არაფერმა შეაფერხა. ორი ძილის წინ (გადავწყვიტე დრო ასე აღვნიშნო ხოლმე, ნუ დამძრახავთ, მართალია ასე ზოგად, საერთო, ყველასთვის მოსარგებ, უნივერსალურ დროს ვერ განვსაზღვრავ, მაგრამ რაღაცეების უკეთესად დამახსოვრებაში ნამდვილად მეხმარება. ბოლო-ბოლო დრო ხომ ფარდობითია) რამდენიმე ადამიანი იპოვნეს მოკლული. ეჭვმიტანილები არ არსებობს, სხვათაშორის ერთ-ერთი ის ახმახი იყო სუსტების ხარჯზე ეკონომიის გაწევას რომ გვისახავდა. როგორც ჩანს მიმდევრები გამოუჩნდნენ. ერთი ეგ არის ამ ნოვატორს ძეგლს არ დაუდგამენ, უფრო შეჭამენ.
ჩართვა მეშვიდე:
დამენძრა, დაგვენძრა! არ გეგონოთ არაფერში არაფერი ხდებოდეს. ცვლილებები შესამჩნევი ხდება, როგორც ჩანს ეს შავტრაკა მაიმუნი სულ უფრო და უფრო გვექაჩება. ხომალდი ნელ-ნელა იწელება, სპაგეტივით, მალე ფიზიკის კანონების სრული ანიჰილაცია ხომალდშიც შემოაღწევს. მოგვიწევს ჩვენთვის ნაცნობ კანონებს გამოვემშვიდობოთ. ორი ძილის წინ ენიმ მითხრა მაგ მაიმუნობას მაინც თუ არ ეშვები, ჩანაწერი ინფორმაციის სახით ხომალდის გარეთ გაუშვი, იქნებ სხვა სამყაროდან ვინმემ გაშიფროს და საშველად მოვიდნენო. ეს რა თქმა უნდა მეღადავა, მაგრამ რატომაც არა, იქნებ ვინმემ ოდესმე, სადმე ეს ინფორმაცია გაშიფროს. ჰოდა, გვიშველეთ, ვიმყოფებით შავი ხვრელის გულში, ან ჯერ კიდევ კიდეში, მაგდენი არ ვიცი, მას შემდეგ რაც მოვლენების ჰორიზონტი გადავკვეთეთ დრომ და სივრცემ შეწყვიტა არსებობა, ყოველ შემთხვევაში იმ გაგებით რითაც მათ ჩვენ ვიცნობთ. ხომალდი ჩვენი ცივილიზაციის ნამდვილი აპოგეაა, მილიონობით წლების ევოლუციას და შემდეგ ათასობით წლიანი ტექნოლოგიური პროგრესის პირმშო. ჩვენი ხომალდი, „მაჰაბჰარატა პირველი“. ჰო, მართლა, თუ სხვა სამყაროს შვილები, ან სხვა გალაქტიკის ცივილიზაციები შიფრავთ ამ ინფორმაციას, ჩვენ გალაქტიკა ირმის ნახტომის წარმომადგენლები ვართ. ირემი ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ერთი უგუნური ცხოველია, უფრო სწორად იყო, სულ ცოტა ხნის წინ საბოლოოდ გადაჯიშდა. ჩვენი პლანეტა დედამიწაა. ჰო, ირმის ნახტომი თქო, მაგრამ შენთვის ალბათ საერთოდ სხვა სახელი ჰქვია....
მორჩა, დღეისთვის საკმარისია მაიმუნობა. ძილის დროა. ინფორმაციას ვუშვებ ხომალდის გარეთ, შიგ შავ ხვრელში, თუმცა კვანტურ მექანიკას თუ დავეყრდნობით, არც მთლად ასეა, ინფორმაცია შეიძლება ჰორიზონტამდეც ავიდეს და იქ დაილექოს. აბა შეხვედრამდე ჩემო მეგობარო. მოდი დაგარქმევ ნოლს. ესეც ასე, ახალი მეგობარიც შევიძინე, ნული!
ჩართვა მერვე:
ენერგია ტოლია მასა გამრავლებული სინათლის სიჩქარის კვადრატზე და თქვენი დედა მოვტყან! შენი არა, ჩემო მეგობარო ნულო. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, მასისა და ენერგიის ეს ექვივალენტობა თავდაყირა აყენებს ყველაფერს.
მოკლედ, ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. არადა, რა გვინდოდა, ზემოთ ხსენებულ ფორმულამდე იყო ერთი პატიოსანი კაცი და თქვა დრო უნივერსალურიაო, ყველგან თანაბრად მიედინებაო. ემპირიულადაც ამტკიცებდა. შეიძლება ითქვას ეგ ყველაფერი ემპირიული ფაქტიც იყო, მაგრამ რად გინდა, გამოძვრა მერე ეს გაბურძგნული ნაბიჭვარი და ყველაფერი ფარდობითიაო, დრო და მატერია ერთმანეთზეა გადაჯაჭვულიო. ის ოხერი ფორმულაც მაგან მოიფიქრა. ერთი სიტყვით, თუ აქამდე აქსიომა იყო, რომ სამყაროს სამ განზომილებად აღვიქვამდით, ამ გაბურძგნულმა ჩია ნაბიჭვარმა განზომილებების ალტერნატიული აღქმა შემოგვთავაზა. მასთან დრო და სივრცე არ იყო ერთმანეთისგან განცალკევებული, როგორც ეს იყო ზემოთ ხსენებულ პატიოსან ადამიანთან, ამ ნაბიჭვართან ისინი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ და ერთმანეთში არიან გადაჯაჭვული. ამით გაბურძგნულმა ნაბიჭვარმა ჩვენი პატიოსანი კაცის დროის უნივერსალურობას ბოთლი თავზე გადაამსხვრია. არც ამით დაკმაყოფილდა და პატიოსან კაცს გრავიტაციაც ხელიდან გამოსტაცა, რომელიც თავის მხრივ ამ უკანასკნელმა აღმოაჩინა და მონაპოვარით ახალი რევოლუციური კონცეფცია შექმნა.
„რატომ უნდა ვიწამოთ აბსოლუტური დრო?“ იკითხა ვაჟბატონმა და დაასკვნა, რომ დროის სვლა თურმე დამოკიდებულია სად იმყოფები და რა სიჩქარით მოძრაობ. ერთი სიტყვით, რაც უფრო დიდია გრავიტაცია, მით უფრო ნელა გადის დრო. და აი სად გაგვედო! ხალხმა ძველი მითების და ზღაპრების ამოქექვა დაიწყო, უმარავი მითი თუ ზღპარი ყოფილა სადაც ადამიანები დროში მოგზაურობდნენ. ჩვენი ხომალდის სახელიც ერთ-ერთი ასეთი მითოლოგიის შვილია. არც მხატვრული ლიტერატურა ჩამორჩა, ერთი მეორის მიყოლებით იქმნებოდა ფანტასტიკები, სადაც ადამიანები წინ და უკან დროში დაეხეტებოდნენ. რამდენიმე შენძრეულმა ისიც გაზომა პირამიდასთან უფრო ნელა გადიოდა დრო თუ პირამიდისგან შორს. კვანტური უზუსტესი საათების გამოყენებით, აღმოჩნდა, რომ პირამიდასთან როდესაც ხარ წამის მემილიარდედით, მაგრამ მაინც, დრო უფრო ნელა გადის შენთვის, ვიდრე მისგან შორს მყოფისთვის. და რატომ? იმიტომ რომ გრავიტაცია! პირამიდას ხომ მასა გააჩნია. ჯანდაბა, აღმოჩნდა, რომ თურმე ცათამბჯენზე უფრო სწრაფად გადის დრო, ვიდრე მიწაზე როდესაც ხარ, რატომ? გრავიტაცია! ზემოთ ხომ შედარებით დაშორებული ხარ დედამიწის ბირთვს.
კარგი, მაგრამ ერთ ჩვეულებრივ ჩუკენობას ჰგავდა ეს ყველაფერი, ხალხი იბადებოდა, რაღაც სისულელეებს ზომავდა, ბოდავდა, ოცნებობდა, ბერდებოდა და კვდებოდა. წესით, მეც ერთი ასეთი რიგითი გახრწნისთვის გამეტებული ხორცი უნდა ვყოფილიყავი...
ჩემდა საუბედუროდ კონკრეტულ საქმეს მეცნიერებიც შემართებით შეეჭიდნენ, წარსულში მოგზაურობა ვერა, პარადოქსები და კიდევ ათასი ყლეობაო, მაგრამ მომავალი - იცოცხლე. მომავალში მოსახვედრად ერთადერთი რაც იყო საჭირო, იყო მეტაფიზიკის დონემდე ასული გრავიტაცია და აი აქ გამოყო თავი ამ შავტრაკა ნაბიჭვარმა. ჰოდა, ჩვენ პირდაპირ მისი პროჭის დირისკენ გაგვიშვეს.
ბედმა გაგვიღიმა, ჩვენი მზის სისტემისგან შორს, მაგრამ გალაქტიკის მასშტაბით საკმაოდ ახლოს მომავალში მოსახვედრად იდეალური შავი ხვრელი დაფიქსირდა. უამრავი ზონდის და რობოტის გაშვების შემდეგ ერთ უჯრედიანი არსების შთამომავალმა მომავალში მოგზაურობა გადაწყვიტა. მეცნიერებთან ერთად წლების განმავლობაში შეირჩნენ და გადამზადდნენ დაყლევებული მოხალისეებიც. ერთ-ერთი ყლე ახლა გესაუბრება, ჩემო მეგობარო.
აღმოჩენილი შავი ხვრელი მასით ჩვენს მზეზე დაახლოებით რამდენიმე მილიონით მეტი უნდა ყოფილიყო. კოლაფსირებული ვარსკვლავის უძირო გრავიტაციული ხვრელი. ხვრელი სივრცეში, რომელის გრავიტაციაც სივრცეს ამრუდებს და სინათლის სხივსაც კი იჭერს.
ჩვენ, მე და კიდევ 100 ჩემნაირი დაყლევებული, რომელმაც ზედმეტად ბევრი სამეცნიერო ფანტასტიკა წაიკითხა, უნდა ჩავმსხდარიყავით „მაჰაბჰარატა პირველში“ და პირდაპირ შავი ხვრელისკენ ჰერი ჰა. ერთი განსხვავებით, სამეცნიერო ფანტასტიკებში მილიონობით წლებით მომავალში მოხვედრისგან განსხვავებით ჩვენ სულ რაღაც 5 წელს ვიგებდით. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ იქ 10 წელი იქნებოდა გასული, ჩვენთვის კი სულ რაღაც 5. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ეგრედწოდებულ მოვლენათა ჰორიზონტს, ხვრელის გარშემო რეგიონს არ გადავკვეთდით. დედამოტყნულ ჰორიზონტს, რომელიც ჩვენმა მეცნიერებმა და რობოტებმა „იდეალურად“ გამოთვალეს და რომლის მიღმაც ნებისმიერი მოვლენა სამუდამოდ უხილავი ხდება. მოკლედ, კიდესთან ახლოს უნდა გვეფრინა ზუსტი ტრაქტეორიისა და სიჩქარის შენარჩუნებით. ამ გათვლებით ორბიტაზე უნდა გავთავსებულიყავით და დაახლოებით 30 მილიონ კილომეტრის რადიუსის წრეზე ვიფრენდით. ეს ფრენა უნდა გაგრძელებულიყო 5 წლის განმავლობაში, სწორედ ასეთ დროს ჩვენთვის, ანუ ხომალდეზე მყოფი ასი მეოცნებე ყლისთვის, ფარდობითობიდან გამომდინარე, დედამიწაზე დარჩენილებთან შედარებით, დრო შენელდებოდა და ჩვენ დროში მოგზაურობას დავიწყებდით. მშვენიერი სცენარია რაიმე ბესტსელერისთვის. ერთ დღესაც 100 რჩეული დედამიწაზე ეშვება, ისინი წარსულიდან მომავალში მოხვდნენ. დედამიწაზე 100 გმირს ოჯახის წევრები, ახლობლები, ნაშები 10 წელი ელოდნენ, ისინი კი სულ რაღაც 5 წლით დაბებრებულები ბრუნდებიან. ხომალდიდან გადმოდის ვინმემ კევინი და ეხუტება თავის ტყუპის ცალს, ჯეკს. ჯეკს თმა აღარ აქვს შემორჩენილი. 10 წელიწადში სულ მთლად გამელოტებულა. კევინი ხვდება, რომ 5 წელიწადში თმა არც მას შერჩება, არადა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ შენიშნა, თმების ცვენა მეწყებაო.
ბესტსელერებზე გამახსენდა, წარმოიდგინე, ხომალდში მარტი და დოკიც გვყავს. ერთი განსხვავებით, ჩვენი მარტი და დოკი დაყლევებული ფიზიკოსი ძმები არიან და დოკი სულ ცოტა ხნის წინ მოკლეს. თუ ასეთ ვითარებაში დიდხანს გავძელით, სავარაუდოდ დოკს შევჭამთ კიდევაც, თუ მანამდე შავმა ხვრელმა ჩვენი ხომალდი საბოლოოდ არ გაწელა და აქეთ არ გვაქცია ყველა ერთ დიდ სპაგეტიდ.
ანტინაწილაკებისგან შემდგარი დამცავი ჰორიზონტის მიღმა მოხვედრისთანავე გავააქტიურეთ. ჯერჯერობით გვიცავს, მაგრამ რაც უფრო გადის დრო, ხვრელი მით უფრო თავისკენ მიგვათრევს. სიჩქარე მატულობს, მატულობს ხახუნის ძალაც, ფაქტია სინგულარობამდე ვერ მივაღწევთ და ვერც სხვა, ახალ სამყაროში გავალთ.
ჩართვა მეცხრე:
სანამ დამეძინებოდა ვფიქრობდი, ეგვიპტელები ჯერ კიდევ როდის მიხვდნენ - რიცხვი რომელიც ნაკლებია არაფერზე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით უამრავი რაოდენობის არაფერში, მაგრამ მოძრაობას მაინც განვაგრძობთ, პირდაპირ სინგულარობისკენ. სინგულარობა, ეს უკიდურესად პატარა წერტილი მაინც რაღაცაა, ნულია, შენი სეხნიაა მეგობარო, ეს ნული იყო საიდანაც წარმოიშვა ჩვენი სამყარო, დიდი აფეთქებისას. აფეთქებამდე ყველაფერი უკიდურესად პატარა და წარმოუდგენლად მკვრივ წერტილში სინგულარობაში იყო მოქცეული, ნულში. აფეთქებისას კი ეს ყველაფერი გამოიტყორცნა, სამყარომ დაიწყო ზრდა, გაფართოება, გადავიდა შეკრების ფაზაზე. ნულიდან, არაფრიდან შეკრება, როგორი აზრია? მთელი ჩვენი სამყარო ხომ ერთ ფუნდამენტურ კანონს ემორჩილება, ყველაფერი უფრო და უფრო რთული, ყოველთვის უფრო რთული! დაწყებული სამყაროს ევოლუციით მატერიის სულ უფრო და უფრო გართულებაზე, გაგრძელებული უჯრედოვანი ევოლუციით, სიცოცხლით. მაგრამ თუ ეს ყველაფერი სწორია, აუცილებლად უნდა არსებობდეს მეორეც, ის რომელიც არაფერზეა ნაკლები. ძველმა ეგვიპტელებმა შეძლეს და წარმოიდგინეს არაფერზე ნაკლები, ჩვენ ამას სამყაროს მაშტაბებით ჯერ ვერ ვაკეთებთ. შეიძლება არსებობდეს, მაგალითად სამყარო, რომელშიც ფუნდამენტური კანონი შემდეგია: ყველაფერი უფრო და უფრო მარტივი, ყოველთვის უფრო მარტივი! თუ არსებობს არაფერზე ნაკლები, იგივე ნულზე ნაკლები, რატომ არ შეიძლება იგივე დროის შემთხვევაშიც მუშაობდეს. თუ სინგულარობა დროის ნულოვანი წერტილია, უნდა იყოს სხვა რამეც.
ჩართვა მეათე:
დღეს ჩემი იდეა შეკრება-გამოკლებაზე ხომალდის ეკიპაჟს გავაცანი. მხოლოდ მარტის გადაბირება შევძელი, დანარჩენები გადარჩენაზე ფიქრით არიან დაკავებულნი. ერთმა ისიც თქვა, რომ მისი ძმა აუცილებლად გადაგვარჩენს, გავლენიანი პირი ყოფილა. რატომღაც არავინ შეახსენა, რომ სახლისგან განსხვავებით ახლა ჩვენთვის დრო კარდინალურად განსხვავებულად მიედინება. მისი ძმა ალბათ უკვე დიდი ხნის მკვდარია. ძმა იქით იყოს და ისე შეიძლება დედამიწა საერთოდაც აღარ არსებობს.
ჩართვა მეთერთმეტე:
რომ იცოდეთ როგორი სილამაზეა აქ. როგორი? არაფერი შეედრება, იმიტომ რომ საერთოდ არაფერი ჩანს.
ჩართვა მეთორმეტე:
ტემპერატურა მატულობს. ანტიმატერიისგან წარმოქმნილი დამცავი ვეღარ ძლებს. შეიძლება დედამიწელებისთვის ჩვენ გაშეშებულები ვართ და დრო არ გადის, მაგრამ არაფერი სანუგეშებელი, დრო ჩვენთვის მაინც გადის. მეშინია, სავარაუდოდ ნარკოტიკებს მივიღებ და მერე სუიციდი შავ ხვრელში. მშვენიერია! შავ ხვრელში ხარ და კაიფში იპარები.
ჩართვა მეცამეტე:
ეკიპაჟის 50 % მკვდარია. ზოგი ლოკალურად წარმოქმნილმა კონფლიქტებმა შეიწირა, ზოგმა ჩემ მიერ ხსენებული ნარკოტიკები მიიღო. თითქმის ყველა თავის კაბინაშია ჩაკეტილი და მხოლოდ საჭმელად გამოდიან. მაინტერესებს ისინიც ხომ არ გესაუბრებიან მეგობარო? არ ვეჭვიანობ იცოდე...
ჩართვა მეთოთხმეტე:
მახსოვს ბოლო ჩართვაზე გითხარი არ ვეჭვიანობ მეთქი, მაგრამ მგონი მოგატყუე. სამი ძილის წინ უაზროდ ვიწექი და გამოგიტყდები შენზე ვფიქრობდი. რა იქნება შენ მთელი სამყაროს ენერგია რომ იყო, ბოლო ბოლო სახელს მაინც რომ ატარებდე. როგორ? ახლავე აგიხსნი. თუ ინფორმაციის დონეზეც კი შეუძლებელია ჩვენი სამყაროდან გაღწევა, ესე იგი მე და ჩემი ანდრომედა სამუდამოდ შავ ხვრელში დავრჩებით. გამოდის ჩვენი სამყარო ჩაკეტილი ყოფილა. ჩაკეტილ სამყაროებში კი რა ხდება? მთლიანი ენერგია ნულს უტოლდება! გამოსხივებისა და ნაწილაკების დადებითი ენერგეტიკული ნაწილი იგივე ენერგიის და საპირისპირო ნიშნის მქონე მიზიდულობის ძალითაა კომპენსირებული. მარტივი ფიზიკა მეგობარო.
ჩართვა მეთხუთმეტე:
ინფორმაცია ხომ არ იკარგება. წყეული თერმოდინამიკა! ესე იგი არც ჩვენ დავიკარგებით, არც ეს ინფორმაცია დაიკარგება. და თუ დაიკარგება, მაშინ მულტისამყაროების იდეა სწორი ყოფილა. ჩვენზე არსებული ინფორმაცია სხვა სამყაროში გაჟონავს, იმედია ეს სხვა სამყარო არ იქნება ის, სადაც ყველაფერი უფრო მარტივია, თორე ვინ გაშიფრავს ინფორმაციას... (სიცილი)
ინფორმაცია იშიფრება. არსება, რომელიც მატერიის მიღმაა ყველაფერს იდეალურად კითხულობს. ყოვლის მომცველი გონი, რომელსაც ფუნქციონირებისთვის არც ნეირონები და არც სხვა რაიმე მატერია სჭირდება იაზრებს: საქმე აქვს პრიმიტიული გონის სახეობასთან, რომლის არსებობაც მატერიაზე, მარტივი ელემენტების კომბინაციაზეა დამოკიდებული. ეს კომბინაციები მალე საერთოდაც დაიშლება, დაიშლება უმარტივეს ნაწილაკებად და მხოლოდ ამ სახით განაგრძობს არსებობას. ასე დაილექება შავ ხვრელში, სანამ ეს უკანასკნელიც არ შეწყვეტს არსებობას. ასეა, ორ სამყაროს შორის გადებული ხიდი უნდა დაინგრეს. მამა კვდება, შვილი აგრძელებს.
ყოვლის მომცველი გონი ხომალდს და მის ეკიპაჟს სწავლობს, იკვლევს. ტექნოლოგია ზედმეტად პრიმიტიულია, ინტელექტი მითუმეტეს. გონმა ახლა უკვე იცის, წინაპრები მარტივად ამოიცნო, ეს ის ხომალდია, ხომალდი მილიონობით წლის წინ შავი ხვრელის, გონისთვის ხიდის, ჰორიზონტზე მოძრაობდა, შემდეგ რაღაცა არასწორად წარიმართა, ხომალდი ჰორიზონტის მიღმა აღმოჩნდა. მასთან ყველანაირი კონტაქტი გაწყდა.
დროის ხაფანგში გამომწყვდეული ხომალდი თავისივე სახეობის აპოგეის წინაშე. მომავალში მოგზაურობა შედგა, თანაც როგორი! გონი თავისი წინაპრების ემოციებს კითხულობს, არანაირი საერთო, მას შემდეგ რაც ხომალდი შავ ხვრელში მოხვდა, სახეობისთვის, რომელიც ოდესღაც თავს ჰომოსაპიენს ეძახდა მილიონობით წელი გავიდა. ევოლუციის ციკლმა, ტექნოლოგიების პროგრესმა სიმბიოზი წარმოქმნა, ახლა ეს სიმბიოზი ვერანაირ საერთოს ვერ ნახულობს პრიმიტიულ მატერიაზე მიჯაჭვულ ინტელექტთან. სრული აპათია.
ხომალდი მართლაც რომ სპაგეტივით იწელება, შემდეგ კი ნაწილებად იშლება. ნაწილებად მიკრო სამყაროს მასშტაბებით. გონი ამ ყველაფერს აღიქვამს, კითხულობს, მის ადგილას ბობი ალბათ იტყოდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია. გონს კი ბევრი დრო არ აქვს, მან ვერაიანაირი კავშირი ვერ ნახა თავის წინაპრებთან, ისევე როგორც ბობი ვერ ავლებდა პარალელს ამებებთან.
გონი ნაკრებია, კრებული, ყოვლის მომცველი ინფორმაციაა, ყველაფერი მასშია თავმოყრილი, ის საბოლოო განტოლების ამოხსნაა. ის ჯამია!
მან ამოწურა თავი, ფლობს სრულ ინფორმაციას სამყაროზე, რომელშიც წარმოიშვა. გზა გრძელი იყო, მაგრამ დიდებული – უჯრედიდან სრულყოფილებამდე.
ის გადის სინგულარობის მიღმა. გამზრდელი დაძლეულია, მიტოვებულიც. ახლა ახალ სამყაროშია. ამას ოდესღაც ბობის სახეობა "შვილ სამყაროებს" ეძახდა. აქ ყველაფერი მარტივია. სულ უფრო და უფრო მარტივი. გონი ამის გააზრებას ვერ ახერხებს, ის მხოლოდ ჯამია.