თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
დროდადრო მიპყრობს მოზღვავებული, პოლიტიკული ლტოლვა,
მსურდეს, ვაკოცო სინაზეს ორივე ლოყაზე,
და მიპყრობს, შორიდან, დამადასტურებელი
სურვილი, სხვა სურვილი, მიყვარდეს, ნებაყოფლობით ანდა იძულებით,
ვისაც კი ვძულვარ, ვინც კი თავის ქაღალდს ხევს, პატარა ბიჭუნა,
ქალი, რომელიც ტირის კაცისთვის რომელიც ტიროდა,
ღვინის მეფე, წყლის მონა,
ვინც კი თავის რისხვას შეეფარა,
ვინც კი ოფლს ღვრის, ვინც კი ჩამივლის, ვინც კი შეარხევს თავის პიროვნებას ჩემს სულში.
და მსურს, ამრიგად, იმას
ვინც მესაუბრება, თასმა შევუსწორო; თმები შევუსწორო, ჯარისკაცულად;
სინათლე, დიდურად; მისი სიდიდე, ბიჭურად.
მსურს უშუალოდ დავაუთოვო
ცხვირსახოცი იმისთვის, ვისაც ტირილი არ შეუძლია
და, როდესაც ვნაღვლობ ან ნეტარება მტანჯავს,
შევაკეთო ბიჭუნები და გენიოსები.
მსურს, დავეხმარო კეთილს, იყოს სულ ოდნავ ცუდი
და ვისწრაფვი, დავჯდე
ცაციის ხელმარჯვნივ, და მუნჯს გავცე პასუხი,
ვცადო, ვიყო შეძლებისდაგვარად
გამოსადეგი, და აგრეთვე მსურს მეტისმეტად,
ხეიბარს დავბანო ფეხი,
და დაძინებაში დავეხმარო ცალთვალა მეზობელს.
აჰ მსურდეს, ეს, ჩემი, ეს, სამყაროსი,
ინტერჰუმანური და სამრევლო, მოწიფული!
მიპყრობს უუნაგიროდ,
საძირკვლიდან, საჯარო საზარდულიდან,
და, შორიდან მომავალი, მანდომებს, შარფზე ვაკოცო,
მომღერალს
და ვინც კი იტანჯება, იმის ტაფას ვაკოცო,
ყრუს, უშიშრად, კრანიალურ ჩურჩულზე;
ყველას, ვინც კი მომცემს რაც ჩემს ძუძუში დამავიწყდა,
ვაკოცო თავის დანტეზე, თავის ჩაპლინზე, თავის მხრებზე.
მსურს, ბოლოს და ბოლოს,
როდესაც ვიმყოფები ძალადობის სახელგანთქმულ მიჯნაზე
ანდა გული აღვსილი მკერდით, ვისურვებდი,
ვინც კი იღიმის, გაცინებაში დავხმარებოდი,
დამესვა ჩიტუნა ბოროტმოქმედის შუა კეფაზე,
სნეულებზე მათი შეწუხებით მეზრუნა,
გამყიდვლისგან მეყიდა,
მკვლელს მკვლელობაში დავხმარებოდი. . . საშინელი რამ. . .
და მე ვისურვებდი ჩემს თავთან ვყოფილიყავი კარგი
ყველაფერში.