• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ტელევიზორის ხელიანი ქალი მოჩვენება

×
tutuola
ავტორის გვერდი ამოს ტუტუოლა 21 სექტემბერი, 2018 3009
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
 
როცა დაახლოებით შუადღის 2 საათი იყო, დავინახე ქალი მოჩვენება რომელიც მწარედ ტიროდა და პირდაპირ ქოხში მომადგა სადაც ვიწექი და ვნეტარებდი. როცა შემოვიდა შევნიშნე რომ მოკლე ჭილოფი ეჭირა რომელიც გამომშრალი სარეველებისგან იყო დაწნული. სიმაღლეში ერთი მეტრიც არ იყო. შემოვიდა თუ არა მაშინვე ცეცხლთან მივიდა, ჭილოფი გაშალა ცეცხლთან ახლოს და მერე ზედ დაჯდა ისე რომ არც მომსალმებია და არც ხმა გაუცია ჩემთვის. ჰოდა ამდროს ყურადღებით შევნიშნე რომ თითქმის დაფარული იყო წყლულებით, თავზეც ერთი ღერი თმაც კი არ ქონდა, წყლულების გარდა რომლებშიც უთვალავი მატლი დაქროდა აქა-იქ მის ტანზე. მისი ორივე ხელი ორმოცდახუთ სანტიმეტრზე გრძელი არ იყო, და ზედ უთვალავი მოკლე თითი ება. მწარედ და განუწყვეტლივ ტიროდა თითქოს ვიღაც დანებს ურტყამდა. რა თქმა უნდა, არ გამოვლაპარაკებივარ, მაგრამ დიდი გაოცებით ვუყურებდი სანამ არ დავინახე მისი თვალების წყალი რომ სადაც იყო ცეცხლს ჩააქრობდა, მაშინ გაბრაზებული ავდექი და ვუთხარი ჩემი ქოხიდან გასულიყო, რადგან თუ წყალი ცეცხლს ჩააქრობს მე ვერ შევძლებ ახალის შოვნას, რადგან მოჩვენებების ბუჩქნარში ასანთი არ იყო. მაგრამ იმის ნაცვლად რომ გასულიყო როგორც ვუთხარი მან უფრო ხმამაღლა დაიწყო ტირილი ვიდრე მანამდე. როცა მისი ტირილი ვეღარ ავიტანე ვკითხე— „ჰო ისე რა გატირებს?“ მან მიპასუხა—„მე შენს გამო ვტირი.“ მერე ისევ ვკითხე—„ჩემს გამო?“ მან თქვა—„ჰო“ და მე ვთქვი—„რატომ?“ მერე დაიწყო თავისი ამბის ასე მოყოლა—
   „მე ორასი წლის წინ დავიბადე წყლულებით თავზე და მთელ ტანზე. იმ დღიდან მოყოლებული რაც დავიბადე სხვა საქმე არ მაქვს იმის მეტი რომ ვიპოვო ექიმი რომელიც წყლულს განმიკურნავდა და რამდენიმემ ცადა როგორც შეეძლო მაგრამ ჩაფლავდა. იმის მაგივრად რომ ემკურნალათ ან მოერჩინათ წყლული კიდევ უფრო ფართოვდებოდა და მერე კიდევ უფრო მტკიოდა. მე ბევრ ჯადოქართან ვყოფილვარ რომ გამეგო თუ შეიძლებოდა წყლულის მორჩენა, მაგრამ ყველა მათგანი მეუბნებოდა რომ არის მიწიერი ადამიანი რომელიც მოჩვენებების ბუჩქნარში დაიკარგა, ამიტომ თუ ვიხეტიალებდი შეიძლება ერთ დღესაც მენახე, და ჯადოქრებმა მითხრეს რომ თუ წყლულს ყოველ დღე შენი ენით ალოკავ ათი წლის მანძილზე მორჩებოდა. ასე რომ ძალიან იღბლიანი და გახარებული ვარ რომ დღეს აქ გხვდები და კიდევ უზომოდ ბედნიერი ვიქნები თუ წყლულს შენი ენით ამილოკავ ყოველ დღე ათი წლის მანძილზე რომ მომირჩეს როგორც ჯადოქრებმა მითხრეს. და კიდევ მწარედ ვტირი შენ გამო იმიტომ რომ მჯერა უდავოდ წლებია იტანჯე ამ მოჩვენებების ბუჩქნარში შინისაკენ მიმავალი სწორი გზის ძიებაში, მაგრამ გზას ყოველდღე ხედავ და შენ მას არ იცნობ, რადგან ყველა მიწიერ ადამიანს ეძლევა თვალები მაგრამ ვერ ხედავს. ეს ქოხიც კი შინისაკენ სწორ გზაზე იპოვე და შეგიძლია გეძინოს ან იჯდე შიგ ყოველ დღე და ღამე. თუმცა მჯერა რომ შენ უარს არ მეტყვი წყლული ლოკო სანამ არ მორჩება.“
   როცა მომიყვა ამბავს და მითხრა რომ თუ წყლულს ავლოკავ ის მორჩება როგორც ჯადოქრებმა თქვეს, ამიტომ ვუპასუხე—„მინდა ისევ შენ ჯადოქრებთან წახვიდე და უთხრა რომ წყლულის ლოკვაზე უარს ვაცხადებ.“ მას მერე რაც ასე ვუთხარი მან კიდევ ასე თქვა—„საქმე ისევ ჯადოქრებთან წასვლა არაა, მაგრამ თუ შეგიძლია შეხედე ჩემ ხელისგულს ან ხელს.“ მაგრამ როცა მითხრა შემეხედა მისი ხელისგულისთვის და გაშალა ისე რომ ლამის ჩემს სახეს შეეხო, ზუსტად ტელევიზორს ჰგავდა, მე დავინახე ჩემი დაბა, დედა, ძმა და ყველა ჩემი ამხანაგი, მერე გამუდმებით მეკითხებოდა—„ახლა თანახმა ხარ წყლული შენი ენით ლოკო, მითხარი, ახლა, ჰო თუ არა?“
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული