- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმნა დავით შერგელაშვილმა
უნდა გითხრათ, რომ მილიონი წლის წინათ პოლუსზე უფრო მეტად ციოდა, ვიდრე ახლა. ტემპერატურა იქ სულ იოლად ეცემოდა მილიარდ გრადუსამდე. ასეთ სიცივეში იყინებოდა ყველაფერი, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - აზრებიც კი, საკმარისი იყო ვინმეს ეფიქრა, მაგალითად: რა ძაღლური ამინდია! - და მის თავზე მაშინვე გამოჩნდებოდა პაწია ორთქლის ღრუბელი, რომლის შიგნით ყინულის ლოლუებად ქცეული ასოები შემდეგნაირად ლაგდებოდნენ: "რა ძაღლური ამინდია"!
ყოველივე ამის გამო პოლუსზე ვერავინ ბედავდა ფიქრს. ყველას ეშინოდა, სხვას არ წაეკითხა მათი აზრები.
და აი, გამოდიოდა, რომ დათვები, პინგვინები, სელაპები, ძაღლები, ესკიმოსები - მოკლედ ყველანი - საერთოდ არ ფიქრობდნენ. და იყო პოლუსი ქვეყანა ბრიყვთა. ბრიყვთა არა იმიტომ, რომ საერთოდ არ შეეძლოთ ფიქრი, არამედ თავაზიანობისა და გულისხმიერების გამო.
ერთ მშვენიერ საუკუნეს (იმ დროში ერთი საუკუნე ჩვენს ერთ დღეს უდრიდა) ვინმე ლომვეშაპი იწვა თავისთვის ყინულის ნაჭერზე და სიცივით ტკბებოდა. გაუნძრევლად იწვა, სიამოვნებისაგან თვალებს ჭუტავდა და გონებაში არ უჭაჭანებდა არანაირი ფიქრი, გარდა მოკლე სიტყვისა "მ-და". ყინულის ასოებისგან შემდგარი ეს "მ-და" ყველას შეეძლო წაეკითხა მის ზემოთ.
უცებ წყლიდან თავი ამოყო გველთევზამ და დაიყვირა:
- მომისმინე, ლომვეშაპო!
მორჟმა წაიბურტყუნა:
- რა გინდა, გველთევზავ?
ხოლო მან უპასუხა:
- იცი, რა გადამხდა ბოლო მოგზაურობისას? ვიყავი მხარეში, რომელსაც ტროპიკები ეწოდება. იქ ძალიან ცხელა!.. და იცოდე, ტროპიკებში აზრები არ იყინება.
- შეუძლებელია!
- სრული ჭეშმარიტებაა. აი, მაგალითად, ვინმე შემოგხედავს და გაიფიქრებს: რა სქელი უკანალი აქვს მორჟს. შენ კი ამას ვერ გაიგებ, რადგან დიდი სიცხის გამო იქ აზრები არ იყინება.
- და ვინ ფიქრობს, რომ მე სქელი უკანალი მაქვს? - განაწყენდა მორჟი.
- არა, ეს ისე, მაგალითისთვის. მისმინე, რატომ არ გსურს, აქედან მოვუსვათ? პოლუსზე ხომ ისე ვერაფერს გაიფიქრებ, თუ ყველამ არ გაიგო. რომ იცოდე, რა სასიამოვნოა - იფიქრო თავისუფლად და არაფრისა ეშინოდეს. მე პირდაპირ გავძეხი ფიქრით ტროპიკებში.
- მაინც რაზე ფიქრობდი?
- როგორ გითხრა...ძალიან, ძალიან ბევრ რამეზე.
- მაგალითად?
- რაზეც გინდა: მზე მწვანეა, ან თუნდაც - ორჯერ ორი ხუთია.
- კი მაგრამ, ეს ყველაფერი ხომ სიმართლეს არ შეეფერება?
- რა თქმა უნდა, და მთელი ხიბლიც სწორედ ესაა: შეგიძლია იფიქრო, რაც გსურს, და ვერავინ ამას ვერ გაიგებს.
მოკლედ, გველთევზა იმდენი ელაპარაკა მორჟს, საბოლოოდ მაინც დაითანხმა ტროპიკებში გამგზავრებაზე. იქნებ არც დათანხმებოდა ასე ადვილად, რომ არა მოულოდნელად გამოჩენილი ადამიანები. პოლუსზე ყველა მიჩვეული იყო ზემოთ ყურებას და ლომვეშაპმაც აიხედა თუ არა ადამიანების ზემოთ, შეძრწუნებულმა წაიკითხა: "ახლა ჩვენ დავხოცავთ ასიოდეს ამ ბრიყვ ცხოველთაგან და უამრავ ჩანთასა და ფეხსაცმელს დავამზადებთ"... ამ სიტყვების წაკითხვისთანავე მორჟი ყინულიდან ჩამოცურდა და წინ გაჭრილ გველთევზას სასწრაფოდ მიჰყვა.
დიდი ხნის ცურვის შემდეგ ტემპერატურა მკვეთრად შეიცვალა. ლომვეშაპი კვლავ არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ ცურვისას ხანდახან თუ შეეკითხებოდა რამეს გველთევზას:
- ჩემო ძვირფასო გველთევზავ! მითხარი, შენ უკვე ფიქრობ?
- აბა როგორ! - უპასუხა მან.
- და რას ფიქრობ?
- ბევრ რამეს და სულ ჩემ თავზე.
- შეიძლება, რომ მეც მითხრა?
- ვერ გეტყვი, კიდევ არაფერი გეწყინოს.
მორჟს გუნება წაუხდა. პოლუსზე, როგორც უკვევთქვით, არავინ არავიზე არაფერს ფიქრობდა. ახლა კი, ვინ იცის, რას ფიქრობს მასზე ვიღაც გველთევზა. ჭორიკანა! შტერი! თვალთმაქცი! აქ ლომვეშაპმა უეცრად შეამჩნია, რომ თვითონ ფიქრობს გველთევზაზე თან ძალიან ცუდად. ნათელია, რომ თავის მხრივ გველთევზაც ცუდ რაღაცებს ფიქრობს მასზე, თუმცა იგივე ხდებოდა ყველასთან, ვინც კი ტროპიკებში გაიცნო. თავაზიანობას არავინ იშურებდა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება; რა ლამაზი და გონიერი გამომეტყველება გაქვთ: რა თვალები, რა ულვაშები და ა.შ. მაგრამ მორჟი ღრმად იყო დარწმუნებული, ეს ყველაფერი პოლუსზე რომ მომხდარიყო, ჰაერში ის შემდეგ ყინულოვან სიტყვებს წაიკითხავდა: ეს მახინჯიღა გვაკლდა; ჯერ მარტო რა სიფათი აქვს, ბურვაკის თვალები, ჩამოშვებული ულვაშები.
ერთხელაც, ამ აუტანელ სიცხეში ნავი გამოჩნდა. ნავში აფრიკელი კაცი იჯდა თავისი ცოლ-შვილით. კაცი ხმამაღლა მღეროდა:
გველთევზა გველთევზა საყვარელო.
ო, რა ცხიმიანი ხარ!
ცხიმიანი და ანცი
გველთევზა, გველთევზა, მშვენიერო...
მოხიბლულ გველთევზას დაავიწყდა, რომ ტროპიკებში ერთს ამბობენ, მეორეს კი ფიქრობენ, და ნავს მიუახლოვდა. თვალის დახამხამებაში დაიჭირეს, გამოშიგნეს, ორცხობილებთან ერთად შეწვეს და შეახრამუნეს. ეს ყველაფერი გაოგნებული ლომვეშაპის თვალწინ ხდებოდა.
მიუხედავად ყველაფრისა (ან იქნებ სიზარმაცის გამო) ლომვეშაპი დაბრუნებას არ ჩქარობდა. მას უკვე მიმზიდველიც კი ეჩვენებოდა შესაძლებლობა - ეფიქრა ისე, რომ არავის შეძლებოდა მისი აზრების წაკითხვა და, რაც მთავარია, ეფიქრა სრულიად საპირისპირო იმისა, რასაც ამბობდა და აკეთებდა. ლომვეშაპი დარჩა ტროპიკებში და იქაური ჩვევებიც შეითვისა. მართალია, ეს არ იყო პოლუსის წრფელი და ღია სამყარო, სამაგიეროდ, სულ მეტსა და მეტს აღწევდა ზოგადი განვითარების მხრივ. იფიქრა, იფიქრა ლომვეშაპმა და ბოლოს მივიდა ძალზე ამაღლებულ, პირდაპირ ფილოსოფიურ კითხვებამდე: ვინ ვართ ჩვენ? საიდან მოვედით? როგორია ჩვენი დანიშნულება? რატომ ვცხოვრობთ? სადამდე მივალთ? მოკლედ, მორჟი ყველა იმ კითხვას უსვამდა თავს, რომელსაც მაშინ უფიქრდებიან, როცა ცხოვრობენ არა იმისთვის, რომ ჭამონ, არამედ როცა ჭამენ იმისთვის, რომ იცხოვრონ.
ერთ მშვენიერ დღეს, ლომვეშაპს მოსწყინდა ეს ყველაფერი და კვლავ პოლუსისკენ გაცურა. "რა ნეტარებაა, რომ მალე აღარაფერზე ვიფიქრებ" - ფიქრობდა ის.
ლომვეშაპი ძლიერ ცდებოდა. პოლუსს რომ მიაღწია და თავის ყინულზე მოკალათდა, შეამჩნია, რომ ცუდი ჩვევა ძალზე აბეზარი გამოდგა და რაც უნდა ეცადა, არ შეეძლო არ ეფიქრა. აზრები რა თქმა უნდა იმწამსვე იყინებოდნენ მის ზემოთ. დათვები, პინგვინები, სელაპები და თევზები წამსვე პირს იბრუნებდნენ ლომვეშაპის დანახვაზე. ფიქრი ხომ იმ დროში სამარცხვინოდ ითვლებოდა პოლუსზე - ეს იგივე იყო, რაც ახლა ქუჩაში დედიშობილა გამოსვლა.
საწყალ ლომვეშაპს კი (ხედავდა რა, რომ მეგობრები გაურბოდნენ) არ შეეძლო სულ უფრო ცუდად არ ეფიქრა. მათ შორის უფსკრული თანდათან ღრმავდებოდა. მალე მორჟი დარჩა თავის ყინულზე მარტო, სულ მარტო, სამუდამოდ.
მას შემდეგ პოლუსზე ტემპერატურამ იმდენად აიწია, რომ აზრები აღარ იყინება ჰაერში და მათ ვეღარავინ კითხულობს. მიუხედავად ამისა, მორჟი კვლავ მარტო ცხოვრობს. წევს თავის ყინულზე და ფიქრობს. რას ფიქრობს? ნაღვლიანად იხსენებს იმ დროს, როცა არავინ ფიქრობდა, რადგან ყველას შეეძლო ერთმანეთის აზრების წაკითხვა.
საამური, დიდებული დრო იყო, ოღონდ ცივი.