• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მიქირავე

×
ავტორის გვერდი თაკო შუკაკიძე 28 მაისი, 2019 2469

მე ვჭამდი თბილ ლობიანს,

დიდუბის მეტროს მიმდებარედ,
ვჭამდი მთელი სხეულით,
არამარტო პირით,
არამდეს თვალებით,
ხელებით, გულით,
თითებით, ცხვირით
გონებით, შეგრძნებით,

ყველაფრით, რაც ჩემს კერძო საკუთრებას წარმოადგენს,

პერიოდულად, მე ვაქირავებ ყველაფერს, რაც ჩემს კერძო საკუთრებას წარმოადგენს,
ვაქირავებ იაფად- რადგან მისი შესაძლებლობები,
ბაზრის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს,
მას არ აქვს ქირავნობის გამოცდილება,
მას არ უსწავლია გაქირავების საფუძვლები წამყვან უნივერისტეტებში,
ის ვერ ფლობს უცხო სიტყვებს და ენებს,
და ყოველივე ეს, მის კურსს აუფასურებს

ვქირავდები 24 საათის განმავლობაში, 
საკმარისია ერთი ზარი.
გასაუბრებება სურვილის მიხედვით,
შემიძლია პირდაპირ საქმეზე გადავიდე

მარტივად ვამყარებ კომუნიკაცია სხვა დაქირავებულებთან,
ჩემი ძლიერი მხარე მორჩილებაა,
ჩემსავით მორჩილს ვერსად იპოვით,
სუსტი მხარე- ემოციური ვარ,
გულთან მიმაქვს ყოველივე,
მაგრამ დასწავლის კურსებს გავდივარ,
და მალე შარდს და ემოციას ისე შევიკავებ,
რომ ვიდეო კამერებსაც გავაოცებ.

მიქირავეთ სანამ იაფი ვარ,
სანამ ჩემი კურსი გამყარდება

ვტოვებ განცხადებას დიდუბის მეტროს გამოსასვლელთან

ლობიანი ცივდება და კუჭში მძიმედ ჯდება.
მაგრამ, ყოველივე, რაც დროებით ჩემს კერძო საკუთრებას წარმოადგენს კმაყოფილია და სასიამოვნოდ დანაყრებული ჯდება ვაგონში,
მორიგ გამოძახებაზე მისასვლელად.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული