• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

საზღვრისმცველის სიმღერა

×
ავტორის გვერდი რობერტ დანკანი 10 დეკემბერი, 2020 1471
საზღვრისმცველის სიმღერა
 
კაცი თავის ლომით, ომების ფარდულქვეშ
იცვენს რწმენას, თითქოს ცრემლი ცვიოდეს.
სიტყვების ჟღერა იცდის—
ბარბაროსი მასპინძელი საზრისის საზღვართან.
 
მეტრფე გუშაგები ტოვებენ დარაჯაგებს
ყურს უგდებენ ლექსის ლომსურნელს
ყურებში რომ ურეკთ.
 
      — სიზმრები, თქვა ერთმა დარაჯმა,
          არასდროს ჩაფიქრებულან
          იმპერიის გადასალაგებლად.
 
          ასე ექვსი საათის გასწვრივ მე ვიღებ ჩემს გიტარას
          და ლომს ვუმღერი
          რომელსაც ლექსის სტროფივით სძინავს
          ომების ფარდულში.
 
კაცმა, თავის მრწამსს რომ იფერთხავს
იცის რომ ლომს არ სძინავს,
არ სიზმრობს, არასდროს მძინარებს,
სრულ-მღვიძარე ლექსია
სატრფოსავით რომ უცდის დარაჯის ტანთგახდას;
იმპერიის მშვენიერი საზღვრები
შიშვლად, აღტაცებული ლომის სურნელში.
 
(ბარბაროსებმა საგულისხმო ფაზა გადაიარეს)
 
      —როდესაც მეძინა,
          თქვა ერთმა დარაჯმა,
      კაცმა სამოსი იცვინა ისე თითქოს ცრემლი სცვიოდა
          და მომევლინა ეულ ლომად
      სიმღერის მომლოდინე ომების ფარდულ-ჭერქვეშ.
 
მე ვმღეროდი სიმღერას, ის რომლისაც უცდიდა გაგონებას,
მე, მე ჯილდოს მფლობელი, მგოსან-განთქმული.
 
ძვირფასო, ძვირფასო, ძვირფასო, ძვირფასო, ვმღეროდი
გჯეროდეს, გჯეროდეს, გჯეროდეს, გჯეროდეს.
ომების ფარდული ცაებრ ბრწყინვალეა,
იკედლებს ჩვენს მოლოდინს როგორც წმინდა სიმღერა
თავის სიტყვებში სატრფოს ტანთგახდილის
               ლომსურნელის შემკედლებელი
 
მე ვმღეროდი: გჯეროდეს, გჯეროდეს, გჯეროდეს.
 
საზრისის საზღვრები დილის შუქში
დგანან შიშვლად როგორც ლექსის სტრიქონი ომში.
 
 
 
 
 
ცეკვა
 
თვის მოცეკვავეთაგან განეფინება სხვა
                 მოცეკვავეებს. ეს
მოძრაობის რა-ციებ-ცხელება-იქნებოდა
                 გრილი ექსცესი აიძულებს
ყველა კაცს     ჩაებან ფერხულს     თან-
                 შეწყობილად.
 
ძვირფასად მათი ფეხები ბაკუნებენ მწვანე მყარ მდელოზე.
                 მოცეკვავენი
ბაძავენ ყვავილებს — ფესვს, ღეროს, მტვრიანას, გვირგვინს
                 ჩვენი სიტყვები ჩვენი
წარმონათქმებია,     ჩვენი
                 საზომი.
 
ეს სიამეა სიამოვნებას რომ სცდება.
 
         შენ თვლას გასცდი, თქვა ქალმა
ანდა თავად გავიგე ეს მის მზერაში. ახლა
 
ბებერი ფრიდლი ისე ძვირფასად მოზრდია ჩემს წლებს
 
           მე მხოლოდ სიმართლე მახსოვს.
           ჩემს ლტოლვას ვფიცავ.
           შენ დაიპყარი ლტოლვა, თქვა ქალმა
           რიცხვები ჩასხდნენ შენს ფეხებში . . .
 
                  ბრუნი,     ბრუნი,     ბრუნი,
 
            როცა საბოლოოდ წახვალ, ბიჭო,    ტკბილო ბიჭო . . .
 
            სად წავედი, ძვირფასო? 
 
            ვალსში, მოცეკვავეო.
 
ძვირფასად ჩვენი მიმოსვლები ატკბობენ მდელოს.
რუბენის მეამბოხე სცენაში მაისის მოცეკვავეები გვასწავლიან ჩვენი ცოდნა მიშვებას ითხოვს!
 
მაქსიმუსმა მოგვიხმო კაცის ცეკვად.
ჩვენ მოვუხმეთ       მოეხმო
         ჟამი            დაჟამული გონის
მიღმა!
 
               ძვირფასად
ვერთვით მწვანედ ვუცეკვოთ მდელოს.
 
უიტმენი მართალი იყო. ჩვენი სახელები
       ბალახის ფოთლების სარად რჩება,
სახება და კეთილგანწყობა,      ადამიანური სიმწვანე
 
უხეში ბალახებრ წელიწადის უსასტიკეს დროს რომ უძლებს.
 
        ახლა ვხედავ ნათებას.
        მოცეკვავეები წავიდნენ.
        გროვებად ცვენილან, დახარჯულები,
        სიქაგამძვრალები ვამბობთ.
 
        შუადღემდე იძინებენ.
 
        მაგრამ მე ადრე ვბრუნდები
        მდუმარებისთვის,
        კოხტა მწვავე ტკივილისთვის რომელიც
 
                  ყვავილია
 
        მდუმარ ცეკვის-ალაგს დავბრუნებივარ.
 
ეგ იყო ჩემი სამუშაო იმ ზაფხულს. სამამდე ვცეკვავდი, შემდეგ დერეფნის გვას ვიწყებდი, რომ ექვსამდე მომემთავრებინა — ლუდის ბოთლები, ჩამწვარი სიგარეტები, ქაღალდები წინა ღამის სამახსოვროდ. ახლა რომ ვიწერ ამას, შედეგია, მდუმარება, რაც მაგონდება. ცეკვის ნაწილი, აგრეთვე, ცეკვის დროის გამოხატულება. როგორც თითქმის მკვდრების ძილი. ეგეც მაქვს ლექსში, ფრიდლის შესახებ, რომ გოდებს რის ფსკერზე. მაგრამ ეგ სხვა ოთახი იყო. ჩემი აღწერის ნაწილი. რასაც ვხედავ მდელოა . . .
 
         გავიპარები მათ გაღვიძებამდე
                და ვნახავ როგორ ბრწყინავს ცვარი.
 
 
 
 
 
სიზმრის მონაცემი
 
ნორჩი იაპონელი ვაჟი მოსამსახურე ბიჭს ეტრფოდა.
გიყვარდეს! თუ გახსოვს, რაოდენ იმართება მთელი სამყარო
მოვლენით, რომელიც ეკვრის
                        ყოველივეს, რაც ხდება,
ასათუთებს და ანამდვილებს
               გატენილი გასახდელის, კულისების
დერეფნიდან გამავალი საკუჭნაოს, კაბინეტის
               ანდა საწყობის დეტალებს, სადაც მალულად,
სასაბუთე კარადებს შორის         — მაგრამ გამომჟღავნების რამხელა სიამით!
               ყოველი ჟესტი
აღ სრულებული, მეტად, ვიდრე შეგრძნობადია.
               და სიყრმე სიყრმეზე შეყვარებული!
               ხვალ ოცი წლისანი
იქნებიან, და შეყვარება იქცევა
               განკერძოებად, რომელიც, სიზმრად, დედამ გვირჩია.
               თავი სხეულზე მაღლა გეჭიროს, გვითხრა.
ნედლი აბრეშუმის დაუსვრელი სახელოები დაეშვნენ მისი მკლავებიდან, თავს
    ზემოთ დრამატულად რომ აეტყორცნა, რათა გამოევლინა
                დაუდევრობა - რისადმი         —ზრუნვის?
ან იყო კი ეს დაუდევრობა? არსებობდა,
თქვა კი მან, ესთეტიკა
                 სექსზე მძლავრი?        ხოლო დაბლა,
პრინცი თავის ლაბორატორიაში, ბიჭი მის დამხმარედ,
                 განცდებით ექსპერიმენტირებდა, დირიჟორებად იხმარდა
წნევებს და ნიჟარის სარჭობებს, რომლებსაც სახის ხორცს უმაგრებდა,
                 შეხებაში მოჰქონდა, მექანიკური მიწა
ტკივილის მინიჭების ნაცვლად.      მიღმა
                 ღია კარს იქით ახსენებდნენ
ავზებს და ბაგებს     თითოეულში რომელთაგანაც        მამრის ტორსები.
                 აგვისტოს პირველს, ლტოლვის მოსავლის აღების ჟამს,
დამახინჯებულნი? დასახიჩრებულნი? ისინი იყვნენ მიზნები შენარჩუნების
თუ მას დამორჩილებულნი. უსიყვარულოდ, მკვდარნი ცოცხლობაში,
                 ცოცხალ-მკვდრები. ლამასის ბინადრები,
ჯოჯოხეთის აბანოებში მობანავენი. ესენი, თქვა პრინცმა,
                 ოდეს ვიყავი შეყვარებული
                 მარად თან მახლდნენ სადაც ვიყავი.
 
 
 
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული