• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

შესაძლო ბოროტება

×
ავტორის გვერდი შირლი ჯექსონი 27 იანვარი, 2021 2177

მის ადელა სტრეინჯვორტი კოხტად მიაბიჯებდა მეინ სტრიტზე სასურსათო მაღაზიისკენ. ღამის კოკისპირული წვიმის შემდეგ ამ დილას მზე ანათებდა, ჰაერი სუფთა იყო და მის სტრეინჯვორტის პატარა ქალაქშიც ყველაფერი სუფთა და ნათელი იყო. მის სტრეინჯვორტმა ღრმად ჩაისუნთქა და გაიფიქრა, რომ ვერაფერი შეედრებოდა ზაფხულის დღის არომატს.

რა თქმა უნდა, ქალაქში ყველას იცნობდა. როდესაც ტურისტები ქალაქში სეირნობისას მის ულამაზეს ვარდების ბაღთან ჩერდებოდნენ, მის სტრეინჯვორტს მათთვვის ყველაზე მეტად იმის თქმა უყვარდა, რომ მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ერთ დღეზე მეტიც არ გაუტარებია სხვა ქალაქში. - მე სამოცდათერთემეტი წლის ვარ, - ეუბნებოდა ტურისტებს. ამ დროს მის პატარა ლამაზ ქვედა ტუჩთან ღიმილის ნაჩვრეტი გამოისახებოდა ხოლმე. მის სტრეინჯვორტს ზოგჯერ ის ფიქრიც იპყრობდა, რომ ეს ქალაქი მას ეკუთვნოდა. -  ფლეზენთ სტრიტზე პირველი სახლი ბაბუაჩემმა ააშენა, - ამბობდა ხოლმე და ამ დროს ლურჯი თვალები განსაკუთრებით უფართოვდებოდა. - აი, სწორედ ეს სახლი. ას წელზე მეტია, რაც ჩემს ოჯახს ამ ქალაქში უცხოვრია. ეს ვარდები ბებიაჩემმა დარგო, მათზე დედაჩემი ზრუნავდა. სწორედ ისე, როგორც მე.

მართალია, ტურისტები ხშირად სთხოვდნენ, მაგრამ მის სტრეინჯვორტი არასდროს არავის ჩუქნიდა თავის ვარდებს. ეს ვარდები ფლეზენტ სტრიტს ეკუთვნოდა და მის სტრეინჯვორტს ამაზე ფიქრიც კი აძრწუნებდა, რომ ვინმეს ისინი უცხო ქალაქში, უცხო ქუჩებში უნდა წაეღო...

ზაფხულის დილას მეინსტრიტზე გავლისას მის სტრეინჯვორტს უწევდა ყოველ წუთს გაჩერებულიყო და ვინმესთვის მშვიდობიანი დილა ესურვა, ან ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მოეკითხა. როდესაც სურსათის მაღაზიაში შევიდა, დახლებთან და თაროებთან შეკრებილი უამრავი ადამიანი შებრუნდა მისკენ, რომ ხელი დაექნიათ, მისალმებოდნენ და მშვიდობიანი დილა ესურვათ მისთვის.

- თქვენც მშვიდობიან დილას გისურვებთ, ბატონო ლუის, - თქვა მის სტრეინჯვორტმა.

- დილამშვიდობის, - თქვა ბატონმა ლუისმა და ზრდილობიანად დაუმატა, - მშვენიერი დღეა.

- დიახ, მშვენიერი დილაა, - თქვა მის სტრეინჯვორტმა. - ხბოს ნეკნები მომეცით, ბატონო ლუის. ხბოს მჭლე ხორცი. ეს მარწყვი არტურ პარკერის ბაღიდანაა? წელს ადრეულად დამწიფებულა.

- დღეს დილით მოიტანა არტურმა, - თქვა ბატონმა ლუისმა.

- ყუთი დამჭირდება. - თქვა მის სტრეინჯვორტმა. ბატონი ლუისი აღელვებული ჩანდა. მის სტრეინჯვორტმა იფიქრა, შემდეგ ცოტა იყოყმანა და ბოლოს დაასკვნა, რომ ბატონი ლუისი მარწყვის გამო ნამდვილად არ იღელვებდა ასე. საკმაოდ დაღლილიც ჩანდა. - და კიდევ კატის საჭმელი და ვფიქრობ, პომიდორიც.

ბატონმა ლუისმა დახლებზე ხმის ამოუღებლად მოუყარა თავი მის სტრეინჯვორტის შეკვეთას და ელოდებოდა. მის სტრეინჯვორტმა მას ცნობისმოყვარე მზერით შეხედა და თქვა, - დღეს სამშაბათია, ბატონო ლუის. დაგავიწყდათ ჩემთვის შეგეხსენებინათ.

- მართლა? მაპატიეთ.

- წარმოიდგინეთ, თვენ დაგავიწყდათ ჩემთვის შეგეხსენებინათ, რომ სამშაბათობით ყოველთვის ჩემს საყვარელ ჩაის ვყიდულობ, - თავაზიანად თქვა მის სტრეინჯვორტმა. – 250 გრამი ჩაი, თუ შეიძლება, ბატონო ლუის.

- მეტს ხომ არაფერს ინებებთ? - კითხა ბატონმა ლუისმა.

- დიახ, ბატონო ლუის, გმადლობთ. მშვენიერი დილაა, არა?

- ნამდვილად, - თქვა ბატონმა ლუისმა.

მის სტრეინჯვორტი ცოტათი ჩაიწია, რომ გზა მისის ჰარპერისთვის დაეთმო. - დილამშვიდობის, ადელა, - თქვა მისის ჰარპერმა, - დილამშვიდობის, მართა, - უპასუხა მის სტრეინჯვორტმაც.

- შაქრის ფხვნილი გამითავდა, - აუხსნა მისის ჰარპერმა. ხელი ცოტათი უკანკალებდა, როცა უბის წიგნაკს ხსნიდა. მის სტრეინჯვორტმა გახედა და  ჩაფიქრდა, ნეტავ სათანადოდ თუ უვლიდა თავს მისის ჰარპერი. აღარ არის ისეთი ახალგაზრდა, როგორც ადრე. კარგი მატონიზირებელი სასმელი ნამდვილად არ აწყენდა.

მაღაზიიდან სურსათის შეკვრით გამოსული მის სტრეინჯვორტი მოაბიჯებდა ნათელი დღის შუქზე და წუთით შეჩერდა, რომ კრეინების ბავშვისთვის დაეხედა და გაეღიმა. სითბოთი უცქერდა ჩვილისთვის საგულდაგულოდ მოქარგულ  ქუდს და ეტლის მაქმანებიან  გადასაფარებელს და ფიქრობდა, რომ დონ და ჰელენ კრეინები ყველაზე გადარეული ახალგზრდა მშობლები იყვნენ, ვინც კი ოდესმე ენახა.

- ეს პატარა გოგონა რომ გაიზრდება აუცილებლად მდიდრულად იცხოვრებს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში, - უთხრა მან ჰელენ კრეინს. ჰელენმა გაიცინა. - ჩვენც სწორედ ასე გვინდა ვაგრძნობინოთ მას თავი, პრინცესასავით, - უპასუხა ჰელენმა.

- პრინცესები ზოგჯერ დიდი ხათაბალები არიან, - მშრალად თქვა მის სტრეინჯვორტმა. - რამდენი წლისაა მისი უდიდებულესობა?

- შემდეგ სამშაბათს ექვსი თვის იქნება, - თქვა ჰელენმა და აღტაცებით დახედა თავის შვილს. - თუმცა ბოლო დროს მასზე ვნერვიულობ. ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო მეტად მოძრავი უნდა იყოს? მაგალითად, უკვე ხომ უნდა ცდილობდეს წამოჯდომას?

- უმნიშვნელო და წარმოსახვითია თქვენი ნერვიულობა, - მხიარულად აღნიშნა მის სტრეინჯვორტმა.

- ის უბრალოდ ნელი მეჩვენება, - თქვა ჰელენ კრეინმა.

- სისულელეა. ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია. ზოგი უფრო სწრაფად ვითარდება, ზოგიც უფრო ნელა.

- სწორედ ამას ამბობს დედაჩემიც, - გაეცინა ჰელენ კრეინს და ამჯერად ცოტაოდენი სირცხვილის გრძნობით დახედა პატარას.

- ალბათ ახალგაზრდა დონი კიდე იმაზე ნერვიულობს, რომ მისი ქალიშვილი უკვე ექვსი თვისაა და ჯერ კიდევ არ უსწავლია ცეკვა, ხომ?

- არა, ეს ყველაფერი მასთან არ მიხსენებია. ალბათ, ის ისეთი ძვირფასია, რომ ყველაფერზე ვნერვიულობ რაც მას ეხება.

- ხოდა, ახლავე მოუბოდიშე პატარას, - თქვა მის სტრეინჯვორტმა. შემდეგ თავისთვის ჩაიცინა, თავი დაუქნია ჰელენს და გზა განაგრძო მზიანი ქუჩისკენ. ჯერ ბილი მურთან შეჩერდა, კითხა თუ რატომ არ იყო მამამისის ახალი ბრდღვიალა მანქანით გამოსული. შემდეგ რამდენიმე წუთით ბიბლიოთეკარ მის ჩანდლერს გაუბა საუბარი ახალი ნოველების შეკვეთასა და მათი მისაკუთრებისთვის თანხის გადახდაზე. მის ჩანდლერი ძალიან გონებაგაფანტული ჩანდა. როგორც ჩანს, ის სულ სხვა რამეებზე ფიქრით იყო გართული . მის სტრეინჯვორტმა ისიც შეამჩნია, რომ მის ჩანდლერს საკუთარი ვარცხნილობა დიდად არ ადარდებდა ამ დილას. მის სტრეინჯვორტმა მძიმედ ამოიხვნეშა.  სძულდა უწესრიგობა.

მის სტრეინჯვორტი ფიქრობდა, რომ ბოლო დროს ბევრი ადამიანი ჩანდა შეწუხებული. ჯერ კიდევ გუშინ სტიუარტების თხუთმეტი წლის ქალიშვილი ლინდა ტირილით გამოვარდა თავისი ეზოდან და სკოლამდე ასე ტირილით მივიდა, სულ არ ადარდებდა ვინმეს რომ დაენახა. ქალაქში ხალხი ფიქრობდა, რომ ჰარისების ბიჭთან მოუვიდა ჩხუბი, თუმცა გაზიანი სასმელების მაღაზიში ერთად გამოჩნდნენ  როგორც ყოველთვის სკოლის შემდეგ. ორივეს პირქუში, დაღვრემილი და ცივი სახე ქონდა.

თავის სახლს ძალიან ცოტა მანძილიღა აშორებდა, როცა საკუთარი ვარდების სურნელი იგრძნო და ნაბიჯს აუჩქარა. ვარდების სურნელი სახლს ნიშნავდა, სახლი კი ნიშნავდა მის სტრეინჯვორტის სახლს ფლეზენტ სტრიტზე. სახლთან მისული მის სტრეინჯვორტი ცოტა ხანს ჭიშკართან შეჩერდა და როგორც ყოველთვის ჩვეოდა, სიამოვნებით გასცქეროდა თავის სახლს. სახლს, რომლის გაზონსაც შემოხვეოდა წითელი, ვარდისფერი და თეთრი ვარდები. ვერნდას კი ჰიბრიდული ჯიშის წვრილღეროიანი ვარდები შემოხვეოდა ლიანებივით. უცქერდა მის სტრეინჯვორტი დაუჯერებლად აკურატულ, მოწესრიგებულ სახლს, მის მშვენიერებას, მის სისუფთავეს და სითეთრეს... მის სტრეინჯვორტი  კიბეებზე ავიდა, წინა კარი გასაღებით დაკეტა და სამზარეულოში შევიდა ყველა პროდუქტის თავის ადგილას დასადებად. საკუთარ თავთან ქონდა დისკუსია დაელია თუ არა ჩაი, მაგრამ იფიქრა, რომ თითქმის შუადღე იყო და მას აუცილებლად მოშივდებოდა და სწორედ მისი ნაყიდი პატარა ხბოს ნეკნები მოუნდებოდა თუ ახლა ჩაის დალევდა. ამის მაგივრად ის თავის ნათელ, ლამაზ სასტუმრო ოთახში გავიდა... მის სტრეინჯვორტმა წითელი ვარდების ქოთანი ფანჯარასთან დაბალ მაგიდაზე დადგა. ოთახი ვარდის სურნელით გაიჟღინთა.

მის სტრეინჯვორტი კუთხეში ვიწრო მერხს მიუახლოვდა და გასაღებით გააღო. წინასწარ არასოდეს იცოდა როდის მოისურვებდა წერილების დაწერას, ამიტომ ფურცლებს ყოველთვის ამ მერხში ინახავდა და საკეტით კეტავდა. მის სტრეინჯვორტის კრემისფერი საკანცელარიო ყუთი მძიმე იყო. ზემოთა კუთხეში „სტრეინჯვორტის სახლი“ ქონდა ამოტვიფრული. თუმცა, როცა მის სტრეინჯვორტს წერილის დაწერა მოუნდებოდა, ყოველთვის ფერად ფურცლებს იყენებდა - ვარდისფერს, მწვანეს, ლურჯს და ყვითელს. ქალაქში ყველა ყიდულობდა ასეთ ფერად ფურცლებს უცნაური, არაოფიციალური წერილების, ან საყიდლების სიისათვის. ასეთი ფურცლების შესანახად ყველა ფურცლების შესაფერის კონვერტს იყენებდა მათზე ამოწერილი რეცეპტების საგულდაგულოდ შესანახად, მათში უცნაური რამეების ჩასადებად, ან სკოლაში წასაღები ლანჩის ყუთში ორცხობილების შესანახადაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ მის სტრეინჯვორტი მერხში ბუმბულებიან მოოქროვილ სამელნე კალამს ინახავდა, წერილების დასაწერად ყოველთვის ფერმკრთალ, კარგად გათლილ ფანქარს იყენებდა, შემდეგ კი წერილებს ბავშვურ ბეჭედს ასვამდა. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტზე მთელი გზა ფიქრობდა, წუთით დაფიქრდა, სიტყვბი კვლავ დაალაგა და ვარდისფერ ფურცელზე დაწერა: „ოდესმე გინახავთ იდიოტი ბავშვი? ზოგ ადამიანს საერთოდაც არ უნდა ყავდეს შვილები, ასე არაა?“

წერილით კმაყოფილი დარჩა. უყვარდა, როცა ყველაფერს სწორად აკეთებდა.

კიდევ ერთი წუთით დაფიქრების შემდეგ გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთი წერილის დაწერა სურდა, შესაძლოა, ამჯერად ქალბატონი ჰარპერისთვის, რომ ეს უკანასკნელი მის სტრეინჯვორტის წერილების სხვა ადრესატებს არ ჩამორჩენოდა. ამჯერად მან მწვანე ფურცელი აირჩია და წერას შეუდგა: „იცი რაზე იცინოდა ყველა, როცა ხიდის კლუბიდან  გამოხვედი ხუთშაბათს? თუ ცოლმა ყველაზე ბოლოს უნდა გაიგოს სიმართლე?“

მის სტრეინჯვორტს არასდროს აინტერესებდა ფაქტები. მისი წერილები, როგორც წესი, ეჭვებს ეყრდნობოდა. მაგალითად, ბატონი ლუისი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი შვილიშვილი დიდი რაოდენობით იპარავდა ფულს  მაღაზიიდან რომ არა მის სტრეინჯვორტის წერილები. ბიბლიოთეკარი მის ჩანდლერი და ლინდა სტუარტის მშობლები ყოველგვარი ეჭვებისგან თავისუფლები გააგრძელებდნენ ცხოვრებას და ვერასდროს გაიგებდნენ, რომ მათ ახლოს შესაძლო ბოროტება დაძრწოდა მის სტრეინჯვორტის წერილებს რომ არ აეხილათ მათთვის თვალები. მის სტრეინჯვორტს ძალიან გაუკვირდებოდა ლინდა სტუარტსა და ჰარისების ბიჭს შორის რამე რომ მომხდარიყო, მაგრამ ვინაიდან ეშმაკს არ ეძინა და სამყაროში დაძრწოდა, ეს სწორედ მის სტრეინჯვორტის ვალი იყო თავისი ქალაქი გამოეფხიზლებინა. მაგალითად, ქალბატონი ჩანდლერისთვის უკეთესი იყო ფიქრებში და ეჭვებში ყოფილიყო იმის თაობაზე, თუ როგორ, ან რით გარდაიცვალა ბატონი შილის პირველი მეუღლე, ვიდრე ამაზე არაფერი ცოდნოდა. გარშემო იმდენი ბოროტი და ცოდვილი იყო, მხოლოდ მის სტრეინჯვორტი იყო უცოდველი მთელს ქალაქში.

გარდა ამ ყველაფრისა, მის სტრეინჯვორტს უბრალოდ ძალიან უყვარდა წერილების წერა.

ერთი წუთის შემდეგ მან წერილს ადრესატის სახელი - „დონ კრეინი“ დააწერა და ვარდისფერ ფურცელზე დაწერილ წერილის ვარდისფერი კონვერტი შეუხამა. მეორე წერილი, რომელიც მწვანე ფურცელზე დაწერა, მწვანე კონვერტში ჩადო, „მის ჰარპერს“ დააწერა. შემდეგ ახალი იდეა მოუვიდა. ლურჯი ფურცელი აიღო და დაწერა: „ექიმებს ვერაფერს გაუგებ. გახსოვდეს, რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორებიც ჩვენ და ყველა დანარჩენივით მხოლოდ ფული აინტერესებთ. დავუშვათ, შემთხვევით დანა გაუსრიალდათ ხელიდან. ასეთ შემთხვევაში ექიმი ბერნსი მიიღებდა თავის გასამრჯელოს და დამატებით თანხას თქვენი ძმისშვილისგან?“

ლურჯი წერილი და ასეთივე ფერის კონვერტის ადრესატი ქალბატონი ფოსტერი იყო, რომელიც შემდეგ თვეში ოპერაციის გაკეთებას აპირებდა და რომელსაც ძვისშვილი უფინანსებდა. კიდევ ერთი წერილის დაწერას აპირებდა სკოლის სამეურვეო საბჭოს დირექტორისთვის. აპირებდა ეკითხა საიდან ქონდა მისი ქიმიის მასწავლებლის - ბილი მურის მამას ახალი კაბრიოლეტის ფული, მაგრამ მიხვდა, რომ ერთდოულად ამდენი წერილის  დაწერით დაიღლებოდა. დღეისთვის ეს სამი წერილიც საკმარისი იყო.

ბოლო წელს მის სტრეინჯვორტი ორ ან სამ წერილს თუ წერდა დღეში, ზოგჯერ კი ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი წერილი შეიძლება დაეწერა. წერილებზე პასუხი არასდროს მოსდიოდა. რა თქმა უნდა, ის ხომ თავის სახელს არასდროს წერდა. ქალაქი, სადაც ცხოვრობდა სუფთა და განწმენდილი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან გარშემო ყველა ავხორცი, ბოროტი და დეგრადირებული იყო და თვალყურის დევნება ჭირდებოდა. მსოფლიო ასეთი უზარმაზარი იყო და მხოლოდ მის სტრეინჯვორტი იყო დარჩენილი, ვისთანაც ეშმაკს ჯერ კიდევ არ მიეკითხა. მის სტრეინჯვორტმა ღრმად ამოისუნთქა, მერხი კვლავ გასაღებით ჩაკეტა და თავისი წერილები დიდ შავ ტყავის უბის წიგნაკში ჩაალაგა, რათა საღამოს გასეირნების დროს ფოსტით გაეგზავნა ადრესატებისთვის.

მშვენივრად შეწვა ხბოს ნეკნები, წვრილ ნაჭრებად დაჭრა პომიდორი, გაიმზადა ჩაი და მაგიდას მიუჯდა. იჯდა ფანჯარაში შემოჭრილ მზის თბილ სხივებში, გაჰყურებდა მის ბაღში გაშენებულ ვარდებს, ხელში კი მოვერცხლილი ფაიფურის გამჭვირვალე ფინჯანი ეჭირა. მის სტრეინჯვორტი კმაყოფილი იყო. დღეს სხვა არაფრის გაკეთებას აღარ აპირებდა.

ცოტა ხნით თვლემის შემდეგ თავის ბაღშიც წაიმუშავა სიცხისგან თავის გასართობად. შემდეგ  ვახშამს შეუდგა. ჭურჭლის გარეცხვის და სამზარეულოში ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენის შემდეგ ტრადიციულად, საღამოს სეირნობას შეუდგა, იღლიაში კი თავისი პატარა საფულე ამოიჩარა.

მხოლოდ ერთი ადგილი იყო ქალაქში, საიდანაც მის სტრეინჯვორტი წერილებს აგზავნიდა - ფოსტის ახალი ოფისი, წითელი აგურებითა და ვერცხლისფერი ასოებით მოკაშკაშე. მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს არ აწუხებდა რაიმე განსაკუთრებული ფიქრი, წერილების საიდუმლოდ გაგზავნაში მისთვის დიდი აზრი იდო. რა თქმა უნდა, ჭკვიანური არ იქნებოდა ისეთ დროს წასულიყო ფოსტაში, რომ ვინმეს დაენახა. ამიტომ ნაბიჯებს აუჩქარა. სიბნელეც ნელ-ნელა ჩამოწვა, ჩამოეფინა ხეებს და ადამიანთა სახეებს. მის სტრეინჯვორტი კი მიუხედავად სიბნელისა, არავის აერეოდა სხვაში. მისი ამოცნობა ყოველთვის ადვილი იყო მისი წმინდანივით სიარულის მანერის და შრიალა ქვედაბოლოების გამო.

ფოსტასთან ყოველთვის უამრავი ახალგაზრდა ირეოდა. ბავშვების ურავლესობა მის სტრეინჯვორტის დანახვისთანავე გაჩერდნენ, მისკენ შებრუნდნენ და თავმდაბლად მიესალმნენ. მის სტრეინჯვორტიც მიესალმა მათ და სიარული განაგრძო. საფოსტო ყუთი ფოსტის ოფისის კართან იდგა. მის სტრეინჯვორტი კართან იდგა და საფულეს ხსნიდა წერილების ამოსაღებად, როცა ლინდა სტუარტის ხმა გაიგო. საბრალო ლინდა კვლავ ტიროდა. მის სტრეინჯვორტი დიდი ინტერესით უსმენდა. ბოლოს და ბოლოს ეს მისი ქალაქი, მისი ხალხი იყო. თუ ვინმე გასაჭირში იყო ეს პირველ რიგში მას უნდა სცოდნოდა.

- ამის თქმა არ შემიძლია, დეივ“, - ამბობდა ლინდა. ესეიგი ჰარისების ბიჭს ესაუბრებოდა, როგორც მის სტრეინჯვორტმა დაასკვნა. - უბრალოდ არ შემიძლია. ძალიან საზიზღრობაა.

- მაგრამ მამაშენი რატომ აღარ მაძლევს შენთან მოსვლის უფლებას? კი მაგრამ რა დავაშავე?

- ამის თქმა არ შემიძლია. ვერაფრით ვერ შევძლებ გითხრა. როგორც ჩანს ძალიან ბინძური, ბინძური გონება გაქვს.

მის სტრეინჯვორტმა ამოისუნთქა და გაბრუნდა. რამდენი ბოლოტება იყო ადამიანთა შორის. ასეთი პატარა და ლამაზი ქალაქი და მაინც ამდენი ეშმაკი იყო ჩაბუდებული ადამიანებში.

თავისი წერილები  საფოსტო ყუთში შეაცურა. ორი მათგანი მასში ჩავარდა. მესამე წერილი კუთხეს აეკრო, შემდეგ კი ძირს მის სტრეინჯვორტის ფეხთან დაეცა. მან ეს ვერ შეამჩნია. დაღლილად შემობრუნდა და  სახლის გზას გაუდგა. მას თავის მშვიდ საძინებელში მიეჩქარებოდა და ვერ გაიგონა როგორ დაედევნა ჰარისების ბიჭი, რომ მისთვის ეთქვა რაღაც დაგივარდათო.

- მოხუცი სტრეინჯვორტი ყრუვდება, - თქვა ჰარისების ბიჭმა და ხელში მის სტრეინჯვორტის წერილი ეჭირა. - ეს დონ კრეინისთვისაა და ხომ არ მიმეტანა მისთვის. - ჩაიცინა ჰარისების ბიჭმა. - შეიძლება ჩეკია ან რამე სხვა. ძალიან გაუხარდებოდა ეს წერილი დღესვე რომ მიეღო და არა ხვალ.

- ჩააგდე საფოსტო ყუთში, შენ რატომ უნდა შეიწუხო თავი სხვების გამო. - თქვა ლინდამ.

- მაინც წავუღებ. - თქვა ჰარისების ბიჭმა. - იქნებ მათთვის კარგი ამბავია. იქნებ დღესვე ჭირდებათ რამე.

ლინდა და ჰარისების ბიჭი გზას მოუყვებოდნენ, თან მის სტრეინჯვორტის ვარდისფერი კონვერტი მიქონდათ.

მეორე დილას მის სტრეინჯვორტმა განსაკუთრებული სიხარულით გაიღვიძა, წამით დაფიქრდა რატომ გრძნობდა ასეთ ძლიერ სიხარულს, მაგრამ შემდეგ გაახსენდა, რომ დღეს სამი ადამიანი გახსნიდა მის წერილს. შესალოა, თავიდან მძიმე ყოფილიყო ამ წერილების წაკითხვა, მაგრამ ბოროტება ადვილად ვერ განიდევნებოდა, განწმენდილ სულს კი არაფერი ჯობდა. სამზარეულოში ჩამოსვლისას ფიქრობდა, რომ პატარა ვაფლები არაჩვეულებრივი იქნებოდა საუზმისთვის ასეთ მშვენიერ მზიან დილას. შემოსასვლელ კართან წერილი შენიშნა და მის ასაღებად დაიხარა. დილის გაზეთი და ძალიან ნაცნობი მწვანე კონვერტი იყო. წუთით გაუნრევლად იდგა და მწვანე კონვერტს აჩერდებოდა. ძალიან გავდა მის ერთ-ერთ წერილს. „ჩემი ერთ-ერთი წერილი უკან დამიბრუნეს? არა, შეუძლებელია, ვერავინ გამოგზავნიდა უკან, რადგან ვერავინ გაიგებდა სად უნდა გამოეგზავნა. აქ როგორ მოხვდა“.

მის სტრეინჯვორტი ფლეზენტ სტრიტის მის სტრეინჯვორტი იყო და ხელები საერთოდაც არ უკანკალებდა როცა მწვანე კონვერტიდან მწვანე წერილს იღებდა. შემდეგ კი ჩუმი ტირილი აღმოხდა.

„გარშემო მიმოიხედე. ერთ დროს ეს შენი ვარდები იყო“.

 

ინგლისურიდან თარგმნა
მარიამ მერკვილაძემ
03.08.2019
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული