„მზესუმზირაზე უარესი,“ ჰქონდა მას ნათქვამი.
მაგრამ ჭეშმარიტების ახალი განზომილება ჩვენზე
ახლაღა გადმოჭრილიყო. ხამდა ახლა მისი დაგმობა.
და ამ ყიალა ჩრდილში შეიჭმება მისი ქაფურის სიმართლე.
გრილ, გნებავთ ეს თუ არა ჩრდილში ერთფეროვნება გაიხარჯება.
დაღლილი დიასახლისები ემამადეყვნენ მას ათწლეულების წინ,
ჭეშმარიტების ერთ ციცქნა ნამცეცს ანუ თაფლად ეახლა ტუჩებს
თან მილიონი მილით შორს იყო მისთვის განკუთვნილი ადგილის შევსებისგან.
ხედავ როგორ გინგრევს თაფლი სამყაროს
დაწესებულებას რომ წააგავს - რამდენი კედელი?
მერე ყველაფერი, მის წარმოდგენაში, ეგებოდა, დაძირულიყო
და სასწრაფოდ. არ იყო ცხოვრება, პირთამდე რომ გამოიცხოვრებდი
და არა - დამოკიდებულება, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, გიხსნიდა.
ღვთისმოსავი და ქარაფშუტა თანაბრად, მოემწყვდეოდა
სიკვდილის ტევად კლანჭებში
მაგრამ მიგდე ყური, მე კი შპალერზე მოგიყვები -
ყველაფრისათვის იყო გასაღები იმ მუხის ტყეში
ოღონდ ნაღვლიანი. ბავშვობიდან მოყოლებული ახლდა
ყველაფერს ეს საგანგებო მნიშვნელობა.
გეცინება მეგობრის ხუმრობაზე, ოღონდ მხოლოდ მოგვიანებით, ცრემლებს აქეთ.
რადგან გჩქმეტს ფეხსაცმელი, თუმც გერგება საგულდაგულოდ.
ვაშლები შესაგროვებლად შეიქმნენ, აგრეთვე ამალა მთელი
მსოფლიოს უქეიფობათა და გასაჭირთა.
არ არის დრო აწმყოზე ზედგამოჭრილი, რათა თავი ამ ცდუნებას მისცე.
როგორც კი მკის ალო მოვა, ცხოველები კი ზამთრისათვის გადაიდება
მიუხვედრელ ფანჯარასთან სადგომად, რომ აყვავილო უდაბნო
მარილი ცრემლებით, არავის რომ არასდროს არაფერში წაადგებიან.
უძვირფასესო ჩემო ვარ ვით გალეონ მარილის ზვირთებზე.
ზოგიერთ დღეებზე ეს პროექტები დაბრუნდებიან.
მორჩა დამკრძალავი მოგზაურობა ყინულმოფანტულ ზღვებზე.
დავიწყებამოგვრილი იღვიძებ. დღის შუქი
უკვე ეზოში გარხევს.
ცარიელად რჩებიან ხელები. ისინი ტირიფის კალათას აგებენ
ზუსტად ამ წამს, და მზის შუქის გასწვრივ წყვდიადი ფესვს იდგამს ხელახლა
მოჭიმული ქმედითობით. ეს არასოდეს გექნება მთლად ასე ნანახი
და ეს იქნება შენი ერთი ჯილდო.
სათუთი ორთქლები უსხლტება ყველაფერს, რაც კი ცხოვრებას შვება.
ღამე ცივია და ნატიფი და ცოცხალთა მიწასთან მრთხმელი
ანგელოზებით სავსე. ქარხნები უკლებლივ ჩახჩახებენ,
ჩაივლის ზარების რეკა, ყურმოუკრავი.
როგორც იქნა ერთად ვართ, თუმც შორიშორს.
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ