• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ტვირთი

×
ავტორის გვერდი გივი ავალიანი 11 იანვარი, 2023 1136

მან ბევრნაირი იცის დინება.
რა შეიძლება ატარო მხრებით?
ხელები უცებ მოგეყინება,
ზამთარში ჰაერს თუ შეეხები.

ფიფქები ცვივა, ბავშვივით თოთო,
ასე ამბობდა ბრძენი სინ ძინი:
მთელი დატვირთვით როდესაც მოთოვს,
შენ გულიანად გამოიძინე.

წუხელ, როდესაც ჭიქას ვავსებდი,
პურზე შემთხვევით დამექცა ღვინო.
შესაძლებელი არის სავსებით. 
გარეთ სხეული რომ მოგეყინოს.

ფანჯრებს მოაწყდა ზამთრის სიცივე,
ვიღაცამ მითხრა, რა გაეწყობა-
რაც შენი არის, ვერ მოიცილებ,
თან რა რთულია მასთან შეწყობა.

არ გულისხმობდა ქონებას უძრავ,
ვიღაც გვთხოვს ავყვეთ მის ჩიტო-გვრიტოს.
ისე დავმძიმდი, მხოლოდ კრინტს თუ ვძრავ,
მე შემიძლია ჩამოგიტვირთოთ

ჩემი სიტყვები, რომელიც სიზმარს
და დიდი-დიდი ერთ გვერდს რომ ავსებს.
რა გაეწყობა ან და რას ვიზამ
ვიცი. აქ დავსვამ პატარა სასვენ

ნიშანს. და ამით მორჩეს ღლიცინი,
ღმერთო, რა ბრძენი იყო სინ ძინი.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული