- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
აზროვნება ყოველთვის გარკვეულ წინამძღვრებს ემყარება. ჯერ კიდევ მერაბ მამარდაშვილმა 1990 წელს ფიზიკის ინსტიტუტში წაკითხულ ლექციათა ციკლში, ხაზი გაუსვა რომ საბჭოთა დიქტატურის თავისებურება, მისი ბოროტების განუზომლობა სწორედ ადამიანის აზრობრივი ველებისა და სტრუქტურების რღვევაში ჩანს, რის შედეგადაც ჩვენ - საბჭოთა სისტემაში დაბადებულ ადამიანებს არ გვექნება იმის საშუალება სწორად გავიაზროთ რაც ჩვენს გარშემო ხდება. ამ გენიალურმა ფილოსოფოსმა სწორად დასახა ამოცანა, თუ გვინდა მოვიპოვოთ თავისუფლება აუცილებელია, პირველ რიგში ვისწავლოთ სწორად აზროვნება. ხელოვნება, მითოსი, ფილოსოფია, ყველაფერი რაც ადამიანის აზროვნების შედეგად იქმნებოდა, ყალიბდებოდა და მოგვითხრობდა გარკვეულ ჭეშმარიტებებზე, რომელიც თავის თავში მატერიალურ სამყაროსთან ერთად ირაციონალურ ცოდნასაც მოიცავდა, ასევე ემყარებოდა გარკვეულ წესრიგს. მითოლოგიის აბსოლუტურ ცოდნაზე ნამდვილად ვერ დავდებ თავს, არც ლეგენდების მკვლევარი ვყოფილვარ ოდესმე, მაგრამ მითოსშიც და შემდგომში ნელ-ნელა განვითარებულ ლიტერატურაშიც ყოველთვის დაცული იყო ერთი ხაზი - ესაა ჭეშმარიტების ძიება და გმირს, ეს ჭეშმარიტება, სიკეთე, მოაქვს ადამიანურ სამყაროში. ჩვენი პირველი გმირულ-სამიჯნურო პოემა ”ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ასე ისტერიულად გვიყვარს დღემდე, სწორედ ამ ხაზს მიყვება. ნესტან დარეჯანი, რომელსაც ზვიად გამსახურდია ”ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველებაში” უკავშირებს სუფისტურ ნესთ ანდარე ჯეჰანს, სწორედ ჭეშმარიტების, ან გნებავთ ღმერთის სიმბოლოა. ნესთ ანდარე ჯეჰან სიტყვა სიტყვით ითარგმნება როგორც - მსგავსი არ არს ქვეყნად. ამ სიმბოლოს იყენებდნენ სუფისტები ღმერთის, ჭეშმარიტების გამოსახატად. პოემის მიხედვით ჭეშმარიტებას იტაცებენ და ატყვევებენ ქაჯები, რომლებიც ”ვეფხისტყაოსნამდეც” ქართულ მითოსში გამოხატავდნენ ბოროტ ძალას, ბნელ, არაადამიანურ ძალას. ქაჯების თავისებურება სწორედ ისაა, რომ ისინი ადამიანური სახით არსებობენ, მაგრამ შინაგანად მათ არაფერი აკავშირებთ ადამიანთან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ”ვეფხისტყაოსანში” ხაზი მითოსურ აზრთა წყობას მიყვება. ადამიანებს ტაცებენ ჭეშმარიტებას, მის დასახსნელად გმირები იწყებენ ”ქაჯეთის” ძებნას, რომელიც ნორმალური სამყაროდან ძალიან შორსაა. საჭიროა იპოვონ ბოროტების ეს სავანე და მისგან დაიხსნან ”ღვთაებრივი სიმართლე”. როცა ჩემთვის ერთ-ერთმა საყვარელმა პოეტმა პაატა შამუგიამ თავისი ლექსების კრებულს ”ანტიტყაოსანი” უწოდა, ბევრი ვიფიქრე რატომ შეიძლებოდა პოეტს ეგრძნო ეს იმპულსი. პაატა დიდხანს იგერიებდა თავდასხმებს საზოგადოებისგან და როგორც ზოგადად ჩვენთან ხდება ხოლმე, კრებულს ნორმალურ რეჟიმში ლიტერატურული დისკუსიები არ მოჰყოლია. ყველაფერი გადაიზარდა თავდასხმასა და თავდაცვაში, მაგრამ დისკუსია არ შემდგარა. მოვლენები ზუსტად ასე მაგრამ უფრო მძაფრად განვითარდა ერეკლე დეისაძის მოთხრობების კრებულის ”საიდუმლო სირობის” გამოცემის შემდეგაც. ასე ესხმოდნენ თავს ლაშა ბუღაძეს, ზაზა ბურჭულაძეს და კიდევ უამრავ ახალი თაობის მწერალსა თუ პოეტს. საზოგადოება ჩვენგან მუდმივად ითხოვს იმ ხაზის გაყოლას, რომელიც ტრადიციულად ლიტერატურაში ჯერ კიდევ მითოსიდან შემოვიდა დამკვიდრდა და დიახაც ნორმალურ პირობებში არტისტი სწორედ ამ ხაზს უნდა მიყვებოდეს. მაგრამ რატომ ვერ ვახერხებთ ამას? რატომ ვწერთ ”ანტიტყაოსანს”, რატომ ვწერთ ”საიდუმლო სირობას”, რატომ ვწერთ ”ადიბასს”, რატომ გავიჟღინთეთ ნგრევის სურვილით? ასეთი ცუდები ვართ? არ გვიყვარს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, საკუთარი ოჯახიც კი? ნიჭიერება არ გვყოფნის? ცოდნა არ გვყოფნის? არა, არა და არა. საქმე იმ იმპულსშია, რომელიც ჩვენი გარემოდან მოდის და რომელიც არ გვაძლევს საშუალებას მოვიტყუოთ. რატომ? რატომ და იმიტომ რომ ქაჯეთი აღარაა ადგილი, სადაც შეიძლება წახვიდე, გაემგზავრო როგორც გმირი ჭეშმარიტების გამოსახსნელად. ამ აზრობრივ ხაზს ვეღარ მივყვებით რადგან ჩვენ პირდაპირ ქაჯეთში დავიბადეთ. ჩვენ კი არ მოგვტაცეს ჭეშმარიტება, რომელიც შეიძლება დავუბრუნოთ ადამიანებს, უბრალოდ პირდაპირ ქაჯეთის ეპიცენტრში აღმოვჩნდით. ჩვენ ერთადერთი მოგზაურობა დაგვრჩა, მოგზაურობა ნორმალური სამყაროს აღმოსაჩენად, მაგრამ იმისათვის რომ ეს ნორმალური სამყარო გაფართოვდეს, იმისათვის რომ გაჩნდეს სივრცე ამ ნორმალური სამყაროსთვის, ქაჯეთი უნდა განადგურდეს. სამწუხაროდ იგი არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას, გადაკეთებას და ა.შ. ის უნდა განადგურდეს. ახლა ვეღარ დაწერ ვეფხისტყაოსანს არა იმიტომ რომ ნიჭიერება არ გეყოფა, არა იმიტომ რომ ფორმა მოძველებულია, არა იმიტომ რომ გმირულ-სამიჯნური ეპოსის დრო წავიდა, თუნდაც იმიტომ რომ შეიცვალა ”აზროვნების გეოგრაფია”. ”ვეფხისტყაოსანი” სანიშნედ ვეღარ გამოგვადგება, ამიტომ უნდა დავწეროთ ”ანტიტყაოსანი”, ამიტომ ხაზი უნდა შევატრიალოთ, ამიტომ ჩვენ უნდა გავიქცეთ ქაჯეთიდან და ვეძებოთ ნორმალური სამყარო, მაგრამ ვერ გავიქცევით, რადგან ნორმალური სამყარო სადღაც ძალიან პატარა ადგილზეა და მისი არსებობისთვის ჩვენი ვალია ქაჯეთი გავანადგუროთ.
ქაჯეთის განადგურებაში უნდა ვიგულისხმოთ არა საკუთარი კულტურული ტრადიციების განადგურება, არამედ ამ კულტურული ტრადიციების სწორი გააზრებისთვის საჭირო სივრცის შექმნა. თანამედროვე ქართული მენტალობა, რამდენადაც იგი ჯერ კიდევ საბჭოურია, არ იძლევა ჩვენივე კულტურის გააზრების შესაძლებლობას. ამიტომ არსებითად ჩვენ ვანადგურებთ არა კულტურას, არამედ მისი გააზრების დამახინჯებულ წესს. ”ანტიტყაოსანი” უპირისპირდება არა ”ვეფხისტყაოსანს” არამედ ”ვეფხისტყაოსნის” ქაჯურ გაგებას. ეკო დეისაძის ”საიდუმლო სირობა” არის არა ქრისტიანულ ფასეულობებზე შეტევა, არამედ ქრისტიანული ფასეულობების არასწორ გააზრებაზე შეტევა. მაგრამ ქაჯებისთვის ეს ძნელად გასაგები თემაა. ჩვენ ვცხოვრობთ აზრობრივ სივრცეში, სადაც გააზრება შეუძლებელია. ერთ მაგალითს მოვიყვან. ”26 იანვარს თბილისში ევროსაბჭოს ოფისის წინ...საპროტესტო აქცია სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციამ გამართა. მისმა პრეზიდენტმა გიორგი კერვალიშვილმა სპეციალურ მიმართვაში ამ საკითხის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიიდან მოხსნა მოითხოვა: გიორგი კერვალიშვილი: ”ევროსაბჭომ ჯობს იმაზე გაამახვილოს ყურადღება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია და არა იმაზე, რომ ვიღაც ჰომოსექსუალების უფლებები ირღვევა.“
რადიო თავისუფლება: თქვენ ფიქრობთ, რომ მათ უფლებები არ გააჩნიათ?
გიორგი კერვალიშვილი: ”უფლებები გააჩნიათ, მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მათ ლეგალიზებას. ჩვენ ტრადიციული ქვეყანა ვართ და ასეთ ქრისტიანულ ქვეყანაში მსგავსი სიმახინჯეები არ უნდა ხდებოდეს. კაცის მეძავობა კი არა, ქალის მეძავობაა შეუწყნარებელი”.
(http://www.tavisupleba.org/content/article/1940174.html)
ციტატა, რომელიც ქართული სინამდვილიდანაა აღებული, წარმოაჩენს პრობლემას, სადაც სიტყვები, ანუ ძირითადი წინამძღვრები არის მუტაციური, შეცვლილი აქვს თავისი ძირითადი მნიშვნელობა და შესაბამისად ასეთი მუტანტი აზრობრივი წინამძღვრით შეუძლებელი ხდება იმის გააზრება, რაც ჩვენს თვალწინ ხდება, ან შეიძლება მოხდეს. მსჯელობის გასაშლელად გავიხსენებ ჯორჯ ორუელის 1984-ს, სადაც საუბარია ახალმეტყველებაზე. ახალმეტყველების პრინციპი არის ძველი, ნაცნობი, კარგად გარკვეული შინაარსის მქონე სიტყვებისთვის მნიშვნელობის შეცვლა და ამ გზით ადამიანის აზრობრივი მუტაცია. 1984-ში ჩვენ ვხვდებით ასეთ მოვლენას - სამინისტროს, რომელიც დაკავებულია ომის წარმოებით ეწოდება ”სიყვარულის სამინისტრო”, ხოლო სამინისტროს, რომელიც დაკავებულია ინფორმაციის გაყალბებით, ეწოდება ”ჭეშმარიტების სამინისტრო”. ორუელი ზუსტად იჭერს, რომ თუ სიყვარულის სამინისტრო აწარმოებს ომს, მაშინ თვითონ ცნება ”სიყვარული”, იცვლის შინაარსს, კარგავს იმ სიცხადეს რაც ჰქონდა და საპირისპირო შინაარსის მატარებელი ხდება, ხოლო როდესაც ჭეშმარიტების სამინისტრო აყალბებს ინფორმაციას, ამით წინამძღვარი ”ჭეშმარიტება” იძენს საპირისპირო შინაარსს, განიცდის მუტაციას. წარმოვიდგინოთ ახლა, რომ ასეთი მუტაცია იღებს გლობალურ ხასიათს ენაში და ის სიტყვები, რომლებითაც ჩვენ უნდა გვეაზროვნა, რომლებსაც სანიშნის როლი უნდა შეესრულებინა ჩვენს აზროვნებაში, საპირისპირო შინაარსებითაა შეცვლილი, მაშინ საერთოდ დავკარგავთ აზროვნების უნარს, რადგან მთავარი იარაღი წართმეული გვექნება. ვამბობ სიყვარული, მაგრამ ვგულისხმობ სიძულვილს, ვამბობ ჭეშმარიტება, ვგულისხმობ სიყალბეს, ტყუილს. მოდით შევადაროთ ეხლა ეს ვერსია იმას, რაც დღეს ხდება ჩვენს გარშემო. ჩემს წინა ციტატაში ნახსენები პატივცემული გვამი, გიორგი კერვალიშვილი არის სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი და ამ დროს ილაშქრებს ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ. თუ კი ჩვენი აზრობრივ ველში იქნებოდა სწორი წინამძღვარი იმის შესახებ თუ რა არის ადამიანის უფლებები და მათი დაცვა, მაშინ შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის, უფლებათა დაცვის წინააღმდეგ გამოსვლა. უბრალოდ ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ. რა ხდება ახლა? მათ გულწრფელად ჯერათ, რომ არიან ადამიანის უფლებათა დამცველნი, ჩვენც ასე ვიცნობთ, მაგრამ მოქმედება და ცნება ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნების პირველადი შინაარსი გაუქმებულია ანდა საპირისპიროთია შეცვლილი. ამ მოვლენის გააზრება ტრადიციულ ტერმინებში შეუძლებელია, რადგან თუ კი ვამბობ რომ ეს ადამიანის უფლებების დამცველია, მაგრამ ის მართავს აქციას ადამიანის უფლებათა დაცვის წინააღმდეგ, მაშინ შეუძლებელია აქედან რაიმე დასკვნის გაკეთება. ეს სივრცე, ეს ველი, აზროვნების საშუალებას ძირშივე სპობს, გამორიცხავს ასევე ამ ადამიანთან დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, რადგან მიუხედავად ერთი სამეტყველო ენისა, იმ ცნების უკან, რომელიც ჩვენი დისკუსიისას ამოსავალი პუნქტი უნდა იყოს, მეც და ისიც მოვიაზრებთ სხვადასხვა შინაარსს. ანუ ჩვენ შორის კონტაქტი ვერასოდეს შედგება, ჩვენ ვერასოდეს მოვხვდებით გაგების ველში.
თუ კი მარტივ დაკვირვებას ვაწარმოებთ, დავინახავთ რომ ჩვენი ძირითადი სამეტყველო ენა, სწორედ ასეთი მუტაციური წინამძღვრებითაა სავსე. მაგალითად თუ კი სიტყვას ”ღირსება”, ექნებოდა ცხადი შინაარსი, მაშინ ”ღირსების ორდენით” ვერ დავაჯილდოვებდით ”უღირსს”. თუ გვექნებოდა ცხადი შინაარსი სიტყვისთვის ”საზოგადოება”, მაშინ ვერ ვიქნებოდით ისეთი ასოციალურნი როგორიც დღეს ვართ. თუ გვექნებოდა ცხადი შინაარსი სიტყვისთვის ”სიყვარული”, მაშინ მისი სახელით ვერ ჩავიდენდით სიძულვილის აქტს და ა.შ.
სწორედ ამიტომ ჩვენ იძულებულნი ვართ ვანგრიოთ, ვანგრიოთ ქაჯური ცნობიერება მანამ, სანამ ეს ადგილი სამუდამოდ არ მოსუფთავდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი შენება. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი კულტურული ტრადიციების გაგება და მასზე დაყრდნობით ახლის შექმნა. მანამდე კი ჩვენ ვერ ვიქნებით ჰუმანურნი, ვერ წავალთ კომპრომისზე და იძულებულები ვართ ვანგრიოთ, ვანგრიოთ დაუნდობლად და დაუღალავად, რადგან ჩვენივე კულტურულ ტრადიციაში ქაჯებთან კომპრომისებზე არ მიდიან, მათთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.