• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

კარლსონი უნდა მოკვდეს!

×
ავტორის გვერდი თაკო კერატიშვილი 00 , 0000 2664

ყველას ცხოვრებაში დგება დრო, როცა გვინდა რამის გაფუჭებით დავუმტკიცოთ სამყაროს რომ გავიზარდეთ. სამყაროს გაგება ამ შემთხვევაში ძალიან ვიწროა და ვერ სცდება ახლო მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს და იმ რამდენიმე სკოლელს, რომელმაც ბავშვობაში გული გვატკინა. ჩემს ცხოვრებაში გაფუჭების დრო გვიან დადგა, უკვე დიდიხნის გადალახული მქონდა გარდატეხის ასაკიც და ქუჩაში შემხვედრი მათხოვრებიც დეიდათი მომმართავდნენ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვიღაცამ კეთილი მიწოდა. დიდი სისულელეა იყო კეთილი. მერე დავფიქრდი რომ ყველა თავზე მაზის, მეგობრები წურბელებივით იკვებებიან ჩემი სისხლით, ოჯახის წევრები სულ რაღაცაში მადანაშაულებენ და არავის არაფერი არ ჰყოფნის; ბოლომდე უნდათ მიითვისონ ჩემი ცხოვრება, ფული, სამსახური, დრო; ჩემი ემოციებით ცხოვრობენ, მჭამენ და ვერ ძღებიან. 

პირველი რითაც სიტუაციის გამოსწორება შევეცადე, განმარტოება იყო, მაგრამ არ გამომივიდა, ყველგან უკან მომდევდნენ და საყვედურებით მავსებდნენ. განმარტოების უსუსური მცდელობებით ვერაფერს ვშველიდი და მკაცრი გადაწყვეტილება მივიღე – კარლსონი უნდა მომეკლა...

საერთოდ, კარლოსნის მოკვლა სულაც არ არის ძნელი, თუ გრძნობებს გადააბიჯებ – ზემდეტად ფუმფულები და სათუთები არიან; თან შეგიძლია ისე გადააბიჯო , რომ არც კი გაერკვე სიყვარულია, თუ უბრალოდ შეჩვევა. მთავარია იცოდე, რომ გრძნობა იყო და მორჩა. ჩემს ბევრ მეგობარს ჰყავს მოკლული თავისი კარლსონი და დიდად არ განუცდიათ, თან მერე ცხოვრებაც აიწყვეს. ერთი ვიღაც მილიონერზე გათხოვდა და ახლა ევროპაში ცხოვრობს, მეორემ კარიერა გაიკეთა და ახლა ხშირად ვხედავ ტელევიზორში ჰალსტუხწაჭერილი ტიპების გარემოცვაში, მესამემ 10 კილო დაიკლო და ა.შ. აი მე კი, უბრალოდ აღარ მინდა ვიყო კეთილი, თან განსაკუთრებული სისასტიკით თუ მოვკლავ, იქნებ ბონუსად გულცივობაც მერგოს და ჩემი ემოციურობის ნახევარიც დავმარხო მასთან ერთად.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ კარლსონს თავადაც აღარ უნდა კარლსონობა. აღარ მალავს თავის უხასიათობას, ყველაფერზე მეჩხუბება და იშვიათად მოდის ჩემთან. საეჭვო მეგობრები გაიჩინა და ამბობს ბიზნესმენი უნდა გავხდეო. აი რა უნდა კარლსონს ბიზნესში?? თან აიხირა , რომ პატარა პროპელერი აქვს და ფულს აგროვებს პლასტიკური ოპერაციისთვის. ბილწსიტყვაობაც დაიწყო და ზოგჯერ მთვრალიც მოდის. აღარ მისმენს, რჩევებს ვეღარ იტანს და ზოგჯერ უაზროდ დამიცინის. თან დიეტაზე დაჯდა და ირწმუნება რომ გამხდარი ჯუდ ლოუს ჰგავს.

ზოგჯერ ვხვდები, რომ კარლსონს არც არასდროს ვუყვარდი, ეს უბრალოდ მისი სამუშაოა – იყოს კარგი მეგობარი. ხშირად წუწუნებს, სხვა კარლსონები უფრო ხშირად იცვლიან მეგობრებს, შენ კიდევ რით ვერ გაიზარდე, ერთმანეთს ვაბერდებითო. ვიცი, რომ მართალს ამბობს, ბოლოსდაბოლოს პირადი ცხოვრებაც აღარ გამოგვდის. მე იმიტომ, რომ კარლსონი მყავს, იმას კიდევ იმიტომ, რომ კომპლექსები აქვს და პროპელერის გამოცვლამდე არავისთან არ უნდა ურთიერთობის დაწყება. ცოტა კიდევ ზრუნავს ჩემზე. ზოგჯერ სინანულით მხარზე მადებს ხელს და მეუბნება:

"– ბუშკი, მე კი მინდა წასვლა, მაგრამ შენ ხომ დეპრესიულ პოზას მიიღებ ჩემს გარეშე“

პოზას!! ...

არადა ვიღაც გოგოები ელოდებიან, ალბათ იცით ახლა როგორ მოდაშია ენაწყლიანი, ზომიერად ფერხორციანი და დაკომპლექსები ტიპები. ამას კი მე ვეცოდები აქ და საქმეებს გულს ვერ უდებს.

მინდა ახლა მე ეს შეცოდება და მოჩვენებითი სითბო? ალბათ ვერც კი ხვდება, რომ მოვკლავ.

თქვენ გიფიქრიათ რა სასიამოვნო შეიძლება იყოს მოკვლა არსების, რომელიც გიყვარს და შენი არაა? ვაპირებ ამ პროცესში დავხარჯო მთელი ჩემი ვნება მის მიმართ და მერე აღარ გავიხსენო... რისკი დიდია, მე ხომ კარლსონის გარეშე არსებობა არ შემიძლია– ადრე ვცადე და რამდენიმე დღეში დავუბრუნდი. სხვათაშორის, ძალიან მშვიდად იჯდა სახურავზე, მზეს ეფიცხებოდა და მუსიკას უსმენდა. რომ დამინახა, ცალი თვალი მოჭუტა, თავი გვერდზე გადახარა და გამარჯვებით ნასიამოვნები ღიმილით მითხრა:

„–ბუშკი, მე მატყუარა არა ვარ“

არადა მე ვეუბნებოდი რომ მენატრება, რა შუაში იყო ეს პასუხი?? თან როგორი დარწმუნებული იყო, რომ დავბრუნდები... აუცილებლად უნდა მოვკლა!

.....

აღმოჩნდა, რომ კარლსონის მკვლელობის დაგეგმვა ნამდვილად არაა ისეთი ადვილი, როგორც მისი მოკვლა. ეს ხომ ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მომენტი იყო ცხოვრებაში. თან ერთი გასროლით ხომ არ მოკლავ საყვარელ არსებას. მოკლედ, ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვის იდეა თავიდანვე გამოვრიცხე და დანებზე ფიქრი დავიწყე. ლამაზი და მჭრელი დანები მჭირდებოდა, თან ძვირფასი – მინდოდა რომ მკვლელობა ხანგრძლივ რიტუალად გადამექცია, რომლითაც საბოლოოდ დავემშვიდობებოდი კარლსონს და ჩემი ხასიათის რამდენიმე დადებით შტრიხსაც. ზუსტად გავთვალე რამდენი ჭრილობა უნდა მიმეყენებინა მისთვის. ვიყიდე კაბა რომელიც ზუსტად ვიცოდი, რომ მოეწონებოდა და ერთ ზაფხულის ცხელ ღამეს სახურავის ასასვლელთან ჩავუსაფრდი.

რჩევა – თუ გადაწყვეტთ მოკლათ კარლსონი, მიიპატიჟეთ სახლში, ხოლო თუ ის თქვენს ნახვას თავს ისევე არიდებს, როგორც ამას ჩემი აკეთებდა, მაშინ ნუ ჩაიცვამთ მაღალ ქუსლებს–სახურავზე აძვრომისას ის საკმაოდ მოუხერხებელია.

ლოდინმა დიდხანს მომიწია, თან ძალიან ვნერვიულობდი და ყოველწამს სარკეში ვამოწმებდი მაკიაჟი ხომ არ გამეთხაპნა. მინდოდა მოვწონებოდი და საბოლოოდ ენანა, რომ ასე დამივიწყა. დანების შემოწმებისას შემთხვევით ხელი გავიჭერი და კაბა დავისვარე. სახვევიც არ მქონდა, სისხლი ავილოკე... „ალბათ კარლსონს გემრიელი სისხლი აქვს, რომ მოვკლავ შევინახავ და გამოვიზოგავ, რომ მისი მონატრება ადვილად გადავიტანო“.

სანამ მე ვფიქრობდი რომელ თაროზე შემოვდებდი მისი სისხლით სავსე ქილას, კარლსონიც გამოჩნდა. ნასვამი იყო და რაღაც ხალხურ სიმღერას ღიღინებდა, ფეხსაც ურევდა.

„როგორ არ მიმართლებს, მე ხომ ფხიზელი კარლსონი მოკვლა მინდოდა“– გავიფიქრე და უკან მიბრუნება გადავწყვიტე.

„–ბუშკი, აქ ხარ?“

მაინც რა კარგი ყნოსვა აქვთ ამ კარლსონებს, ვერაფერს დაუმალავ.

„–ხო, გელოდებოდი“– დანებით სავსე ჩანთას ელვა შევუკარი და მისკენ გავემართე...

„–რა ლამაზი ხარ ბუშკი.. გახსოვს მარტში რომ გაგიცანი, დიდი , ლურჯი ბათინკები გეცვა“– ხელს მხვევს და თვალებში მიყურებს.

„– შენ კი ცისფერი მაიკა, ზედ საკუთარი პორტრეტით“– მის ხელს ვიშორებ და ოდნავ მოშორებით ვჯდები.

ყოველთვის მიბუჟდება სხეული როცა ასე მიყურებს, სულ მინდა თვალებზე ვაკოცო, ხელს რომ მკიდებს მაგასაც ვერ ვიტან, მიყვარს მისი ხელები, ლამაზი აქვს და თხელი. მერე მახსენდება როგორ ვიჯექი და საათობით ვუყურებდი მის ხელებს ფოტოზე, წარმოვიდგენდი როგორ მეფერება, ის კი ამ დროს სიტყვასაც არ მწერდა. მაინც უნდა მოვკლა! ცოტა წამოვიწიე და გაბუჟებამაც გამიარა. ეს კი ზის, მხიარულია და იხსენებს როგორ გავიცანით ერთმანეთი.

„–პირველი გაცნობისას რომ მემშვიდობებოდი, კისერში მაკოცე“– ისევ თვითკმაყოფილი ღილიმი აქვს.

„– შემთხვევით მომივიდა, შენ ჩამეხუტე ძალიან მაგრად და მეც ლოყას ავცდი“ – მეცინება, მართლა ეგრე იყო, თუმცა უკვე მიყვარდა მაშინ. რომ წამოვედი მთელი დღე ვუყვებოდი მეგობრებს, როგორ ვაკოცე შემთხვევით კარლსონს კისერზე, მეგონა ვერც იგრძნო, თურმე როგორ ახსოვს...ხელი სულ ჩანთაზე მიჭირავს, თითქოს ეს დანები სადღაც გაიქცევიან.

„–მაჩვენე ერთი ბუშკი შენი დანების კოლექცია“– გაოცებისგან გავშეშდი და ვერ ვხვდები რა ვუპასუხო, საიდან გაიგო დანებზე??

„–ბუშკი, ხომ არ დაგავიწყდა, მე შენს ქვეცნობიერში ვარ, ვიცი რომ ჩემი მოკვლა გინდა“– რატომღაც ისევ იღიმის, ისეთი სახე აქვს, როგორიც ბებიაჩემს ჰქონდა რამე ბავშვურ ხულიგნობაზე რომ წამასწრებდა.

„– შენ რა, არ გჯერა რომ შევძლებ?!!“– წამოვდექი და ჩანთის გახსნა დავიწყე.

„– ვერ შეძლებ ბუშკი, იმიტომ რომ შენ მშიშარა ხარ, ტკივილის გეშინია– პოლიპები ვერ ამოგიჭრია, არადა გული გაწუხებს უკვე, მუცლის ტკივილის გამო გული მიგდის და კეტანოლით და ნოშპით გაქვს ჩანთა სულ გამოტენილი. Chemical brothers-ის ლაივი დაიკიდე და კარავში წახვედი დასაძინებლად, იმიტომ რომ ფეხები გტკიოდა. მე კიდევ შენი ყველაზე მტკივნეული ნაწილი ვარ, მოფერებაც კი გტკივა და დანით როგორ მომიჭრი??“– უსინდისოდაა წამოწოლილი და უვარსკვლავებო ცას უყურებს. მე ისევ ვჯდები და ჩანთას გვერდზე ვდებ.

„– გახსოვს პირველი ნახვის მერე მომწერე, რომ სურნელოვანი ვარ და ჩემს თმაზე გიჟდები, რატომ შეიცვალა ასე ყველაფერი?“

„–იმიტომ , რომ მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ. შენ კი შენს თავს დაარწმუნე, რომ კარლსონი ვარ. არ ვიცი, ალბათ კარგად უნდა გადაემალა მამაშენს წიგნები თავის დროს, რას გადააკვდი ამ ლინდგრენს, არ არსებობენ ეს კარლსონები! შემომხედე ბუშკი! მე პატარა არ ვარ, არც პროპელერი მაქვს, და ეს ღიპიც ხინკლის ჭამით დავიდე“– დგება და ვხედავ რომ ძალიან მაღალი ყოფილა, ასეთი პატარა რატომ მეჩვენებოდა??–„მე რამე მოგატყუე ბუშკი? არაფერი. ხომ გითხარი, შენნაირი მეგობარი მყავს მილიონი, ვირტუალური ფლირტები მიყვარს, არასრულფასოვნების კომპლექსიც მაწუხებს და უმუშევარიც ვარ. სკოლაში ოროსანი ვიყავი და პროპელერიც არასდროს მქონია. გაახილე თვალები, გაახილე!!“–– გიჟივით მაჯანჯღარებს , მე კი ისტერიულად ვიცინი და წამოდგომა არ შემიძლია, თვალებსაც ვერ ვახელ, ხელის კვრაც არ გამომდის, მთელი სხეული გაბუჟებული მაქვს, ქუთუთოები მძიმე. მარტო სიცილი შემიძლია, ან იქნებ ვტირი?? ვეღარ ვარჩევ...

უცბად მაგრად დამარტყა სახეში და ფეხზე წამოვხტი. გარშემო ხალხი დგას და ვინც მე დამარტყა პატრულია და არა კარლსონი. დილაა. კი მაგრამ, კარლსონი სადღაა? ვფიქრობ და ხალხში ვეძებ. ჩემგან 5 მეტრის დაშორებით გდია სისხლიანი პროპელერი და საკაცით გაჰყავთ ვიღაც. სახეზე გადაფარებული აქვს, ესე იგი უკვე მკვდარია. ჩემს სხეულზე ბრძოლის კვალს ვერ ვპულობ, ახალი კაბაც კი ხელშეუხებელია, სისხლის ლაქებს თუ არ გავითვალისწინებთ. ნუთუ თავსაც არ იცავდა?? დანები ირგვლივაა მიმოფანტული, თეთრხელთათმანიანი ქალი აგროვებს და პარკებში აწყობს სათითაოდ... ნეტავ რათ უნდათ ეს ნივთმტკიცებულებები?– მე ხომ უკვე ვაღიარე დანაშაული.

სახურავის ერთი კიდე თავისუფალია ხალხისგან და უცბად თუ დავუსხლტები პატრულს, გადახტომას შევძლებ. მაგრამ ვერ გადამიწყვეტია კიდისკენ გავიქცე, თუ საკაცისკენ და სახეზე გადავხადო – ხომ უნდა ვიცოდე, ჩვეულებრივი ბიჭი მოვკალი თუ კარლსონი?? მაგრამ 5 მეტრის დაშორებით სისხლიანი პროპელერი გდია.. „რას წუწუნებდა, სულაც არ ჰქონდა პატარა“– ვფიქრობ და პატრულს ხელიდან ვუსხლტები. სულ ერთი ნახტომიღაა დარჩენილი, ვეღარ შემაჩერებენ.

დიახ, მე უკვე გავიზარდე.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული