• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

როგორ ვთქვა

×
ავტორის გვერდი სემუელ ბეკეტი 06 მარტი, 2018 2081
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
 
მე ეს გზა ვარ ქვიშა რომ გადის
რიყესა და დიუნს შორის
ზაფხულის წვიმა აწვიმს ჩემს ცხოვრებას
ჩემი ცხოვრება მაწვიმს რომ გამირბის მესხმის
და მიილევა დღე თავისივე დასაწყისით
 
გამოჩნდი ძვირფასო წამო და გხედავ
მაგ ნისლის ფარდაში უკან რომ იხევს
როდესაც აღარ მომიწევს ვტკეპნო ეს გრძელი მოძრავი ზღურბლები
და ვიცხოვრებ ჟამს იმ კარისას
რომ იღება და იხურება
 
 
 
*
 
რას ვიზამდი ამ სამყაროს გარეშე უსახო და უკითხვებო
სადაც ყოფა მხოლოდ ერთ წამს გრძელდება სადაც ყოველი წამი
იღვრება სიცარიელეში ნამყოფობის დავიწყებაში
ამ ტალღის გარეშე სადაც ბოლოს
ტანი და ჩრდილი ერთად შთაინთქმებიან
რას ვიზამდი ამ მდუმარების გარეშე ჩურჩულთა ნაპრალი
მრისხანე ქოშინით ხსნის სიყვარულის მიმართულებით
ამ ცის გარეშე თავის სამძიმთა
მტვერს რომ დაჰყურებს
 
რას ვიზამდი ვიზამდი რასაც გუშინ ვშვებოდი რასაც დღეს ვშვები
გავიხედავდი ჩემი სარკმლიდან თუ მარტო არ ვარ
მეხეტიალა და მებრზრიალა შორს შორს მთელი ცხოვრებისგან
ტაკიმასხარა სივრცეში
უხმო ხმებით გარემოცული
ჩემთან ერთად რომ გამოკეტეს
 
 
 
 
*
 
ვინატრებდი ჩემი სიყვარულის სიკვდილს
რომ მოეწვიმა სასაფლაოზე
და ვიწრო ქუჩებზე რომლებსაც გავდივარ
დავტირი იმას ვისაც ეგონა ვუყვარდი
 
 
 
 
 
რაუნდელეი
 
ყველაზე ვინც ირიყება
დღის მიწურულს
მხოლოდ ნაბიჯების ხმა
ხმა გრძელი ეული
სანამ დაუპატიჟებლად რჩება
მერე ხმა წყდება
ყველაზე ვინც ირიყება
გრძელი სიჩუმეა სრული
სანამ დაუპატიჟებლად მიდის
მხოლოდ ნაბიჯები ისმის
ხმა გრძელი ეული
ყველაზე ვინც ირიყება
დღის მიწურულს
 
*
 
ერთ უკუნ ღამით
უჩამიჩუმოდ
ამოიხედა მან
თავის წიგნიდან
 
იმ სიბნელიდან
სხვა სიბნელეს რომ დამოწმებოდა
 
სანამ შორით
მიინავლნენ
თვალები
 
უჩამიჩუმოდ
 
სანამ შორით
მისი წიგნი ისე
თითქოს არა მის ხელში
ხელი მისაზე
ძლივს დაიხურა
 
ავად თუ კარგად
 
ავად და კარგად
 
 
 
 
 
როგორ ვთქვა
 
სიგიჟე -
სიგიჟე ასე რომ -
ასე რომ - 
როგორ ვთქვა - 
სიგიჟე რომ ასე - 
მას მერე - 
სიგიჟე მას მერე რაც -
რაც ვიცი -
სიგიჟე რაც ვიცი რომ ასე -
ნანახი - 
სიგიჟე ნანახი ეს -
ეს -
როგორ ვთქვა - 
აი ეს - 
აი ეგ ეს -
ეს ეგ ეგ -
აი ეს ეგ ეს ყველაფერი -
სიგიჟე რაც ვიცი ეს ყველაფერი -
ნანახი -
სიგიჟე ნანახი ეს ეგ ეს ყველაფერი რომ ასე -
ასე რომ -
როგორ ვთქვა - 
დანახული - 
თვალმოკრული -
თითქოს თვალმოკრული -
თითქოს თვალმოკვრის სურვილი -
სიგიჟე რომ გინდოდეს თითქოს თვალი მოკრა რას -
რას -
როგორ ვთქვა - 
და სად -
რომ გინდოდეს თითქოს თვალმოკრული რა სად -
სად -
როგორ ვთქვა -
იქ -
აი იქ -
შორს -
შორს იქ აი იქ -
ძლივს -
შორს იქ აი იქ ძლივს რა - 
როგორ ვთქვა -
ხილული ეს ყოველი -
ყოველი ეს ეგ ეს -
სიგიჟე რომ იხილო რა -
თვალმოკრული -
თითქოს თვალმოკრული -
თითქოს თვალმოკვრის სურვილი -
შორს იქ აი იქ ძლივს რა -
სიგიჟე რომ იქ გსურდეს გეგონოს თვალი მოკარი რას -
რას -
როგორ ვთქვა -
 
როგორ ვთქვა
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული