თარგმანი: მარიამ მერკვილაძე
საბავშვო ბაღის დაწყების პირველივე დღეს ჩემმა ვაჟმა ლორიმ უარი განაცხადა ველვეტის კომბინიზონის ჩაცმასა და ბავშვის წინსაფრის გაკეთებაზე და ლურჯი ჯინსისა და ქამრის ტარება დაიჩემა. პირველივე დილას ჩემს უფროს ქალიშვილთან ერთად ვაცილებდი და სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი დასრულდა. ჩემი ტკბილხმიანი, ბაგა-ბაღის პაწაწინა ბიჭუნა ჩაანაცვლა გრძელ, ჩაჩაჩულშარვლიანმა პერსონაჟმა, რომელსაც ბაღში გაცილებისას დაავიწყდა ძველებურად მოსახვევთან გაჩერება, ჩემთვის ხელის დაქნევა და ტკბილად დამშვიდობება.
საბავშვო ბაღის დაწყების პირველივე დღეს სახლში დაბრუნებულმა ლორიმ კარი ხმაურიანად გააღო და მოიჯახეუნა, კეპი იატაკზე მოისროლა და მოულოდნელად, ხრინწიანი ხმით დაიყვირა - არის აქ ვინმე?
ლანჩის დროს ის მამამისს უხეშად და უპატივცემულოდ ესაუბრა, თავისი ჩვილი დის რძე დააქცია და აქვე აღნიშნა, რომ მასწავლებლის თქმით, ღმერთის სახელის უადგილოდ, ან უპატივცემულოდ მოხსენიება არ შეიძლებოდა.
- როგორ ჩაიარა დღემ საბავშვო ბაღში? - ვკითხე საგულდაგულოდ და ფრთხილად შერჩეული ტონით.
- არაუშავდა, - თქვა მან.
- ისწავლე რამე? - ჰკითხა მამამისმა.
- რამე არ მისწავლია, - თქვა ლორიმ.
- არაფერი მისწავლია, - შევუსწორე.
- სხვათაშორის, მასწავლებელმა დღეს ერთ ბიჭს ტრაკზე მიცხო, - თქვა და კარაქიანი პური ჩაკბიჩა. - უხეშობის გამო, - დაამატა გამოტენილი პირით.
- რა ჩაიდინა? - ვკითხე, - ვინ იყო?
ლორი ცოტახანს დაფიქრდა. - ჩარლი იყო, - თქვა მან. - ის უხეში იყო. მასწავლებელმა ტრაკზე მიცხო და კუთხეში დააყენა. საშინლად უხეში და ბრაზიანი იყო.
- რა ჩაიდინა? - ისევ ვკითხე, მაგრამ ლორი სკამიდან ჩამოცურდა, ორცხობილა აიღო და სანამ მამამისი ეუბნებოდა „აქ მოდი, ახალგაზრდავო“, წავიდა.
მეორე დღეს როგორც კი ლორი ლანჩისთვის მაგიდას მიუჯდა აღნიშნა:
- ჩარლზი დღესაც ცუდად იქცეოდა. - კბილები დაკრიჭა, ფართოდ გაიღიმა და თქვა, - დღეს ჩარლზმა მასწავლებელს დაარტყა.
- ღმერთო ჩემო! - ვთქვი მე ამ ფრაზის და ღმერთის სახელი ხსენების სრული გაცნობიერებით, - იმედია კვლავ დაისაჯა.
- ჰო, აბა! - თქვა ლორიმ. - ზემოთ ახედე, - უთხრა მამამისს.
- რა? - თქვა მამამისმა და თან ზემოთ აიხედა.
- ქვემოთ დაიხედე, - უთხრა ლორიმ. - ჩემს ცერა თითს შეხედე. ჰეჰეჰე, რა სულელი ხარ! - შეშლილივით იცინოდა.
- რატომ დაარტყა ჩარლზმა მასწავლებელს? - ვკითხე.
- იმიტომ, რომ მასწავლებელი მას წითელი ფანქრით გაფერადებას აიძულებდა, - თქვა ლორიმ. - ჩარლზს მწვანე ფანქრებით უნდოდა გაფერადება და ამიტომ დაარტყა მასწავლებელს და მან ჩარლზს ტრაკზე მიცხო და თქვა არავის ეთამაშა ჩარლზთან, მაგრამ მაინც ყველა ეთამაშა მას.
მესამე დღეს - ეს იყო პირველი კვირის ოთხშაბათი, როცა ჩარლზმა აიწონა-დაიწონაზე ქანაობისას მისი ერთი მხარე პატარა გოგოს თავში ჩაარტყა და სისხლი ადინა და მასწავლებელმა ის მთელი შესვენების განმავლობაში საკლასო ოთახში ჩაკეტა. ხუთშაბათს ჩარლზს კითხვის საათის დროს კუთხეში მოუწია დგომა, რადგან კითხვის საათის დროს ფეხებს გაუჩერებლად აბაკუნებდა იატაკზე. პარასკევს დაფაზე წერის და ხატვის პრივილეგია ჩამოერთვა, რადგან ცარცს აქეთ-იქით ისროდა.
შაბათს ჩემს მეუღლეს ვუთხარი, - ხომ არ ფირობ, რომ ეს ბაღი ლორისთვის ძალიან შეუფერებელია და მასზე ცუდ გავლენას ახდენს? მთელი მისი უხეშობა, ცუდი ლექსიკა და გრამატიკა, ეს ჩარლზი - ეს ყველაფერი ცუდ გავლენას ახდენს მასზე.
- ყველაფერი კარგად იქნება, - დამარწმუნა მან, - ჩარლზისნაირებს ადრე თუ გვიან მაინც შეხვდებოდა ლორი.
ორშაბათს ლორი სახლში ჩვეულებრივზე გვიან დაბრუნდა. ეტყობოდა, რომ ახალი ამბები დაუგროვდა მოსაყოლად. .
- ჩარლზი! - ყვიროდა სახლში შემოსვლამდე. მე კიბეებთან ველოდებოდი. - ჩარლზი! - ყვიროდა ლორი, - ჩარლზი კვლავ ცუდად მოიქცა.
- სახლში შემოდი! - მაშინვე ვუთხარი, როგორც კი მომიახლოვდა. - ლანჩი გელოდება.
- იცი ჩარლზმა რა გააკეთა? - დაჟინებით მიყურებდა და მომყვებოდა კარისკენ. - ჩარლზი ისეთ ხმაზე ყვროდა სკოლაში, რომ პირველი კლასიდან ვიღაც ბიჭი გამოგვიგზავნეს მასწავლებლისთვის გადაეცა ჩარლზი დაეწყნარებიდან, ხოდა ჩარლზი გაკვეთილების შემდეგაც ბაღში დატოვეს. ხოდა, ყველა ჩვენც მასთან ერთად დაგვტოვეს, რომ მისთვის გვედარაჯა.
- თვითონ ჩარლზი რას აკეტებდა ამ დროს? - ვკითხე მე.
- უბრალოდ იჯდა. - თქვა ლორიმ და თან სკამზე ცოცდებოდა მაგიდასთან დასაჯდომად. - გამარჯობა მაა, შე იატაკის მტვრიანო ჩვარო! ჰეჰე...
- ჩარლზი დღეს გაკვეთილების შემდეგ ბაღში დატოვეს, - ვუთხარი ჩემს მეუღლეს, - ყველა მასთან ერთად დარჩა.
- როგორ გამოიყურება ჩარლზი? - ჰკითხა ჩემმა მეუღლემ ლორის. - რა გვარია?
- ჩემზე მაღალია, - თქვა ლორიმ, - და მას არ აქვს საშლელები და ის არასდროს ატარებს ჟაკეტს.
ორშაბათ საღამოს პირველი მშობელთა კრება იყო და მხოლოდ იმის გამო ვერ წავედი, რომ ჩემი უმცროსი შვილი გაციებული იყო. მთელი გულით მინდოდა ჩარლზის დედასთან შეხვედრა. სამშაბათს მოულოდნელად ლორიმ განაცხადა:
- დღეს ჩვენი მასწავლებელის მეგობარი მოვიდა.
- ჩარლზის დედა? - ერთდოულად ვიკითხეთ მე და ჩემმა მეუღლემ.
- ნწუუ, - თქვა ლორიმ დამცინავი ტონით, - ვიღაც კაცი იყო. ვარჯიშების გაკეთება დაგვაძალა, ჩვენ ჩვენს ფეხის ცერებს უნდა შევხებოდით. შეხედეთ, - ჩამოცოცდა თავის სკამიდან, ჩაიბუქნა და ფეხის ცერებს შეეხო. - აი, ასე. - თქვა მან. ის კვლავ აცოცდა თავის სკამზე და სერიოზული გამომეტყველებით თქვა: - ჩარლზს დღეს ერთი ვარჯიშიც არ გაუკეთებია.
- არაუშავს, - თბილად ვთქვი მე. - არ უნდოდა ვარჯიში?
- ნწუუ... არა, - თქვა ლორიმ, - ჩარლზი ისე ეუხეშებოდა მასწავლებლის მეგობარს, რომ ნება არ დართეს ევარჯიშა.
- ისევ უხეშობდა? - ვკითხე მე.
- მან მასწავლებლის მეგობარს დაარტყა, - თქვა ლორიმ. - მასწავლებლის მეგობარმა უთხრა ჩარლზს ფეხის ცერებს შეეხეო, ზუსტად ისე, როგორც მე გავაკეთე და ჩარლზმა მას დაარტყა.
ლორიმ მხრები აიჩეჩა, - გააგდებენ სკოლიდნ მემგონი.
ორშაბათს და ხუთშაბათს ჩვეულებისამებრ, ჩარლზი ყვიროდა კითხვის საათის დროს, ერთ ბიჭს მუცელში ჩაარყა და ატირა. პარასკევს ჩარლზი კვლავ დატოვეს საბავშვო ბაღში გაკვეთილების შემდეგ და დატოვეს დანარჩენებიც.
საბავშვო ბაღის დაწყების მესამე კვირიდან ჩარლზი ოჯახში ინსტიტუციად იქცა. თუ შუადღეს ბავშვი ტიროდა, ესეიგი ის ჩარლზივით იქცეოდა. ლორი ჩარლზივით იქცეოდა, როცა სათამაშო ვაგონი ტალახით გამოტენა და მთელს სამზარეულოში ათრია. ჩემმა მეუღლემაც კი, როცა იდაყვი ტელეფონის შნურს/სადენს გამოკრა და ტელეფონი, საფერფლე და ყვავილებით სავსე დოქი ძირს დაანარცხა, მაშინვე თქვაჩარლზივით მოვიქეციო.
მესამე და მეოთხე კვირეებში როგორც ჩანს, ჩარლზი შეიცვალა. ლორიმ მესამე კვირის ხუთშაბათს ლანჩის დროს სიცილით თქვა: - ჩარლზი დღეს კარგად იქცეოდა და მასწავლებელმა მას ვაშლი მისცა.
- რა? ჩარლზი? გაოცებულმა ვთქვი.
- ნამდვილად მასზე საუბრობ? - ჩაერთო მამამისი.
- ჰო, ჩარლზი.- მან ყველას დაურიგა ფერადი ფანქრები, მერე ყველა წიგნი აკრიფა ძირს რაც ეყარა და მასწავლებელმა უთხრა ჩემი დამხმარე ხარო.
- როგორ მოხდა?! - ვთქვი მე და თან ვერ ვიჯერებდი რასაც ვისმენდი.
- ის მასწავლებლის დამხმარე იყო, ეს იყო და ეს, - თქვა ლორიმ მხრების აჩეჩვით.
- ეს ყველაფერი ჩარლზზე მართალია? - ვკითხე იმ ღამეს მეუღლეს. - ასეთი რამ მართლა შესაძლებელია მომხდარიყო?
- აცადე, ჯერ სად ხარ. - როცა ჩარლზთან გვაქვს საქმე მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. შეიძლება, შეთქმულებას ამზადებს. - თქვა მან ცინიკურად.
როგორც ჩანს, ჩემი მეუღლე ცდებოდა. მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში ჩარლზი მასწავლებლის დამხმარე იყო. ყოველ დღე მას ძირს დავარდნილ ნივთებს აწვდიდა, ხან ყველას უნაწილებდა, ხან ძირიდან კრეფდა და თავის ადგილას ალაგებდა. არავის აღარ უწევდა მის გამო გაკვეთილების შემდეგ ბაღში დარჩენა.
- მომდევნო კვირაშიც მშობელთა კრებაა, - ვუთხარი ჩემს მეუღლეს ერთ საღამოს. - იქნებ, ჩარლზის დედას შევხვდე. მის პოვნას ვაპირებ.
- ჰკითხე ერთი, რა დაემართა ჩარლზს, - თქვა მან. - ძალიან მაინტერესებს.
- მე თვითონაც მაინტერესებს, - ვთქვი მე.
მომდევნო კვირის პარასკევიდან ყველაფერი კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა.
- იცი დღეს ჩარლზმა რა გააკეთა? - ცოტა მორიდებით თქვა ლანჩის დროს, - მან გოგოს უთხრა რაღაც სიტყვა გაემეორა, მანაც თქვა და მასწავლებელმა მას პირი საპნით გამოურეცხა. და ჩარლზი იცინოდა.
- რა სიტყვა? - დაუფიქრებლად იკითხა მამამისმა. - ყურში უნდა ჩაგჩურჩულო, ისეთი ცუდი სიტყვაა. - ჩამოცოცდა თავის სკამიდან და მამამისთან მივიდა. მამამისს თვალები გაუფართოვდა.
- ჩარლზმა პატარა გოგოს მართლა ეს ათქმევინა? - მოკრძალებით ჰკითხა ლორის.
- გოგომ ეს ორჯერ გაიმეორა, - თქვა ლორიმ. - ჩარლზმა უთხრა ორჯერ გაემეორეა.
- ჩარლზს რა ბედი ეწია? - იკითხა ჩემმა მეუღლემ.
- არაფერი, - თქვა ლორიმ. ფერად ფანქრებს არიგებდა და იცინოდა.
ორშაბათ დილით ჩარლზმა პატარა გოგოს თავი დაანება და თვითონ თქვა ის საშინელი სიტყვა სამჯერ თუ ოთხჯერ და პირი მასაც საპნით გამოურეცხეს. ის ცარცსაც ისროდა აქეთ-იქით.
იმ საღამოს ჩემმა მეუღლემ გამაცილა მშობელთა კრებაზე.
- დაპატიჟე დედამისი ჩვენთან ჩაიზე შეხვედრის შემდეგ, მინდა ვნახო. - დამაბარა.
- ნეტავ იქ იყოს, - ვთქვი მე თითქმის ლოცვით.
- იქ იქნება, - დამამშვიდა მეუღლემ. - ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მშობელთა კრება მის გარეშე ჩატარდეს.
მთელი შეხვედრის განმავლობაში მოუსვენრად ვიჯექი, ვათვალიერებდი ყველას, ვაკვირდებოდი მათ სახეებს და ვცდილობდი, მათში ჩარლზის დედა ამომეცნო. არავინ მეჩვენებოდა ჩარლზის დედობისთვის კვალობაზე საკმარისად დაქანცულად. მთელი შეხვედრის განმავლობაში არავის მოუხდია ბოდიში ჩარლზის ასეთი ყოფაქცევისთვის. და საერთოდ, არავის უხსენებია ჩარლზი.
შეხვედრის შემდეგ ვიცანი ლორის მასწავლებელი და მასთან მივედი. მას ფინჯანი ჩაი და შოკოლადის ნამცხვარი ეჭირა. მეც ფინჯანი ჩაი და მარმალადის ნამცხვარი მქონდა. ერთმანეთს ფრთხილად,ღიმილით მივუახლოვდით.
- მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, - ვუთხარი - მე ლორის დედა ვარ.
- ჩვენ ყველა დაინტერესებულები ვართ ლორით, - თქვა მან.
- მას აშკარად ძალიან მოსწონს საბავშვო ბაღი, სულ მასზე ლაპარაკობს. - ვთქვი მე..
- პირველ კვირეებში შეგუების და ადაპტაციის პრობლემები გვქონდა, - მოკრძალებით მითხრა მან, - მაგრამ ახლა ის ჩემი დამხმარეა. დროდადრო ლაფსუსებიც იჩენს ხოლმე თავს და დესტრუქციული ქცევაც აქვს ხოლმე, რა თქმა უნდა.
- ლორი ძირითადად, მალევე ეგუებაგარემოს, - ვთქვი მე. - ვფიქრობ, ამჯერად ეს ჩარლზის გავლენაა.
- ჩარლზი?
- დიახ, - ვთქვი მე სიცილით. - ალბათ თქვენ ჩარლზის აღზრდაში თავიდან ფეხებამდე ხართ ჩართული.
- ჩარლზი? - კვლავ იკითხა მან. - ჩვენთან არავინ სწავლობს ამ სახელით.