უცნაურად გამოიყურება, დილის ოთხი საათია და არაფერი სძულს, მეც მინდა ასეთი უდარდელი ვიყო. ლმობიერია, დარწმუნებული ვარ კეთილშობილიც, ვუყვარვარ, ორმოცჯერ დავიფიცებ რომ ვუყვარვარ და მელის. ქუჩაში – ცარიელია, სჯობს სანამ დროა მივიდე, მივესალმო, მოვიკითხო – უნდა მახსოვდეს პირისპირ არ დავუდგე, არყის სუნი თუ იგრძნო იფიქრებს ჩვეულებრივი ლოთი ვარ და არაფერი გამაჩნია, არადა იმდენი ფული მაქვს სამჯერ დავარტყამ დედამიწას წრეს.
სმირნოვი, უბრალოდ დილის ოთხ საათზე არ უნდა დავლიო, ჰო აჯობებს საერთოდაც არ მოვყლურწო, მხოლოდ კვერცხი გავხვრიტო, მოვიყუდო და სავარჯიშოდ გავქანდე, უფრო სწორედ აქეთკენ გამოვიქცე.
ჩემმა ყოფილმა აღარ გიყვარვარო, არც მუსიკა გაინტერესებს და აღარც ჩემი ლექსებიო, სექსი რომ სექსია, მაგაშიც მოკვდი და სულიერადაც ისეთივე რახიტი ხარ, როგორსაც სარკეში ხედავ თავსო.
ბერლინის ცა, აი, ჩემი ერთადერთი მეგობარი, ნამთვრალევი რომ ახედავ და არ შეგეზიზღება, და ჰო ის კაცი დილის ოთხ საათზეც გმირულად რომ დგას და მელოდება.
მისი გულისთვის თავის დაბანაც ღირდა, მიხვდებოდა თუ რა ინტელიგენტი ვარ. ქალი ავირჩიეო მე უნდა ვთქვა, მთელი ღამის მანძილზე ოთხჯერ მაინც ვჭირდები, ხოლო ერთხელ ძალით გამბანოს არ შეუძლია, ასე უფრო პოეტური ხარო მეუბნება და რათქმაუნდა მატყუებს.
აქ მოსვლამდე სახლში ბიბლია წავიკითხე, კიდევ ერთხელ ვიწამე და დათრგუნული მოვედე ქუჩებს. ჯიბეები ჩემი საყვარელი პორნო სურათებით გავიჯერე, რომელზეც წმინდანები ისე ლამაზად გამოიყურებოდნენ ვფიცავ შეგშურდებოდათ. მივაკარ – მოვაკარი და ახლა აქ ვარ, შევცქერი მას, თმები რომ დაუსველებია და თითქოს ვეღარ მხედავს. მე ხომ არც ერთხელ მიღალატია მისთვის, მთელი წელია აზრიც არ გამივლია თავში.
ღმერთო ჩემო, რომ იცოდე როგორ მწამს, როგორც მსურს მუხლებდახეთქილი ჯვართან ვიბღავლო და არაფერი გავაპროტესტო. ბიბლიით ხელში მოვიარო ცხვრების ფარა და ყველას სათითაოდ ერთი ბოთლი სმირნოვი დავურიგო ან უკეთესი თითო–თითო კვერცხი ვუწილადო, შუაზე რომ გადატეხონ, შიგთავსი ამოასუფთავონ და ჯანმრთელი სხეულით შეეგებონ სიკვდილს, რომელიც აუცილებლად მოვა.
მისი დიდი ხანია აღარ მეშინია, სიმართლე გითხრათ ვერც ვიხსნებ როდის მეშინოდა. ალბათ ამიტომ ვარ ასეთი მამაცი, დანით ხელში რომ შემიძლია 100 კაციან ჯგროს შევებრძოლო. ეს ჟურნალისტები კი ვერაფერს ხვდებიან, ენა გადმოუგდიათ და ჩემს ბინძურ თმებს ელოლიავებიან.
კიდევ ერთი ყლუპიც და მორჩება წამება, გავბედავ ქუჩის გადაჭრას და ამ ღამესაც ისე მოვესიყვარულები, თითქოს ქალწულის საშო გააჩნდეს, რომელსაც მხოლოდ სიზმრებში თუღა ვხედავ. სიყვარული უნდა შემოვიდეს ჩვენში, გააპოს ეს უსამართლო ბედისწერა და არასდროს დაგვანებოს თავი, როგორც მზრუნველმა დედამ ან უფრო უკეთესი ღმერთმა, ჩემმა, ჩვენმა ერთადერთმა ღმერთმა, ალილუია.
ხანდახან მგონია 10 სანტიმეტრით ასფალტს ვშორდები, პატარა ბავშვებს ტკბილეულს ვუწოდებ და ასე გახარებული დავფრინავ იმ ქუჩებში სადაც ანგელოზების ბოლო გუნდი მეგულება. ვერსად ვიპოვნე თორემ აღსარებას ჩავაბარებდი. ეჰჰ არაფერია, ბიბლიით შეიარაღებული შენიანად არავინ აღგიქვამს, ყველაფერს აჯობებდა ერთი ბოთლი მთლიანად გამომეცალა, ხელში ძველებური ავტომატი ამეღო და სადაც ანგელოზების ჯგროს წავაწყდებოდი ეგრევე ბოლო მომეღო მათვის.
რა უცნაური ნიავია, ნოემბერში ასე თბილად არასდროს დაუბერავს, თვალებიდან ცრემლები მომდის, მხოლოდ არა ჩემი ორგანიზმის მარილიანი წვეთები, არა ბატონებო, არამედ ის სმირნოვი კუჭში რომ აღარ ჩერდება და ამ ორი ნახვრეტიდან აღწევს გარეთ.
მე ნიკ ქეივი ვარ, ამ დაწყველილი ქალაქისთვის უცნობი ნაგავი, მე ნიკ ქეივი ვარ ღვთის ბოლო სიტყვა და იმედი, მე ნიკ ქეივი ვარ მწვანე ბალახზე გაგორებული წითელი ვაშლი და ფუტურისტული კვლევების არა გეომეტრიული შვილი, მე ნიკ ქეივი ვარ თქვენი ბოლო იმედი და საკუთარი თავის ჯალათი.
სადღაც მაღლა სინათლე და პორნო ვარსკვლავების სამოთხეა, რომლებიც ჩემი სულთათანასთვის დიდი ხანია წერენ ნოტებს. ქუჩას გადავჭრი, მივალ და ვეტყვი – ერთი გრამი ჰეროინი ალი, მხოლოდ ერთი გრამი ჰეროინი, ამ დილის ოთხ საათზე ფლიიზ . . .